Accessibility links

logo-print

ჩერნობილის კატასტროფის 20 წლისთავი


ოცი წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს, მაშინ, როცა ევროპელთა უდიდეს ნაწილს ეძინა, საბჭოთა უკრაინაში უპრეცედენტო კატასტროფა მოხდა.



ღამის 1 საათსა და 23 წუთზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორში მომხდარი ავარიის შედეგად გაირღვა რეაქტორის ათასტონიანი სარქველი და ატმოსფეროში გაჟონა რადიაციამ.

კატასტროფის დღეებში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა უპრეცედენტო სამაშველო სამუშაოებში.

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს მოსახლეობა ჩერნობილის რეგიონში?

ჩერნობილიდან ქლაქი სლავუტიჩი 50 კილომეტრით არის დაშორებული. შეიძლება ითქვას, ქალაქი ჩერნობილის კატასტროფის პირმშოა. იგი იმისთვის შეიქმნა, რომ რეაქტორის პერსონალი და მათი ოჯახები შეეფარებინა.

მისი მერი, ვლადიმირ უდოვიჩენკო ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს კატასტროფის შემდეგ უმუშევრად დარჩენილთა შრომითი უზრუნველყოფისთვის.

[უდოვიჩენკოს ხმა] "დღეს მთავარი პრობლემა სლავუტიჩის ბიუჯეტის პრობლემაა. საქმე ეხება არა მხოლოდ სამედიცინო დახმარებას. არ არის სწორი ერთნაირი სტანდარტების გამოყენება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალისა და უკრაინის დანარჩენი მოსახლეობისთვის. აქ, სლავუტიჩში ცხოვრობს 8000 ადამიანი, რომელმაც რაიმე სახით მიიღო მონაწილეობა აფეთქების შეკავებასა და წმენდის სამუშაოებში. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის მთავრობა არ ასრულებს პირობას, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექროსადგურის დახურვისას დადო."

გასული წლის სექტემბერში გაეროს ეგიდით მოქმედმა "ჩერნობილის ფორუმმა" წარმოადგინა ანგარიში ჩერნობილის მემკვიდრეობის შესახებ - 600-გვერდიანი ანალიზი, რომელიც შეიცავს ასობით მეცნიერისა და ექსპერტის ნაშრომებს. ეს არის ყველაზე სრულყოფილი გამოკვლევა ჯანდაცვის, სოციოლოგიის, ეკოლოგიისა და ეკონომიკის სფეროებზე კატასტროფის გავლენის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, უშუალოდ ავარიას 50-ზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა. მაგრამ დროთა განმავლობაში რამდენიმე ათასი შეიძლება დაიღუპოს რადიაციით გამოწვეული კიბოთი.

ჯანდაცვასთან დაკაშვირებით ყველაზე დიდ პრობლემად მაინც რჩება ფსიქიური დაავადებები. ძალზე ძნელია მათი მასშტაბების დადგენა მათი სუბიექტური ბუნების გამო. შეიძლება სწორედ იგივე მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ეს დაავადებები სხვებზე უფრო უგულებელყოფილია.

მწვავე ფსიქოლოგიური მოშლილობები განსაკუთრებით ხშირად შეინიშნება იმ 330 ათასამდე ადამიანს შორის, რომლებიც ევაკუირებულ და შემდგომ სხვა რეგიონებში გადასახლებულ იქნენ.

ექსპერტების აზრით, ამ პრობლემის სათავე არის ინფორმაციის ნაკლებობა. ჩერნობილის გარშემო პირველი დღეებიდან გაჩნდა უნდობლობის ატმოსფერო, რაც დამანგრევლად მოქმედებს მოსახლეობის ფსიქიკაზე.

ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რის სწავლაც შეიძლება ჩერნობილის კატასტროფიდან, სწორედ ის არის, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ხალხს. ინფორმაცია მომხდარის შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცნენ მომავალში, მსგავსი უბედურების განმეორების შემთხთვევაში. მოუსმინეთ ევროპის საბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტს, ანდერს კნაპეს:

[კნაპეს ხმა] "იმდროინდელი რეაქცია ისეთი იყო, თითქოს კატასტროფა უფრო დიდი მასშტაბის ყოფილიყოს ვიდრე ეს დღეს ჩანს. დღეს ვიცით, რომ დაღუპულთა რიცხვი არ ყოფილა ძალიან დიდი. არც იმ ტერიტორიების მასშტაბი ყოფილა ძალიან დიდი, რომელზეც ცხოვრება არ შეიძლება და ა.შ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს დავუბრუნოთ მომავლის იმედი, დავუბრუნოთ მიწა, დავუბრუნოთ მათ ჩერნობილის მახლობლად მუშაობისა და ცხოვრების საშუალება."

მაგრამ პრობლემა მარტო ინფორმაციის ნაკლებობა როდია. "ჩერნობილის ფორუმის" თანახმად, დასხივებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი უკვე გამოსადეგია საცხოვრებლად და ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამიტომ ჩერნობილის მემკვიდრეობის დაძლევა მხოლოდ მოსახლეობის უკან დაბრუნებითა და ნორმალური რიტმის აღდგენით შეიძლება, ვკითხულობთ ანგარიშში.
XS
SM
MD
LG