Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შეიძლება ქალაქების დაცვა მიწისძვრებისგან?


სან-ფრანცისკოს ყურე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია შეერთებულ შტატებში. ამავე დროს იგი ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტაბილურიცაა

სეისმური თვალსაზრისით. ამ კვირაში ამერიკაში აღნიშნავენ სან-ფრანცისკოს ცნობილი მიწისძვრის ასი წლისთავს.

როგორ განაგრძობს ეს რეგიონი ცხოვრებას ახალი მიწისძრის საფრთხის წინაშე? რა გაკვეთილის სწავლა შეუძლიათ სან-ფრანცისკოსგან სხვა სეისმურად აქტიურ რეგიონებს?

გამანადგურებელი მიწისძვრის წინა საღამოს სან-ფრანცისკოს გრანდ ოპერაში იმ დროის უდიდესი ტენორი ენრიკო კარუზო "კარმენში" მღეროდა:

[კარუზოს ხმა]

რამდენიმე საათის შემდეგ კარუზო მიწისძვრას გადარჩენილებთან ერთად ტიროდა ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე. მან პირობა დადო, რომ აღარასოდეს ჩავიდოდა ამ ქალაქში და ასეც მოიქცა.

მიწისძვრა 1906 წლის 18 აპრილს, დილის 5 საათსა და 12 წუთზე მოხდა. რიხტერის სკალა 7,8-ს აჩვენებდა. გრანდ ოპერა და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი შენობა მიწასთან გასწორდა. მიწისძრის შედეგად გაჩენილმა ხანძრებმა კიდევ 28 ათასი ნაგებობა შთანთქა - ქალაქის 75 პროცენტი განადგურდა. დაიღუპა 3000-მდე ადამიანი.

სან-ფრანცისკო მთლიანად იქნა აღდგენილი. მას მერე ქალაქში მრავალი კონსტრუქცია შეიქმნა მიწისძვრასთან გასამკლავებლად.

მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა. ძველი ოპერის შენობა იმიტომაც დაინგრა იოლად, რომ მისი პირველი სართული ღია სივრცეს წარმოადგენდა. სან-ფრანცისკოს მრავალი შენობა დღემდე ამ პრინციპზეა აგებული.

იტალიის ქალაქ პერუჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ალბერტო პარდუჩის თანახმად, რომელიც სეისმურად გამძლე შენობების ექსპერტია, სან ფრანცისკოს ყველაზე უფრო სუსტი ადგილი სწორედ ეს ღია სივრცეებია.

ამ დღეებში სან-ფრანცისკოში საგანგებო კონფერენციაც მიეძღვნა სეისმურად გამძლე არქიტექტურის პრობლემებს. პარდუჩის აზრით, სან-ფრანცისკოსა და იაპონიაში შემუშავებული ახალი ტექნიკა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სეისმურად აქტიური სხვა რეგიონებისთვისაც.

[პარდუჩის ხმა] "შენობა იდგმება მთელ რიგ დეფორმირებად საყრდენებზე, რომლებიც რეზინისა და ფოლადის ფენებს შეიცავს. ისინი შენობას აძლევს ძალზე დაბალი რხევების პირობებში მოძრაობის საშულებას. დაახლოებით ორი-სამი წამის მანძილზე. ამგვარად ხდება მიწის მოძრაობის დინამიური მოწყვეტა შენობის მოძრაობისგან. შენობა ნელა ირხევა, ხდება მიწისძვრის ბიძგების დიდად შესუსტება და ამგვარად შენობის სეისმური გამძლეობა ბევრად ძლიერდება."

ექსპერტების ვარაუდით, სან-ფრანცისკოში ახალი მძლავრი მიწისძვრის ალბათობა შემდგომი 25 წლის მანძილზე დაახლოებით 60 პროცენტია.

7,9-ბალიანი მიწისძვრა 5000-მდე ადამიანის მსხვერპლს გამოიწვევდა და სან ფრანცისკოს 150 მილიარდ დოლარამდე ზარალს მიაყენებდა.

გამოკვლევის ავტორის, ჩარლზ კირხერის თქმით, მსხვერლის უდიდესი ნაწილი გამოწვეული იქნება გაუმაგრებელი ძველი სახლების ან საძირკველთან ცუდად დაკავშირებული შენობების ნგრევით.

დაგვიანებული ხომ არ არის რამის გაკეთება? ექსპერტები სან-ფრანცისკოს მოსახლეობას მოუწოდებენ, თავადვე გაამაგრონ თავიანთი შენობები. თითო შენობის გამაგრება 6-დან 30 ათას დოლარამდე ჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესია ამერიკაში, ასეთ მოწოდებებს მართლაც აქვს აზრი.

მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ქალაქს ემუქრება არა თავად მიწისძვრის, არამედ მის მიერ გამოწვეული ხანძრებიდან, რომელთა მთავარი წყარო დაზიანებული გაზსადენები არის ხოლმე.

კიოტოს უნივერსიტეტში მოღვაწე ამერიკელ ექსპერტს, ჩარლზ სკოუთორნს მოუსმინეთ:

[სკოუთორნის ხმა] "თუკი კოკისპირული წვიმა მოდის და ცივა, ხანძრები ძალზე ნელა გავრცელდება. თუკი, მაგალითად, სექტემბერია - ხანძრისთვის შესაფერი ამინდი - მაშინ, - ღმერთმა დაიფაროს და, თუკი თანაც საკმაოდ უბერავს ქარი, - ხანძარი გაძლიერდება და ქალაქი გადაიბუგება, სანამ ვინმე რამის გაკეთებას მოასწრებდეს."

მაშ რა უნდა გაკეთდეს? სკოუთორნს ძალზე მარტივი რეცეპტი აქვს. სან-ფრანცისკოში იაპონიის მსგავსად უნდა დააყენონ ყველა ბინაში საკუთარი გაზის ონკანი. კალიფორნიის მეტროპოლიაში დღეისთვის ასეთი ონკანები რატომღაც იშვიათობაა.
XS
SM
MD
LG