Accessibility links

logo-print

რა მეთოდებით ცდილობს ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას?


19 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო განცხადება, რომლითაც მხარს უჭერს ”როსპოტრებნადზორის” მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს,

მიმართულს ქართული და მოლდავური ღვინის, სხვა სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების წინააღმდეგ. საქართველოში აღნიშნავენ, რომ დუმის დადგენილებით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვა პოლიტიკური ხასიათისაა. ასეთ ვითარებაში როგორ აპირებს ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას?

[ქუჩაში ღვინის დეგუსტაციის ხმა] "...ამ ჭიქაში პოლიტიკა უფრო მეტია თუ ღვინო? - ღვინო! ფანტასტიური ღვინოა..."

აი, ასეთი შეკითხვებით მიმართავდნენ გამვლელებს 19 აპრილს თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილი ”რეაქციონერები”. ალბათ, გახსოვთ ქართული ინტერნეტსაზოგადოების ცნობილი საპროტესტო აქციები რუსეთის საელჩოს წინ, სახელწოდებით ”რეაქცია”.

[ზაზა მაჭარაშვილის ხმა] ”ქართული ღვინის დეგუსტაციას ვაწყობთ აქ და გვაინტერესებს, რამდენ გრადუს პოლიტიკას შეიცავს. ეს უნდა გავარკვიოთ ახლა და შევთავაზოთ გამვლელ-გამომვლელს დაგვეხმაროს ამის გარკვევაში. “ბორჯომი” დეგუსტაციის აუცილებელი ელემენტია, ეს ერთი და, მეორეც, მე მგონი, ამისი პოლიტიკური შემადგენლობაც რომ გავარკვიოთ, არაა ურიგო.”

ეს არის ”რეაქციის” ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ზაზა მაჭარაშვილი. მან და ქართული სამარკო ღვინოებით ხელდამშვენებულმა სხვა რეაქციონერებმა ღვინის დასაგემოვნებლად ოფიციალური წერილით რუსეთის საელჩოს თანამშრომლებიც დაპატიჟეს.

[ზაზა მაჭარაშვილის ხმა] "თუ საელჩოს შენობას დატოვებენ, მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე იქნებიან. აქ კი არ მოქმედებს რუსეთის სანიტარული სამსახურის აკრძალვები."

სწორედ ასე მოიქცნენ რუსეთიდან საქართველოში ქართული ღვინის კვირეულზე ჩამოსული რუსი ჟურნალისტები და ექსპერტები. 18 აპრილს კახეთში ვენახებისა და ღვინის საწარმოების დასათვალიერებლად ჩასულ სტუმრებს არც ერთი ქართული ღვინის დაგემოვნებაზე არ უთქვამთ უარი. 19 აპრილის დილით კი მათ უმრავლესობას რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ დაწუნებულმა მინერალურმა წყლებმა - “ბორჯომმა” და “ნაბეღლავმა” -ფასდაუდებელი სამსახური გაუწია.

მოსკოვში კი 18 აპრილს კრემლისთვის განკუთვნილი მინერალური წყლის, “ნაბეღლავის”, 90 ათასი ბოთლი დააკავეს. მანამდე, სანიტარული სამსახურის მოთხოვნით, მოსკოვის გარეუბანში მდებარე “ბორჯომის” საბითუმო საწყობები დაილუქა. “ნაბეღლავის” გენერალურ დირექტორს, ირაკლი უშვერიძეს, იმედი აქვს, რომ საქმე მისი პროდუქციის სრულ აკრძალვამდე არ მივა:

[ირაკლი უშვერიძის ხმა] ”ჩვენი წყალი აკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებსაც. თავის მხრივ, ევროკავშირი უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს მწარმოებლებს...”

პრობლემა რომ პროდუქციის ხარისხში არ არის და ქართული ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვა რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამაში მოსკოვიდან ახლახან დაბრუნებული ქართველი ღვინის მწარმოებლებიც დარწმუნდნენ. ისინი რუსეთის დედაქალაქში ღვინის პოპულარიზებისთვის იყვნენ ჩასულები. ქართული ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან კობერიძის განცხადებით, დარწმუნდნენ, რომ ქართული ღვინის აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების ზედა ეშელონებმა მიიღეს:

[ლევან კობერიძის ხმა] "აქ არის სამუშაო ორ ფრონტზე. მუშაობა რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ეს იქნება წარმოებული ჩვენი მხრიდან, ასევე ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. და, იმავდროულად, არის დასაწყები ინტენსიური სამუშაო პროცესი “როსპოტრებნადზორის” დონეზე, რუსეთის ჯანდაცვის სამუშაოს დონეზე და ასე შემდეგ." (სტილი დაცულია)

ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებლებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება კვლავ პრიორიტეტად რჩება. მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგები თითქმის არსად ჩანს.
XS
SM
MD
LG