Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტზე?


უკვე მეცხრამეტე დღეა, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას.

თუმცა საქმიანობა ამ შემთხვევაში მაინც პირობითი სიტყვაა, რადგან იგი, უმთავრესად, საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობასა და მემორანდუმის პირობების დაცვის უზრუნველყოფას ნიშნავს. გამონაკლისია ფრაქცია “მრეწველების” კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობასთან საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. არაერთხელ ითქვა, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისადმი ულტიმატუმის ტონით შეთავაზებული მემორანდუმის პირობები საზოგადოების დაკვეთაა. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რამდენად ეთანხმება თავად საზოგადოება ოპოზიციასა და პოლიტიკური ბრძოლის მის მიერ არჩეულ რადიკალურ მეთოდს.

საპარლამენტო ოპოზიციის ერთსულოვანი პროტესტისა და, შემდგომში უკვე, ბოიკოტის მიზეზი “დემოკრატიული ფრონტის” წევრის ვალერი გელაშვილის პარლამენტიდან დათხოვნა გახდა. ვალერი გელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ცდილობს. მისი თანაგუნდელები კი მოთხოვნათა სპექტრს აფართოებენ და საარჩევნო კანონმდებლობაში დემოკრატიული ცვლილებების შეტანას, მერებისა და რაიონების გამგებელთა პირდაპირი წესით არჩევასა და ეგრეთ წოდებული სიკვდილის ბრიგადების თარეშის გამო მინისტრ მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

[მოქალაქის ხმა] “მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ რამეს მიაღწიოს. არა მგონია, იცით?! ჩვენი ხელისუფლება ისე მაგრად დგას იმ საკითხებში, რომელშიც უნდა იყოს დამთმობი, რომ ცოტა ეჭვი მეპარება. მაგრამ აუცილებელია, საჭიროა. მე მგონი, ჩვენც რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტი, ცუდი არ იქნება.“ (სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს ერთ–ერთი რიგითი თბილისელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის აზრს გამოხატავს. პოლიტიზებული საზოგადოება, საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნების მიმართ ინერტული არ არის. როგორც ყველაფერს, ამასაც თავისი მიზეზები აქვს.

[მოქალაქის ხმა] “ისინიც ასე მსჯელობდნენ მაშინ, მაგრამ ახლა, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, აღარ მომწონს, ბევრი რამე აღარ მომწონს.”

მათ, ანუ ოპოზიციას, ესენი, ანუ უმრავლესობა, ანგარიშგასაწევ ძალად არ მიიჩნევენ. თუმცა ოპოზიციას კონკრეტული საკითხების გარშემო საზოგადოების მობილიზება მაინც შეუძლია. სწორედ ამ გარემოებას ითვალისწინებს ჩვენი შემდგომი რესპონდენტი, როდესაც ამბობს:

[მოქალაქის ხმა] “ოპოზიცია უმწეოა, რა, ჩემი აზრით, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში და პრაქტიკულ შედეგზე არა, მაგრამ ისე შეიძლება რაღაც მომენტებში გაითვალისწინონ, რა, მათი შეხედულებები. ანუ ამით აგრძნობინებს, რომ ხელწამოსაკრავი არ არის. მცდელობა არის ეს, უბრალოდ, თორემ პრაქტიკული შედეგი, მე მგონი, არანაირი არ უნდა მოჰყვეს.“ (სტილი დაცულია)

შედეგებზე ორიენტირებულ ოპოზიციას მოქალაქეთა ერთი ნაწილი ბოიკოტის ნაცვლად მეტ აქტიურობას, ინიციატივიანობას, მოთმინებასა და ხელისუფლებასთან დამაჯერებელი, არგუმენტირებული დიალოგის წარმოებას ურჩევს:

[მოქალაქის ხმა] “ბოიკოტი აუცილებელი არ არის. ალბათ, უფრო დიალოგის გზაა აუცილებელი, კონსტრუქციული დიალოგის, რაღაც შეთანხმებაზე უნდა მივიდეს. თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და რაღაც ალტერნატივა უნდა წარმოადგინოს.“ (სტილი დაცულია)

არსებულის ალტერნატივა ნაწილობრივ წარმოდგენილია, მოთხოვნის სახით, ბოიკოტის პირობებში. ოპოზიციის სამი მოთხოვნიდან ორი საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფასა და მოქალაქის მიერ საარჩევნო უფლების მაქსიმალურად გამოყენებას ეხება.

[კახა სოფრომაძის ხმა] “მე ვამბობ, როგორც არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ ეს პრობლემები, მართლაც, დგას საარჩევნო კოდექსში. ხოლო გზები, როგორ უნდა მიაღწიონ ამას, ეს პოლიტიკოსების საქმეა - ულტიმატუმი იქნება ეს თუ მოლაპარაკებები. მე ვფიქრობ, მაინც ყველა საკითხი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს ეხლა. ულტიმატუმი დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. ეს ცალ კარში თამაშს ჰგავს, ალბათ, საბოლოოდ. ანუ, საბოლოოდ, მაინც დიალოგისკენ უნდა გადაიხაროს პოზიციაც და ოპოზიციაც. ეს უფრო მისაღები იქნება.“ (სტილი დაცულია)

ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საზოგადოების” იურიდიული მრჩეველი კახა სოფრომაძე. მისი ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა საბაზისო პროექტი მერებისა და გამგებლების არჩევითობის წესის შეცვლას არ ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG