Accessibility links

რესპუბლიკურმა პარტიამ ხელისუფლებას სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის თანამშრომლობა შესთავაზა


რესპუბლიკურმა პარტიამ ხელისუფლებას სასამართლო სისტემის რეფორმირების საქმეში თანამშრომლობა შესთავაზა, პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილი ”თანხმობის წერილისა”

და საქართველოს კანონებში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის სახით. ეს იყო პასუხი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოწოდებაზე- დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კერძო პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ითანამშრომლონ სახელმწიფო კომისიასთან, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით უნდა შეიქმნას და რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უნდა უხელმძღვანელოს. რესპულიკური პარტია მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს აღნიშნულ კომისიასთან. კონკრეტულად რა ინიციატივებს სთავაზობს ეს ოპოზიციური ძალა ხელისუფლებას სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის?

”თავის დროზე დიდი ენერგია ჩაიდო სასამართლო სისტემის რეფორმაში, თუმცა მაშინ მისი სრულყოფა, კორუმპირებული პროკურატურისა და პოლიციის გარემოცვაში, ვერ მოხერხდა. დღეს ეს ორი უწყება სათანადო სიმაღლეზე დგას და სასამართლომაც უნდა აიმაღლოს ავტორიტეტი, რომელიც დაბალია.” - ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ორშაბათს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე. იქვე თქვა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ევროკავშირს სთხოვს. ამ საქმეში ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და კერძო პირებს კი პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით შესაქმნელ სახელმწიფო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის ეს კონსტრუქციული მოწოდება ზოგიერთ ოპოზიციურ ძალაში ხელისუფლებაზე დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიჩნიეს. თუმცა რესპუბლიკურმა პარტიამ მიზეზების კვლევას საკითხისადმი შედეგზე ორიენტირებული მიდგომა ამჯობინა და ხელისუფლებას აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა.

[დავით უსუფაშვილის ხმა] ” რესპუბლიკური პარტია დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ამ განცხადებას. მიუხედავად იმისა, თუ რა მოსაზრებები გვაქვს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით. ჩვენ გვინდა უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი და პრეზიდენტს ვეუბნებით: მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ოღონდ ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს ბუტაფორიული. ჩვენ კომისიაში თანამშრომლობისთვის მზად ვართ ჩვენი კონკრეტული წინადადებებით. ”

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ნახსენები კონკრეტული წინადადებები შეჯერებულია პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ ბროშურაში. წინადადებები გულისხმობს ცვლილებებსა და დამატებებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში თუ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონში. აგრეთვე კანონებში მოსამართლეთა შრომის ანაზღაურებისა და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას სთავაზობს: სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გატარების მიზნით, გამოირიცხოს პოლიტიკოსების, პარლამენტის წევრების მიერ მოსამართლეთა დისციპლინური გასამართლება, რადგანაც ეს კარდინალურად უპირისპირდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და სასამართლოს დამოუკიდებლობას.

მეორე - იუსტიციის საბჭო, რომელიც სერიოზული გავლენის მქონე ორგანოა მართლმსაჯულების სისტემაში და პრაქტიკულად იარაღია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში სასამართლოების მოსარჯულებლად, გაიწმინდოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისგან, კერძოდ, გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრისგან. ამას გარდა, სასამართლოებზე იუსტიციის საბჭოს პოლიტიკური გავლენის ნულამდე დასყვანად, რესპუბლიკურ პარტიაში აუცილებლად მიიჩნევენ იმასაც, რომ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე არ იყოს პრეზიდენტი.

და მესამე - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ნიშნავს მოსამართლეებს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური ხასიათის უნდა იყოს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ” ანუ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს სხვა დონეზე. იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის დონეზე მოხდება მოსამართლეთა შერჩევა და პრეზიდენტი სიმბოლურად მოაწერს ხელს აქტს. ისე, როგორც ხდება ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. ”

დავით უსუფაშვილი ელის იმის გარკვევას, გახდება თუ არა რესპუბლიკური პარტიის ეს და სხვა წინადადებები სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის სერიოზული განსჯის საგანი. ”მოლოდინის შედეგი ნათელყოფს, რა იყო თანამშრომლობისკენ პრეზიდენტის მოწოდება - მორიგი პიარკამპანია თუ საქმის გამოსწორების გულწრფელი სურვილით განპირობებული მოწოდება,” - აღნიშნავს ის.

აქვე ვიტყვით, რომ ხუთშაბათს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი - ამავე კომიტეტში მომზადებული პროექტი, რომლის მიხედვით, გენერალური პრიკურორი აღარ იქნება იუსტიციის საბჭო წევრი და საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზრდება ერთი პარლამენტარისა და ერთი მოსამართლის ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, ვინ შეავსებს იუსტიციის საბჭოში პარლამენტის კვოტას.
XS
SM
MD
LG