Accessibility links

საზღვრის დაცვის სისტემა სახელმწიფოში ნაკლებ პატივშია?


ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება სამხედრო ძალების პერსონალისათის სამართლიანი ანაზღაურებისა და

შეღავათების სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამ კუთხით, სამხედრო ძალებში კვლავ განაგრძობს არსებობას ასიმეტრიული სახელფასო სისტემა, ხოლო ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში სახელმწიფო საზღვრის დამცველები არიან, რაც საქართველოს შემთხვევაში, რომლის მეთაურიც ყოფილი მესაზღვრეა, ძალზე გასაკვირია.

[მესაზღვრეების ხმა] “სწორდი, სმენა! გიბრძანებთ, გახვიდეთ საქართველოს სახელმწფო საზღვრის დასაცავად....”

რუსეთთან დამაკავშირებელი საზღვრის, ლარსის, საგუშაგოზე, ისევე როგორც ყველა სასაზღვრო კომენდატურაში, იარაღიანი განწესი ქვეყნის უმთავრესი ზღუდეების დასაცავად დადგენილ დროში გადის. საბრძოლო მორიგეობა სადღეღამისოა, გუშაგი ორ საათში ერთხელ იცვლება, თუმცა ამ პერიოდში ისინი ფეხით 10 კილომეტრის გავლას ასწრებენ. საქართველო სახელმწიფო საზღვრის ერთი მესამედი კავკასიონის მთებს მიუყვება, სადაც კლიმატური პირობები ჯერ კიდევ საკმაოდ მკაცრია, მოულოდნელი თოვლის გამო კი ყოფილა შემთხვევა, როდესაც გუშაგის ჩამოსაყვანად დამხმარე ჯგუფის გაგზავნაც გამხდარა საჭირო:
[მინდია არაბულის ხმა] “უცებ, რაღაც 2 საათში, ჩამოყარა ნახევარმეტრიანი თოვლი და მაშინ მოგვიწია გასვლა მთლიან შემადგენლობას, საგანგებო ჯგუფს, მოხსნა და ჩამოყვანა. ორჯერ მოხდა -ხადის მიმართულებით და თრუსოს მიმართულებით.”

ლარსის საგუშაგოს უფროს კაპიტან მინდია არაბულთან ეს ინტერვიუ შარშან ნოემბერშია ჩაწერილი. მაშინ რუსეთის საზღვარზე მყოფი ქართველი მესაზღვრეები პირად საუბარში ამბობდნენ, რომ ისინი გერის მდგომარეობაში არიან, რომ მათი ანაზღაურება სამჯერ ჩამორჩება თავდაცვის სამინისტროში მყოფი რიგითი კონტრაქტორის ხელფასს. 2006 წელს საქართველოს მესაზღვრეების ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 34 მილიონი ლარი შეადგინა. ამან საზღვრის დაცვის უწყების ხელმძღვანელობას შესაძლებლობა მისცა ორჯერ გაეზარდა ხელფასი პერსონალისათვის. თუმცა ამით ხელფასებს შორის სხვაობა მაინც არ აღმოფხვრილა, გვითხრა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლელა მჭედლიძემ:

[ლელა მჭედლიძის ხმა] “მესაზღვრეთა ხელფასები წელს გაიზარდა, თუმცა, ის მაინც არ გაუთანაბრდა სხვა სამხედრო და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა ხელფასებს.”



საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა ბოჭორიშვილი შიშობს, რომ ასეთი ქვეყნის სამხედრო ძალებში ასიმეტრიული სახელფასო პოლიტიკა პროფესიონალ მესაზღვრეთა კადრების დენადობას გამოიწვევს:

[კობა ბოჭორიშვილის ხმა] “კაცს, რომელიც მთაში დგას და საზღვარზე დგას, თუ ხელფასები გათანაბრებული არ ექნა სხვა ძალოვნების ხელფასებთან, მაშინ დაიწყება კადრების დენადობა და ძალიან გაგვიჭირდება.”(სტილი დაცულია)


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამ თვეზე მეტია გაგზავნილია პროექტი, რომელიც საზღვრის დეპარტამენტის ნაცვლად სასაზღვრო პოლიციის შექმნასა და სახელფასო პოლიტიკის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პროფესიით მესაზღვრეა, ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. და კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ხშირად ესწრება სხვადასხვა სამხედრო ღონისძიებებს, არც ერთხელ არ სწვევია სასაზღვრო საგუშაგოებს, სადაც ქვეყნის დამცველებს ჯერ კიდევ რკინის ვაგონებში სძინავთ.
XS
SM
MD
LG