Accessibility links

სამხრეთი კავკასია ევროკავშირის აღმოსავლეთის პოლიტიკის ცენტრალური ობიექტი ხდება


ევროკავშირის ე.წ. “ტროიკის”, ანუ ევროკავშირის ყოფილი, ახლანდელი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების, წარმომადგენელთა ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში გრძელდება.

ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთიდან დაიწყო და ბაქოში დასრულდება. თბილისში დელეგაციამ ორი დღე დაყო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ძირითადი საკითხი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა იყო, რომელზეც მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მაისში უნდა დასრულდეს. თუმცა ეს არ იყო “ტროიკის” თბილისში ვიზიტის ერთადერთი საინტერესო თემა. მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით:

ევროკავშირის “ტროიკის” დელეგაციის ვიზიტს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთი დღით ადრე გერმანულ გაზეთ “ველტში” ერთი ინფორმაციის გამოქვეყნება უძღოდა წინ. გაზეთის თანახმად, 11 მაისს რაიხსტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერი თავისი ქვეყნის ევროკავშირის თავმჯდომარეობის გეგმებზეც ისაუბრებს. მთავარ საკითხად გამოყოფს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკას და ამ კონტექსტში ევროკავშირის აღმოსავლეთით მიმართული პოლიტიკის ცენტრალურ ობიექტად სამხრეთ კავკასიის რეგიონს განიხილავს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია 2007 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე იქნება.

გუშინ ევროკავშირის მიერ ენერგოუზრუნველყოფის დივერსიფიკაციაზე “ტროიკის” დელეგაციის წევრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრნენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მარტინ ვინკლერმა, განაცხადა:

[ვინკლერის ხმა]
“დიახ, ევროკავშირის ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ იზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ენერგეტიკა გახლავთ. როგორც იცით, ევროკავშირის საბჭომ მარტში განიხილა ენერგეტიკის საკითხი იმგვარად, როგორც არასდროს განუხილავს. ეს არის ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის დასაწყისი. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების მხრიდან. ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით, ევროკავშირის წინაშე დგას ენერგორუსურსების მიღების (მისი ტრანსპორტირების, ტრანზიტის და ა.შ) დივერსიფიკაციის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან. ცხადია, ამ საკითხზე ვმსჯელობთ რუსეთის ფედერაციასთან, შუა აზიის ქვეყნებთან და, რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რომელთაგან ზოგიერთი ენერგომწარმოებელია, ზოგიერთი კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა.”

მარტინ ვინკლერმა მოიხსენია ევროკავშირის საბჭოს მარტის სხდომა, რომელზეც განხილვის უმთავრესი საგანი, მართლაც, იყო შემუშავება ევროპის ახალი ენერგოპოლიტიკისა, სადაც ენერგოდივერსიფიკაციას უმნიშვნელოვანესი ადგილი დაეთმობა. ნიშანდობლივია, რომ ევროპის ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესს დაემთხვა.

თბილისში ვიზიტისას, ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრის გარდა, ევროკავშირის “ტროიკის” დელეგაცია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ეს შეხვედრა პრესკონფერენციამდე შედგა. შეხვედრიდან გამოსულმა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს განგვიცხადა:

[გამყრელიძის ხმა]
“იმ დროს, როდესაც იხილება სამოქმედო გეგმა სამეზობლო პოლიტიკისა ევროკავშირთან და რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს საქართველოსთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამოქმედო გეგმაში ძირითადი აქცენტი გაკეთდეს სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე და დემოკრატიის განვითარებაზე ქვეყანაში. დანარჩენი ყველაფერი - ისეთი, როგორიც არის ასფალტის დაგება, ფასადის შეღებვა - ნაკლებად საინტერესოა ევროკავშირისთვის, ასეთი ინსტიტუტებისთვის, ასეთი ჩვენი მეზობლებისთვის და მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში იყოს არა ავტორიტარიზმი, არამედ ნამდვილი დემოკრატია.”(სტილი დაცულია)

ასეთი გახლდათ ევროკავშირის დელეგაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის განწყობა. მოგვიანებით კი “ტროიკის” დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის ჰარმონიზაციისთვის აუცილებელია საერთო ფასეულობების გაზიარება:

[ვინკლერის ხმა]
“ჩვენი მთავარი სიგნალი გახლდათ ის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს, აგრეთვე რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან კარგი პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობა ემყარებოდეს გარკვეულ ფასეულობებს. ეს ფასეულობები გახლავთ: დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, საბაზრო ეკონომიკა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა.”

ვინკლერმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებით. რაც შეეხება ღვინის კრიზისის დაძლევაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ქართულ ღვინოს საკმაოდ კარგი პირობები აქვს ევროკავშირის ბაზრის ასათვისებლად და რომ ყველაფერი შესაბამისი უწყებების მარიფათზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG