Accessibility links

logo-print

სააღდგომო კვერცხი და ფრინველის გრიპის შიში


ფრინველის გრიპმა, რომელმაც 2006 წლის პირველ თვეებში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა სასტიკად შეაშინა, ბოლო დროს თითქოს აქტუალობა დაკარგა. ასე მოხდა

საქართველოშიც - ადამიანები სულ უფრო ნაკლებს საუბრობენ დახოცილ ფრინველებზე, მომაკვდინებელი ვირუსის სტრუქტურასა თუ პანდემიის საფრთხეზე. თუმცა ძალიან ბევრი მათგანი კვლავაც უარს ამბობს ფრინველის ხორცისა და კვერცხის საკვებად გამოყენებაზე. სწორედ ამ კატეგორიას უწევს შიშის გადალახვა იმისათვის, რომ სააღდგომოდ კვერცხი შეიძინონ, შეღებონ და შემდეგ - მიირთვან კიდეც. რას ფიქრობენ ექსპერტები: რა მდგომარეობაა ფრინველის გრიპთან დაკავშირებით საქართველოში, ჩაიარა თუ არა საფრთხემ, რამდენად უხიფათოა ფრინველის ხორცისა და კვერცხის საკვებად გამოყენება და როგორ იყიდება ეს პროდუქცია, მაგალითად, თბილისში?

მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის გრიპის შიშით, კვერცხი უკვე სამ თვეზე მეტია არ უყიდია, სააღდგომოდ ქალბატონი ლია პოზიციას იცვლის:

(მოქალაქის ხმა) “რა თქმა უნდა, შეძენას ვაპირებ... შეღებვასაც, აუცილებლად...”. (სტილი დაცულია)

წინასააღდგომო დღეებში კვერცხს რომ, მართლაც, მეტი მყიდველი გამოუჩნდა, ამას თბილისის ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის დირექტორიც ადასტურებს. ნინო შელია კვირის მანძილზე გაყიდული პროდუქციის მაჩვენებლებით მსჯელობს:

(მაღაზიის დირექტორის ხმა) ”აი, რომ შევადაროთ წინა თვესთან შედარებით, ახლა მოემატა უკვე. აი, თუ ვყიდდი ერთ ყუთს, ახლა ვყიდი ორ ყუთს. აღდგომის ბრალია თუ მერე კიდე გაიყიდება, ეგ არ ვიცი, მაგრამ აშკარად მოემატა გაყიდვა.” (სტილი დაცულია)

მყიდველის მომრავლებასთან ერთად, თანდათან იზრდება კვერცხის ფასიც. თუკი კრიზისის პერიოდში კვერცხი 16 თეთრამდე გაიაფდა, ამჟამად მისი ფასი 21 თეთრს შეადგენს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში მან კიდევ უფრო დაიფასოს თავი. სურსათის მაღაზიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ადამიანებმა შიში დაძლიეს და თანდათან კვლავაც მოუბრუნდათ გული კატეგორიულად უარყოფილ პროდუქტებზე. ნინო შელიას ამის თქმის საფუძველს ქათმის ხორცთან დაკავშირებული დაკვირვებაც აძლევს:

(მაღაზიის დირექტორის ხმა) ”საერთოდ, გადასარევად იყიდებოდა შარშან, ნუ - მშვენივრად. კვირაში 2 ყუთი მაინც იყიდებოდა. მერე - საერთოდ შეჩერდა. მაგრამ, აი, ახლა ისევ დაიწყო... აი, უკვე რაღაც ერთი-ორი კვირაა, რაც ქათამს უფრო თხოულობს ხალხი.” (სტილი დაცულია)

მას, ვისაც ფრინველის გრიპის შიში ჯერ ვერ დაუძლევია და ჯერ ისევ ფიქრობს - შეღებოს თუ არა კვერცხი წითელ პარასკევს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე ასე ამშვიდებს:

(პაატა იმნაძის ხმა) ”როგორც კვერცხი, ასევე ქათამი დღეს ნამდვილად უსაფრთხოა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სააღდგომოდ კვერცხი საკმაოდ დიდი ხანი იხარშება, რომ ფერი კარგად მიიღოს, ის აბსოლუტურად უსაფრთხო ხდება ამდენი თერმული დამუშავების შემდეგ. და, საერთოდ, გრიპის ვირუსი ნაკლებად გამძლეა და იღუპება არა მარტო ადუღების დროს, არამედ იღუპება 70 გრადუსზეც. ანუ შეწვაც კი, ფაქტობრივად, ამ ვირუსს კლავს. მოხარშვა აბსოლუტურად კლავს ყველა, არათუ, ვთქვათ, ამ გრიპის ვირუსს, არამედ შეიძლება უფრო გამძლე რაღაც მიკრობები იყოს ნაჭუჭზე და იმასაც კლავს დუღილი.” (სტილი დაცულია)

პაატა იმნაძე გვირჩევს, რომ მოხარშვამდე კვერცხი კარგად გავრეცხოთ, საპნით ან ჭურჭლის სარეცხი სითხით და საფრთხეზე ფიქრს თავი დავანებოთ. მით უმეტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია აქვს მათთვის, ვინც ფრინველების გადაფრენა-გადმოფრენითა და ამისგან მოსალოდნელი საფრთხით იყო შეშინებული:

(პაატა იმნაძის ხმა) ”გადაფრენის პერიოდი დამთავრდა: რაც მოსაფრენი იყო, მოფრინდა, რაც გასაფრენი იყო, თითქმის უკვე ყველა გაფრინდა. მოდით, ასე ვთქვათ: გადავლახეთ ერთი ეტაპი, როდესაც გრიპის ვირუსი ფრინველებში იქნებოდა და მისგან უნდა დაგვეცვა, პირველ რიგში, ჩვენი შინაური ფრინველები. ყოველ შემთხვევაში, ახლა ჩაწყნარდასავით, მაგრამ როდესაც გადაფრენის სეზონი დაიწყება შემოდგომაზე, ფრინველებში პრობლემა ისევ გააქტიურდება.” (სტილი დაცულია)

პირველ ეტაპზე, რომელიც უკვე გადავლახეთ, საქართველოში ფრინველის გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა აღირიცხა. საუბარია ადლიაში ნაპოვნ დახოცილ გედებზე, რომელთა სისხლში H5N1 ვირუსის არსებობა ლონდონის ლაბორატორიამაც დაადასტურა. რაც შეეხება პანდემიას, როგორც პაატა იმნაძის ნათქვამიდან ირკვევა, თავისუფლად შეგვიძლია, რომ შემოდგომამდე ეს საფრთხეც დავივიწყოთ:

(პაატა იმნაძის ხმა) ”ამ პერიოდში ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ახლა ჩვეულებრივი გრიპის ვირუსიც, ასე ვთქვათ, უკან წავიდა, სეზონი დამთავრდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე. როდესაც ჩვეულებრივი გრიპი მოიმატებს, შემოდგომიდან, და მოიმატებს, ამავე დროს, ფრინველის გრიპი ფრინველებში და მოიმატებს იმის ალბათობა, რომ ერთ ადამიანს ერთად დაემართოს ორივე და მოხდეს მათი შეჯვარება (მთლად მასე არ არის, მაგრამ - ასე დავარქვათ), აი, მაშინ შეიძლება ეს ვირუსი წარმოიქმნას, რომელსაც ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის თვისება ექნება. მოხდება თუ არა ეს შემოდგომაზე, არავინ იცის. შეიძლება არ მოხდეს... მაგრამ მანამდე ნამდვილად არ მოხდება.” (სტილი დაცულია)

რა მოხდება შემოდგომაზე, ამის თქმა, ბუნებრივია, ჯერ არავის შეუძლია. თუმცა ერთი რამ ცხადია: მსოფლიოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული პანიკა თანდათან ჩაცხრა.
XS
SM
MD
LG