Accessibility links

logo-print

მართლმადიდებლური სამყარო უმთავრეს დღესასწაულს - აღდგომას აღნიშნავს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტიანობის ყველაზე დიდ დღესასწაულს - იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ლიტანიობის ღამის შემდეგ

მართლმადიდებლებისათვის მძიმე მარხვა, ანუ გლოვის ორმოცდი დღე დასრულდა და აღდგომის სადღესასწაულო კვირეული დადგა. აღდგომის წინა დღეებში შევეცადეთ, გაგვერკვია, რაში მდგომარეობს ამ დღესასწაულის არსი როგორც ჩვეულებრივი ქრისტიანებისათვის, ისე ღვთისმეტყველებაში გათვითცვნობიერებული ადამიანებისათვის.

[ისმის ზარის ხმა]

ეს არის სამების გრანდიოზული საკათედრო ტაძრის აგების შემდეგ ოდნავ მნიშვნელობადაჩრდილული თბილისის სიონის სამრეკლოს ზარის ხმაა. როდესაც მნათე ზარს რეკავდა, ტაძარში მლოცველები გარდამოხსნის ლოცვას ასრულებდნენ:

[ისმის ქალთა გუნდის გალობა]

სიონის ტაძრის ერთ-ერთი წინამძღოლს, მამა გიორგის აღდგომის არსის ახსნა სიონის მახლობლად, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსი ეგზარქოსების მიერ აგებულ და ახლა საეკლესიო ნივთების მაღაზიად გადაკეთებულ სამრეკლოსთან ვთხოვეთ:

[მამა გიორგის ხმა] "აღდგომა რომ არ ყოფილიყო, არაფერს აზრი არ ექნებოდა. მაცხოვრის მოღვაწეობა რომ ჯვარცმით დამთავრებულიყო და აღდგომა არ მოჰყოლოდა, ეს იქნებოდა ტრაგედია, კაცობრიობის დაღუპვა. აღდგომამ კაცობრიობა განაახლა და მისცა ახალი სუნთქვა, ახალი სიცოცხლე."

სიონის მოძღვრის გარდა საკუთარ შეხედულებებს უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულის შესახებ სიონის ტაძრიდან გამოსული, თუ ტაძარში შესვლის მოსურნე, სხვადასხვა ასაკის მლოცველებიც გვიზიარებდნენ:

[ხალხის ხმა] ქალის ხმა - "აღდგომა ყველაფერია, აღდგომა არის ყველაფერი ადამიანებში. გარდაცვლილი შვილები ვისაც გვყავს, იმათი აღდგომაცაა." გოგონას ხმა - "ისეთია, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. დღესასწაულთა დღესასწაულია! ბავშვობიდან ძალიან მიყვარს". ბიჭის ხმა - "ქრისტე აღსდგა აღდგომას და დიდი სიხარულია ჩემთვის. აღდგომას ვლოცულობ ხოლმე და ხშირად პასკასაც მივირთმევ" (სტილი დაცულია).

[სმის გალობის ხმა]

ქრისტიანული ეკლესია, მისი მიმდინარეობების მიუხედავად, აღდგომას ყოველ კვირა დღეს აღნიშნავს, თუმცა წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, ორმოცდღიანი მძიმე მარხვის შემდეგ იესო ქრისტეს აღდგომა განსაკუთრებულად სადღესასწაულოდ აღინიშნება. ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული რელიგიის უმთავრესი ქვაკუთხედი - ის ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც ქრისტიანობა რელიგია არც იქნებოდა:

[ლევან აბაშიძე] "ბევრს მიაჩნია, რომ მოვიდა იესო ქრისტე და მოიტანა სწორი სწავლება, მოვიდა იესო ქრისტე და გვითხრა, რომ ადამიანი უკვდავია. ეს მანამდეც იყო! სულის უკვდავებაზე წარმოადგენა და სხვა, მაგრამ სხვა რელიგიებისგან განმასხვავებელი ქრისტიანობისა უმთავრესი არის ის, რომ თვითონ ღმერთი მოვიდა ჩვენთან და ძე ღვთისა მოვიდა ჩვენთან და მოკვდა ჩვენთვის და აღსდგა მკვდრეთით. ეს მკვდრეთით აღდგომა არის მანიფესტაცია ამ დიდი გამარჯვებისა."

ამავე აზრს იზიარებს პროფესორი ზურაბ კიკნაძეც, რომლის შეხედულებითაც ხშირად ქრისტიანების ყურადღების მიღმა რჩება უმთავრესი არსი აღდგომისა - ის, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ სული და სხეული ისევ შეერთდება:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "მე ვიცი, რომ ქრისტიანის და, საერთოდ, ადამიანის მომავალი ეს არის, რომ სულმა და სხეულმა უნდა მოძებნოს ერთმანეთი. კი, სიკვდილი არის, რა თქმა უნდა, საშინელი ფაქტი, კატასტროფა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო. ქრისტიანობა გვეუბნება ჩვენ, რომ სხეული და სული შეერთდება და ეს იქნება აღდგომა."

ზურაბ კიკნაძის გამარტებით, იესო ქრისტემ ჯვარცმიდან მესამე დღეს სწორედ სულისა და სხეულის სამომავლო ერთობის, ანუ სიკვდილის დამარცხების მაგალითი მისცა კაცობრიობას. "სიკვდილით სიკვდილის დამარცხება" - თეოლოგმა ლევან აბაშიძემ ამ ფრაზის მხატვრული განმარტება შემოგვთავაზა:

[ლევან აბაშიძის ხმა] "წარმოიდგინეთ ვეშაპი, რომელიც საეკლესიო სახეა და ყველას ყლაპავს და ყველაფერს ყლაპავს. და მან ასევე გადაყლაპა ის, ვისი დატევაც მას არ შეეძლო. მაგრამ ქრისტე, რომელიც არის ღმერთი - სიკვდილზე უფრო მეტია. და ამიტომ დაამარცხა მან სიკვდილი, გაიღო ეს ვეშაპი, გაიხსნა გზა სიკვდილიდან სამოთხისკენ, სიკდილიდან სასუფევლისკენ] (სტილი დაცულია).

რაც შეეხება აღდგომისათვის დამახასიათებელ სახალხო ტრადიციებს - კვერცხების წითლად შეღებვასა და პასკის გამოცხობას. პროფესორი ზურაბ კიკნაძე განმარტავს, რომ ყველა დღესასწაულს ახასიათებს ეთნოგრაფიული დამატება-გაფორმებები, რაშიც თავისთავად არაფერია გასაკვირი, ან უცნაური:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "რა თქმა უნდა, ახლა დოგმატიკაში და ღვთისმეტყველებაში არ ფიგურირებს წითელი კვერცხი, მაგრამ ეს არის ხალხის გამოხატულება აღდგომისადმი. რა თქმა უნდა, ერთი დღესასწაული მეორისაგან სიმბოლიკით უნდა გამოირჩეოდეს. თავისი სიმბოლიკა უნდა ქონდეს. თავისი სიმბოლიკა აქვს შობას, თავისი სიმბოლიკა აქვს აღდგომას."

აღდგომის სიმბოლოა ისიც, რომ წელსაც იერუსალიმის მართლმადიდებლური ტაძრიდან ცეცხლი ჩამოასვენეს. უკვე მეორე წელია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სააღდგომო ლიტურგიას არა სიონის, არამედ სამების საკათედრო ტაძარში ასრულებს, ხოლო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტრადიციულად წელსაც რამდენიმე ქართული ტელეარხის, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

[ისმის საგალობლები]
XS
SM
MD
LG