Accessibility links

logo-print

გამოჩნდა ბინ ლადენის ხმის ახალი აუდიოჩანაწერი


ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" გადასცა აუდიოჩანაწერი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელის, ოსამა ბინ-ლადენის ხმას შეიცავს.


ჩანაწერში ბინ-ლადენი ძირითადად საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჰამასის იზოლაციასა და სუდანის კრიზისზე.

ამერიკის სადაზვერვო სამსახურების აზრით, აუდიოჩანაწერი, რომელიც კვირას გადაიცა ეთერში, მართლა ბინ ლადენს ეკუთვნის.

წელს ეს ბინ ლადენის მეორე ამგვარი მიმართვაა, რომლითაც "ალ-ყაიდის" ლიდერი აჩვენებს, რომ მიმდინარე მოვლენებთან კავშირს არ წყვეტს.

სამი თვის წინ, უკანასკნელ ასეთ მიმართვაში, ბინ ლადენი დასავლეთთან ზავის შესაძლებლობაზე საუბრობდა. ამჟამად კი მისი ტონი ბევრად უფრო აგრესიულია.

მისი მიმართვა სასამართლოში პროკურორის ბრალდებას ჰგავს. იგი დასავლეთს ისლამის წინააღმდეგ ომის წარმოებაში სდებს ბრალს.

ჩანაწერში გასაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰამასის მიმართ ეკონომიკურ ბოიკოტს, რასაც იგი მუსულმანების წინააღმდეგ "ჯვაროსნულ-სიონისტურ" ომს უწოდებს.

[ბინ ლადენის ხმა] "ეს რომ ჯვაროსნული ომია, ამას ცხადყოფს მოძრაობა ჰამასის უარყოფაც მას მერე, რაც მან არჩევნებში გაიმარჯვა. ეს ადასტურებს იმას, რაზეც შეიხმა აიმან ალ-ზავაჰრიმ მიუთითა, რომ ცოდვაა ურწმუნო შეკრებებში მონაწილეობა. მათ მიერ ჰამასის უარყოფა ადასტურებს, რომ ეს ჯვაროსნულ-სიონისტური ომია მუსულმანების წინააღმდეგ."

ბინ ლადენის თქმით, არ არსებობს დიდი სხვაობა დასავლეთის მთავრობებსა და რიგით მოქალაქეებს შორის. ორივე რჩება "ალ-ყაიდის" სამიზნეებად.

[ბინ ლადენის ხმა] "ასევე მინდა ვთქვა, რომ ომისთვის პასუხისმგებლობას ხალხი და მთავრობები ინაწილებენ. ომი გრძელდება და ხალხი განაგრძობს მათი მმართველებისა და პოლიტიკოსებისადმი ლოიალობას. ისინი თავიანთ შვილებს ჯარში აგზავნიან ჩვენთან საბრძოლველად. განაგრძობენ ფინანსურ და მორალურ დახმარებას მაშინ, როცა ჩვენს ქვეყნებს ცეცხლი ეკიდება, ჩვენი სახლები იბომბება და ჩვენი ხალხი იღუპება და არავინ აქცევს ამას ყურადღებას. სახეზეა, ჩვენი ერის, ჩვენი ძმების და ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი დანშაულებები თქვენი მოკავშირის, ისრაელის მიერ, რომელიც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით შეიჭრა და მიწასთან გაასწორა იერიქონის ციხე."

ბინ ლადენი საუბრობს მუჰამედის კარიკატურების გარშემო გასულ წელს ატეხილ სკანდალზე და ითხოვს "ალ-ყაიდისთვის" დანიელი კარიკატურისტების გადაცემას დასასჯელად.

ჩანაწერში ბინ ლადენი პირველად საუბრობს სუდანზე, რომელსაც იგი ერთ დროს თავს აფარებდა. შემდეგ შეერთებული შტატების ზეწოლის გამო მას ქვეყანა დაატოვებინეს.

სუდანში, პროვინცია დარფურში 2003 წელს ტომებს შორის მომხდარი შეტაკებებისას 180 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა.

სუდანის მთავრობას ბრალად სდებენ ეთნიკური არაბული შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებას დარფურის ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა დარფურში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნას ითხოვენ.

ბინ ლადენის თქმით, ესაა ისლამური ქვეყნის სამხედრო ოკუპაციის ახალი მცდელობა. იგი თავის მიმდევრებს მოუწოდებს, წავიდნენ სუდანში და შეებრძოლონ სამშვიდობო ძალებს.

სუდანის მთავრობამ, რომელიც ეწინააღმდეგება დარფურში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გაგზავნას, სასწრაფოდ უარყო ბინ ლადენის მოწოდება ძმური დახმარების შესახებ.

ვარაუდობენ, რომ ამჟამად ბინ ლადენი ავღანეთ-პაკისტანის საზღვრისპირა მთიან რეგიონს აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG