Accessibility links

ჩერნობილის კატასტროფის გავლენა საბჭოთა კავშირის დაშლაზე


26 აპრილს 20 წელი სრულდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან. ჩვენი რადიო ამ მოვლენას გადაცემების სერიით ეხმაურება.



კატასტროფამდე ერთი წლით ადრე საბჭოთა კავშირის კომპარტიის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, მიხეილ გორბაჩოვმა თავისი სახელგანთქმული "გლასნოსტის" დაწყება გამოაცხადა. მაგრამ ჩერნობილმა ნათელყო, რომ კრემლი ჯერაც არ იყო მზად ნამდვილი საჯაროობისთვის. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ჩერნობილის მოვლენებმა საბჭოთა კავშირის დაშლაზე.

[საბჭოთა ტელევიზიის ხმა]

ასე ამცნო საბჭოთა ტელევიზიამ კატასტროფიდან მეორე დღეს მოსახლეობას ჩერნობილში მომხდარის შესახებ. კატასტროფის დამანგრეველ მასშტაბებზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. საბჭოთა ხელმძღვანელობის პირველი რეაქცია, ფაქტობრივად, მომხდარის უგულებელყოფა იყო.

მესამე რეაქტორის აფეთქების შემდეგ მიმდებარე ქალაქ პრიპიატში ცხოვრება ისე გრძელედოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს: ბავშვები განაგრძობდნენ ქვიშაში თამაშს, ხალხი მიდიოდა სამსახურში, მაღაზიებში იყიდებოდა სურსათი, რაც მალე ახალგაზრდებს შორის კიბოთი დაავადების დრამატულად ზრდას გამოიწვევდა.

მიუხედავად ამისა, ცვლილება მაინც მოხდა. მართალია, დაგვიანებით, მართალია, არასათანადოდ, მაგრამ გორბაჩოვმა ხუფი მოხადა საყოველთაო გასაიდუმლოების ზარდახშას და მისი კვლავ დახურვა ვეღარასოდეს შეძლო.

მოსკოვის კვლევით ინსტიტუტში, კარნეგის ცენტრში გამომავალი ჟურნალის, "Pro et Contra"-ს მთავარი რედაქტორი მაშა ლიპმანი დარწმუნებულია, რომ ჩერნობილი შემოტრიალების წერტილი იყო გორბაჩოვისთვის:

[ლიპმანის ხმა] "მან იმხელა რამ გააკეთა, რომ იმხანად ვერც თვითონ და მის გარშემო ვერც ვერავინ ვერ გრძნობდა იმის მასშტაბებს, რაც მიმდინარეობდა: იგულისხმება საბჭოთა კავშირის საბოლოო დაშლა და კომუნისტური სისტემის სერიოზული შერყევა. რა თქმა უნდა, იგი არ იყო დარწმუნებული, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რას აკეთებდა. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო დაეჭვებულმა. იქნებ არც იცოდა რამხელა, რა გიგანტური იყო მისი არჩევანი."

ტელევიზიაში პირველი ინფორმაციის გაშვებასთან ერთად საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო რამ მოიმოქმედა: კატასტროფის შესახებ შეატყობინა დასავლეთის მთავარობებს. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, საბჭოთა დიპლომატები ხშირ შემთხვევაში ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ უცხოელი ჟურნალისტების გარემოცვაში.

შეეძლო თუ არა გორბაჩოვს, უფრო სწრაფად ემოქმედა? ბელორუსი ავტორის, სვეტლანა ალექსიევიჩის აზრით, გადაწყვეტილების მიღებაში შეფერხება არა მხოლოდ გორბაჩოვის ბრალი იყო. მთავარი პრობლემა იყო თავად სისტემა, ბიუროკრატიული აპარატის ყოველი დონ. იმ სისტემის პირობებში, რომელშიც სანდო ინფორმაცია საერთოდ დეფიციტი იყო, გორბაჩოვი ისევე გაუთვითცნობიერებელი აღმოჩნდა, როგორც ნებისმიერი სხვა.

ჩერნობილში ავარია ჯერ კიდევ გრძელდებოდა, როცა საბჭოთა კავშირის ლიდერი თავს იმართლებდა: რა გნებავთ, ბირთვულ საკითხებში გათვითცნობიერებულმა სამხედროებმა მითხრეს, რომ არაფერიც არ ხდება. დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ყველაფერი რიგზე იქნებაო.

ალექსიევიჩის აზრით, კატასტროფამ საბჭოთა სინამდვილის ზოგი ისეთი მხარე გამოამზეურა, რომ შედეგი შეუქცევადი აღმოჩნდა:

[ლიპმანის ხმა] "ჩემი აზრით, ეს არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა, თუმცა კატასტროფები მე-20 საუკუნეში საკმარისად იყო. რატომ არის ის უფრო დიდი? იმიტომ, რომ აქ ადამიანი თითქოს თავისი ცოდნის ფარგლებს გასცდა. სამყაროს ხატი დგება ეჭვქვეშ. ანუ ამ სამყაროში ადამიანის ადგილი, მისი ღირებულებების სისტემა და მისი მზადყოფნა, წინ აღუდგეს ყოველივე ამას."

გორბაჩოვმა კატასტროფის შემდეგ ერთხანს განაგრძო საბჭოთა რიტორიკული ტრადიციის სტილში ლაპარაკი. მაგრამ, როგორც ჩანს, მალე თავადვე გაუძლიერდა ეჭვი საბჭოთა სისტემის მიმართ და მეტი თავდაჯერებულობით დაიძრა რეფორმების მისმართულებით.

უშუალოდ ჩერნობილს არ დაუნგრევია საბჭოთა კავშირი, მაგრამ იგი იყო ძლიერი ნაპერწკალი, რომელმაც ეს პროცესი დააჩქარა.
XS
SM
MD
LG