Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეო ანგელოპულოს – 70


27 აპრილს 70 წელი შეუსრულდება დიდ ბერძენ კინორეჟისორს თეო ანგელოპულოსს,

რომლის ფილმები საბჭოთა კინოთეატრებში არასდროს უჩვენებიათ. ანგელოპულოსის სახელი ქართველმა კინოს მოყვარულებმა დღესაც ყურმოკვრით იციან. მისი სახელგანთქმული სურათები გაქირავებაში არ შემოდის; რეჟისორის სამშობლოში, საბერძნეთშიც კი, ვიდეოკასეტებსა და დისკებზე ძალზე მცირე ტირაჟით ვრცელდება. ამიტომ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”, რომელიც თეო ანგელოპულოსის იუბილეს ეძღვნება, გადაცემის ძირითადი დრო მისი ფილმების მუსიკას დავუთმე.

[მუსიკა]

საუნდტრეკების უმრავლესობა შეგიძლიათ ფილმის ნახვის გარეშეც შეაფასოთ, მაგრამ თეო ანგელოპულოსის ფილმების კომპოზიტორის, ელენე კარაიანდრუს, მუსიკა იმდენადაა კინოენის ნაწილი, იმდენად შეზრდილია ეკრანს, რომ ცალკე, ფირფიტაზე მოსმენისას, შესაძლებელია, მოსაწყენადაც მოგეჩვენოთ. მით უმეტეს, გაგიჭირდებათ ამ ქალბატონის მუსიკის აღქმა, თუ არასდროს გინახავთ თეო ანგელოპულოსის ერთი ფილმი მაინც – “პეიზაჟი ნისლში”, “კომედიანტები”, “ულისეს მზერა”, ბერძენი რეჟისორის ყველაზე ახალი ნამუშევარი – ტრილოგია “მიწის ტირილი”, რომლის მუსიკას თქვენ ახლა ისმენთ... და მაინც, მოდით ვცადოთ, მოვუსმინოთ მუსიკას და ჩავრთოთ ჩვენი ფანტაზია, წარმოვიდგინოთ თეო ანგელოპულოსის ფილმების ძალიან სტატიკური, შორი ხედები, სადაც ასევე ნელა გადაადგილდებიან ადამიანები, სადაც მოულოდნელად ჩნდება ბერძენი რეჟისორის ფილმების აუცილებელი ატრიბუტი – ქორო, წარმოდგენილი, როგორც წესი, მოხეტიალე მუსიკოსების სახით. ისინი კომენტარს უკეთებენ მოქმედებას, წარმოთქვამენ გრძელ მონოლოგებს, მერე კი ისე ზანტად ვითარდება სიუჟეტი... ისე ზანტად, რომ მაყურებელი ნელ-ნელა გრძნობს, ეს არ არის “სიუჟეტური კინო”, რომელშიც ყურადღებით უნდა ადევნო თვალყური მოქმედებას, რამე რომ არ გამოგეპაროს, ეს არც ეგრეთ წოდებული “სოციალური კინოა”, რომელიც ჩვენი ცხოვრების აქტუალურ პრობლემებზე ჩაგვაფიქრებს და, მით უმეტეს, არ არის გასართობი კინო, რომელსაც ადვილად დაღეჭავ, ადვილად გადახარშავ და ძალიან მალე დაგავიწყდება.

თეო ანგელოპულოსის ფილმების დავიწყება არ შეიძლება. მისი ფილმები ბევრს არ მოსწონს, ბევრი ამბობს, მეორდებაო, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, ბოლომდე ნახოს ანგელოპულოსის სამ, ზოგჯერ ოთხსაათიანი ფილმი და დაავიწყდეს მისი ულამაზესი კინოფრესკა. შეიძლება მოეწყინოს, შეიძლება ჩაეძინოს კიდეც, მაგრამ, ერთი ფრანგი კრიტიკოსის თქმისა არ იყოს, “ეკრანის სხივი მაყურებელზე მაინც იმოქმედებს”... თუ გნებავთ, დაიძინეთო, წერდა ბერძენი რეჟისორი, თქვენ აუცილებლად იხილავთ სიზმარს, გაფორმებულს ელენე კარაიანდრუს მუსიკით.

[მუსიკა]

თეო ანგელოპულოსი ათენში დაიბადა. ჯერ სამართალს სწავლობდა, შემდეგ ფილოსოფიას სორბონაში, ბოლოს კი პარიზის კინოსკოლაში ჩააბარა და თავისი თითქმის ყველა ფილმი ფრანგი პროდიუსერების დახმარებით გადაიღო. თავდაპირველად საბერძნეთში, სადაც, ტრადიციულად, მელოდრამები უყვართ, მისი პირველი ფილმების ნახვისას კრიტიკოსებმაც კი მხრები აიჩეჩეს. მაგრამ 70-იან წლებში ბერძნულ კინოს სწორედ თეო ანგელოპულოსმა გაუთქვა სახელი – 1970 წელს ანგელოპულოსის “რეკონსტრუქცია” “ბერლინალეს”, 1975 წელს კი “კომედიანტები” კანის ფესტივალის პრიზებით აღინიშნა. თეო ანგელოპულოსმა სრულიად ახალი ფორმით, თუმცა ანტიკური და ბრეხტის თეატრის გავლენით, გამოხატა ეკრანზე თავისი ხალხის ისტორია. იგი პირველი კინემატოგრაფისტი იყო, რომელმაც ერთ კადრში გააერთიანა სხვადასხვა ეპოქები და ამით კინოხელოვნება დაამსგავსა ქორეოგრაფიას, თავად კადრი კი ფანჯარას, რომელშიც დიდხანს შეიძლება იყურო, იმისათვის რომ რაღაც აღმოაჩინო... დიდხანს უნდა დააკვირდე, უნდა ჩააცქერდე, რათა უმნიშვნელო დეტალშიც კი მთელი სამყარო აღმოაჩინო.

[მუსიკა]

და მაინც, თეო ანგელოპულოსი მხოლოდ რამდენიმე კინოესთეტისთვის რჩებოდა მნიშვნელოვან ფიგურად... და, ალბათ, დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, ბერძენ რეჟისორთან თანამშრომლობა რომ სახელგანთქმულ კინოდრამატურგ ტონინო გუერასა და ბერძენ კომპოზიტორ ელენე კარაინდრუს არ მოესურვებინათ და მსოფლიოს ეკრანებზე მათი ერთობლივი ნამუშევარი, “პეიზაჟი ნისლში”, არ გამოსულიყო.

ფილმის დასაწყისში თერთმეტი წლის გოგონა ვულა, თავის ხუთი წლის ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად, სახლიდან გარბის - სჯერა დედისა, მამათქვენი გერმანიაში ცხოვრობსო, და გადაწყვეტილი აქვს, მამა ინახულოს. სინამდვილეში ასეთი მამა არ არსებობს. ბავშვები ამას მალე გაიგებენ, მაგრამ მაინც გაივლიან მთელ საბერძნეთს, რათა როგორმე მოხვდნენ გერმანიაში.

სინამდვილეში არ არსებობს არც საბერძნეთ-გერმანიის საზღვარი, სადაც, ფილმის ფინალში, ამ არარსებული საზღვრის გადაკვეთისას, კლავენ ბავშვებს... დედამიწაზე არც ის სამოთხე არსებობს, რომელშიც ხვდებიან ბავშვები – ყვითელი მიწა და ნატვრის ხე, “პეიზაჟი ნისლში”... მაგრამ არსებობს თეო ანგელოპულოსის ფილმებში, არსებობს როგორც მშვენიერი სიზმარი, გაფორმებული კარაიანდრუს მუსიკით.

[მუსიკა]


აღმოსავლური მელოდიები, ბერძნული საეკლესიო მუსიკა და ტრადიციული ევროპული მოტივები, ეგზოტიკური ინსტრუმენტები და თანამედროვე მუსიკაში შედარებით დავიწყებული საკრავები - არფა, მაგალითად... მუსიკის მოსმენისას, ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ეს ნაწარმოები ოდესღაც მოსმენილი გაქვს... ესაა ელენე კარაიანდრუს სტილი, რომელიც ჰარმონიულად მოერგო თეო ანგელოპულოსის ყველაზე სახელგანთქმულ ფილმებს... დიახ, სახელგანთქმულს. ანგელოპულოსის სამშობლოში არავინ ელოდა, რომ მათი თანამემამულის ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰარვეი კეიტელი ითამაშებდა...მართალია, ეს სურათი, “ულისეს მზერა”, კანის ფესტივალზე მთავარი პრიზის გარეშე დატოვეს და უპირატესობა ემირ კუსტურიცას “ანდეგრაუნდს” მიანიჭეს, კანის კინოფორუმის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ ერთ-ერთ გამოკითხვაში კრიტიკოსებმა ის ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ათ ფილმს შორის მოიხსენიეს... კანის ფესტივალზე, ეტყობა, შერცხვათ: ანგელოპულოსის ფილმი “ერთი დღე და მარადიულობა” კანის შემდეგი კინოფორუმის “ოქროს პალმის რტოთი” აღინიშნა.

[მუსიკა]

უიღბლო აღმოჩნდა თეო ანგელოპულოსისთვის 2004 წლის ბერლინის კინოფესტივალიც, სადაც მისი ახალი ტრილოგიის პირველი ფილმის, “მიწის ტირილის”, პრემიერა გაიმართა. მიუხედავად კრიტიკოსების აღფრთოვანებისა (სურათი ფიპრესის პრემიით დაჯილდოვდა), ჟიურიმ საერთოდ არ შეამჩნია ფილმი. ასე იყო დარბაზშიც, ფილმის დასრულების შემდეგ... სინათლე როცა აინთო, “ბერლინალეპალასი” ნახევრად ცარიელი იყო... ის მაყურებელი, ვინც ბერძენ რეჟისორს ოვაციები გაუმართა, ცრემლს ვერ იკავებდა... თუმცა ფილმის დასრულებისას დარბაზში ისეთი ხალხიც იყო, ვისაც ეკრანზე ბერძენ ლტოლვილთა ცხოვრების ხილვისას ღრმად ჩაეძინა. ჩაეძინა ელენე კარაიანდრუს აი, ამ მუსიკის ფონზე, მუსიკისა, რომელიც, თავად თეო ანგელოპულოსის თქმით, მხეცშიც კი გააღვიძებს ადამიანობას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG