Accessibility links

logo-print

ბათუმში სამორინეს გასახსნელად მოსაკრებელი 1 მილიონიდან 100 ათას ლარამდე უნდა შემცირდეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი შავი ზღვის კურორტებზე საზაფხულო სეზონის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” კანონში შეიძლება ცვლილებები

შეიტანოს, რომლის თანახმად ბათუმში სამორინეს გახსნაზე დაწესებული სალიცენზიო მოსაკრებელი ამჟამად არსებული 1 მილიონი ლარიდან 100 ათას ლარამდე უნდა შემცირდეს. რატომ სურს ხელისუფლებას ლიცენზიის გაიაფება ბათუმში და გავრცელდება თუ არა ეს წესი საქართველოს სხვა ქალაქებზეც?

საქართველოს პარლამენტი "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" კანონში მისი ამოქმედებიდან 4 თვის შემდეგ ცვლილებების შეტანას გეგმავს. ცვლილება სამორინეების გახსნაზე არსებულ სალიცენზიო მოსაკრებლებს შეეხება. კერძოდ, საუბარია ბათუმში სამორინეების გახსნაზე შემოღებული სანებართვო მოსაკრებლის შემცირებაზე.

კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მაისის დასაწყისში გეგმავს. ცვლილებების ინიციატორი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანია. იგი კოლეგებს ბათუმში სამორინის გახსნაზე ამჟამად არსებული მოსაკრებლის 1 მილიონი ლარიდან 100,000 ლარამდე შემცირებას სთავაზობს.

ინიციატივის ავტორი ფიქრობს, რომ მოსაკრებლის შემცირება საკურორტო ზონებში ბიზნესს წაახალისებს, რაც ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” ამჟამად მოქმედი კანონით, 2006 წლის 1 იანვრიდან თბილისსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამორინეების გახსნაზე შემოღებული სანებართვო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარით განისაზღვრა. კანონი გამონაკლისს უშვებს მხოლოდ კურორტ წყალტუბოზე, სადაც ნულოვანი განაკვეთი მოქმედებს. ხელისუფლება ამას ქვეყნის რეგიონალური განვითარებისათვის ხელის შეწყობით ხსნიდა და ვარაუდობდა, რომ წყალტუბოში ნულოვანი განაკვეთის დაწესებით ამ კურორტზე სათამაშო სახლების კონცენტრაციას შეძლებდა. ხელისუფლების ეს ჩანაფიქრი არ გამართლდა და, შესაბამისად, ჯერჯერობით ვერც წყალტუბო იქცა კავკასიის ”ლას-ვეგასად”. კანონი შეღავათებს ითვალისწინებდა ბათუმისთვისაც, სადაც კაზინოს გასახსნელად სახელმწიფოსათვის 1 მილიონი ლარის გადახდა იყო საჭირო. ამის მიუხედავად, დღეს ბათუმში, განსხვავებით თბილისისაგან, სადაც მოსაკრებელი 5-ჯერ მეტია, არც ერთი სამორინე არ ფუნქციონირებს. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის თავზე მასში ცვლილებების შეტანა მაღალი მოსაკრებლის დაწესებით არის განპირობებული. ამასთან, როდესაც შეღავათი წესდება რომელიმე ლოკალური რეგიონისა ან ქალაქისათვის, ამან შეიძლება აფიქრებინოს პოტენციურ ინვესტორს, რომ ხელისუფლებას ზოგადად ამ სფეროს ლიბერალიზაცია არა აქვს განზრახული:

[დავით ნარმანიას ხმა] ”როდესაც კანონმდებლობა არის ასეთი მოუქნელი, მე ვსაუბრობ კანონმდებლობაზე, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, ანუ მხოლოდ და მხოლოდ შეღავათი ორი ტერიტორიული ერთეულისთვის და სხვა ტერიტორიული ერთეულისთვის უფრო დიდი განაკვეთი, ეს ნორმალური ინვესტორის თვალში არის მოუქნელი კანონმდებლობა - კანონმდებლობა, რომელიც უფრო სხვა რამისკენ არის ორიენტირებული, ვიდრე ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისკენ ან ბიზნესის განვითარებისკენ.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლებისთვის მოულოდნელად, ბათუმისთვის დაწესებული შეღავათიანი განაკვეთიც კი ინვესტორებისთვის საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო ორგანო ეცდება სამორინეების გახსნაზე არსებული სანებართვო მოსაკრებელი შავიზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებამდე ათჯერ შეამციროს და ამით მაინც შეძლოს ბათუმში სათამაშო ბიზნესის განვითარების პროვოცირება.
XS
SM
MD
LG