Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასვენების დღეების გამო ორშაბათს ყოველდღიური გაზეთები არ გამოსულა. გაგაცნობთ 24


დასვენების დღეების გამო ორშაბათს ყოველდღიური გაზეთები არ გამოსულა. გაგაცნობთ 24 აპრილს გამოსული ორი ყოველკვირეული გაზეთის - ”კვირის პალიტრისა”

და ”ასავალ-დასავალის” - ზოგიერთ პუბლიკაციას.

”კვირის პალიტრაში” საგანგებო ადგილი აღდგომასთან დაკავშირებულ თემატიკას ეთმობა. გაზეთი მკითხველს ღვთაებრივ ცეცხლზე თავმომწვარი საეკლესიო სანთლით და ხატით ასაჩუქრებს და კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს სრულ ტექსტს ბეჭდავს. კათალიკოს- პატრიარქი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრის აუცილებლობაზეც საუბრობს. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: ” ვფიქრობთ, მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროს, რომ ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცეს”; ”საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი კაცობრიობისთვის. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი დიდი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ, დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. დღეს კი უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ხალხი დასაქმდეს და გამოვიდეს იმ მძიმე სოციალური პირობებიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება”; ”ჩვენი დიდი რესურსია ინტელექტუალური პოტენციალიც. ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო მონაპოვარი, რაც მას გააჩნია,” - აღნიშნავს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

გაზეთის მე-7 გვერდზე კი ფრაქცია ”მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მეღვინეებს მოუწოდებს ”აიტაცონ” პატრიარქის იდეა: ”მადლობელი ვარ კათალიკოს-პატრიარქისა და მივესალმები მის იდეას, რომ საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოების ინიციატივით შეიქმნას სასაქონლო ნიშანი - ”ქართული საეკლესიო ღვინო”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელდება ”. ინტერვიუში ღვინის თემას საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა. ზურაბ ტყემალაძის აზრით, უკან დახევა არ იქნება გამართლებული: ”თვით აშშ, იაპონია და დასავლეთ ევროპა იბრძვიან რუსეთის ბაზრისთვის. როგორ შეიძლება ამხელა ბაზარზე უარი თქვა იმიტომ, რომ რუსეთი არაკეთილმოსურნე მეზობელია? სადაც წინააღმდეგობა შეგვხვდება, მაშინვე რომ ხელი ჩავიქნიოთ და სხვაგან წავიდეთ, ვერაფერს მივაღწევთ.”

”1 სექტემბრიდან გალში ქართულად სწავლა აიკრძალება(!)” - ესეც დღეს გამოსულ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია. გაზეთის ინფორმაციით, მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. უკვე რამდენიმე თვეა, აფხაზეთის თვითმარქვია უშიშროების სამსახური, კერძოდ, გალის რაიონის განყოფილება სისტემატურად ”ამუშავებს” ქართველ პედაგოგებს.

”მე პარლამენტი დამატოვებინეს, მათ საქართველოდან გაყრიან,” - ეს გახლავთ აწ უკვე ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ერთგვარი პროგნოზი, რომელსაც გაზეთი ”ასავალ-დასავალი” პირველ გვერდზე ბეჭდავს. გელაშვილი, რომელიც ამჟამად კვლავაც ლიტვაში იმყოფება, საქართველოში დაფუძნებულ იმ ფონდებზე საუბრობს, რომლებშიც ბიზნესმენები თანხებს რიცხავდნენ. ყოფილი დეპუტატი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ ამასწინათ დასმულ შეკითხვას იმეორებს: სად წავიდა ეს თანხა? და პასუხიც აქვს: სად და - კონკრეტული მაღალჩინოსნების ჯიბეებში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG