Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეცვალა კომუნისტურმა მმართველობამ აღდგომის რიტუალი


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის შემდგომი დღე, ანუ ორშაბათი, უქმედაა გამოცხადებული. თუმცა, როგორც ირკვევა, მიცვალებულთა მოხსენიების

დღის დაწესების ტრადიცია ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობიდან იღებს სათავეს. შეღებილი კვერცხებით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთულ ადამიანებს სასაფლაომდე მისვლაში ეკლესიების დაქცევაში გაწაფული ხელისუფლება ეხმარებოდა. ინიშნებოდა ერთჯერადი მარშრუტები, ხოლო მგზავრობის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება კისრულობდა. ირკვევა, რომ ამ ტრადიციის მოშლას არც მოქმედი ხელისუფლება ცდილობს. წელსაც 24 აპრილს, აღდგომის შემდგომ, ანუ მთავრობის მიერ გამოცხადებულ მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, თბილისის მერიამ კვლავ გამოყო სატრანსპორტო საშუალებები და კვლავ დანიშნა სასაფლაოებისკენ მიმავალი ერთჯერადი მარშრუტები. როგორი ტრანსფორმაცია განიცადა აღდგომასთან დაკავშირებულმა რიტუალმა კომუნისტების მმართველობის შედეგად?

საქართველოში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა 23 აპრილს აღნიშნეს, მაგრამ ამით, ცხადია, დღესასწაული არ დასრულებულა. ორშაბათიდან დაიწყო ბრწყინვალე კვირეული, რომლის განმავლობაშიც არ ნელდება ის სიხარული, რომელიც თავისი აღდგომით უფალმა ადამიანებს მიანიჭა. თუმცა რატომღაც უკვე აღდგომის მომდევნო დღესვე თბილისელთა დიდი ნაწილი სასაფლაოებს მიაშურებს.

[ქალბატონის ხმა] „აღდგომის მეორე დღე მიცვალებულთა დღეა. სასაფლაოზე ავდივართ მიცვალებულებთან, აგვაქვს პასკა და კვერცხი, ვეუბნებით შენდობას და მოვდივართ სასაფლაოდან.“

[ქალბატონის ხმა] „ვის როგორ მოეწყობა ხელი. ყოფილა - გავსულვართ აღდგომის დღეს, ყოფილა - გავსულვართ ორშაბათს, მაგრამ, ჩვენ როგორც ვიცით და როგორც ადათში არის, აღდგომის შემდეგი დღე არის მიცვალებულთა დღე. ასე რომ, გავდივართ მეორე დღეს. ვანთებთ სანთელს, ვდებთ შეღებილ კვერცხსა და პასკას.“

ქალბატონები ამბობენ, რომ ბრწყინვალე ორშაბათს სასაფლაოზე გასვლას და მიცვალებულების მოხსენიებას ტრადიციებისადმი ერთგულება აიძულებთ, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ტრადიციას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი მამა ელიზბარი განმარტავს:

[მამა ელიზბარის ხმა] „ბრწყინვალე შვიდეულში არ შეიძლება საფლავების კურთხევა. ამგვარი რამ ნებადართულია აღდგომიდან მეცხრე დღეს, ანუ კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს. აღდგომის მომდევნო დღეს რომ გავდივართ, ეს ძველი, კომუნისტების დროიდან დამკვიდრებული, არასწორი ტრადიციაა.“

მამა ელიზბარის თქმით, საბჭოთა კავშირში მორწმუნეები იდევნებოდნენ, რის გამოც აღდგომის ღამეს ეკლესიაში მისვლას ყველა მსურველი ვერ ბედავდა. ფილოსოფოსი ჯანრი კაშია ამბობს, რომ კომუნისტები მათ მიერვე შემოღებულ მიცვალებულთა ხსენების დღეს აღდგომის ერთგვარ ალტერნატივად განიხილავდნენ:

[ჯანრი კაშიას ხმა] „კომკავშირლები ჩასაფრებულები იყვნენ და იმათ სიებს აკეთებდნენ, ვინ გამოჩნდებოდა ეკლესიაში და ვინ არა, მაგრამ მოგვიანებით თავად დააწესეს და აღდგომის მომდევნო დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღე უწოდეს, რაც, ბუნებრივია, ეკლესიურად არ არის სწორი. თუმცა ოთხმოციანი წლების მიწურულს კომუნისტებმა შეაჩერეს მორწმუნეთა დევნა, მაგრამ, ამის მიუხედავად, აღდგომის შემდგომი პირველი ორშაბათი მაინც დარჩა „მიცვალებულთა მოხსენიების დღედ“.(სტილი დაცულია)

არადა, სწორედ პირველი ორშაბათით იხსნება ბრწყინვალე შვიდეული, რომლის გასვლამდეც ტიპიკონის, ანუ საეკლესიო წესთა კრებულის თანახმად, მიცვალებულთა ხსენება აკრძალულია. თუმცა ეს არაა ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ მრევლს უწესებს.

[მამა ელიზბარის ხმა] „საერთოდ, დღეს როგორც იქცევიან ადამიანები საფლავებზე, ასე არ შეიძლება. ტოვებენ პასკასა და კვერცხს, რომელსაც მოგვიანებით ძაღლები ეტანებიან... ეს არასწორია. ამას სჯობია პასკა და კვერცხი გაჭირვებულ ვინმეს მივაწოდოთ და დავაპუროთ.“

მამა ელიზბარის თქმით, წმინდა შვიდეულში დაშვებულია სასაფლაოზე მხოლოდ მომლოცველობითი რიტუალის ჩატარება, ანუ გალობა. მიცვალებულთა ხსენება და საფლავების კურთხევა კი კვირაცხოვლობის შემდეგ, აღდგომიდან მცხრე დღესაა ნებადართული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG