Accessibility links

მედია და რელიგია - როგორ აისახება კონფესიათა სიმრავლე საქართველოს საინფორმაციო სივრცეში?


სახელმწიფოსა და რელიგიების ურთიერთობას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. შეიძლება იდეალურიც კი ეწოდოს იმ ქვეყანას,

სადაც ჯეროვნადაა მოწესრიგებული ურთიერთობა ზეციურ და წარმავალ სამეფოებს - ანუ სახელმწიფოსა და კონფესიებს - შორის. თუ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს დავუჯერებთ, საქართველო ამგვარ იდეალურ ქვეყანათა რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვლავ მაღალია რელიგიური შეუწყნარებლობის მუხტი და ხშირ შემთხვევაში, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ცალკეულ სახელმწიფო მოხელეებზე მეტად საინფორმაციო საშუალებები სცოდავენ. როგორ აშუქებს ქართული მედია რელიგიის პრობლემებს და როგორ აისახება კონფესიათა სიმრავლე საქართველოს საინფორმაციო სივრცეში?

რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა, ნებისმიერმა მოქალაქემ, განურჩევლად ეთნიკური და კონფესიური კუთვნილებისა, თავი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნოს? საქართველო ხომ, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაა. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიუთითებს ფაქტზე, რომლითაც ეჭვქვეშ დგება მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის უფლება:

[სოზარ სუბარის ხმა] „როცა მართლმადიდებელი სასულიერო პირი კონკორდატით გათავისუფლებულია ჯარში სამსახურისგან, იგივე უნდა მოხდეს სხვისთვისაც, იქნება ეს კათოლიკე, მუსლიმანი თუ სხვა. როცა ვამბობთ, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები აქვს მინიჭებული ეკლესიას მიწაზე, იგივე უნდა ჰქონდეს სხვასაც. რატომ არის ასეთი დისკრიმინაცია?“

უცნაურია, მაგრამ მსგავსი შინაარსის შეკითხვას, როგორც წესი, საზოგადოების ძალიან ვიწრო წრეში სვამენ და მათ შორის, როგორც სახალხო დამცველის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, არ არიან მედიის წარმომადგენლები. მეტიც, „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს მრავალწლიანი დაკვირვება აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ქართული მასმედია ქვეყნის კონფესიურ მრავალფეროვნებას ადეკვატურად ვერ ასახავს:

[ბექა მინდიაშვილის ხმა] „დიდი უმრავლესობა როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული მედიისა, ერთი მხრივ, სრულ იგნორირებას ახდენს სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისა, გარდა დომინანტურის, ან, უარეს შემთხვევაში, აბსოლუტურად დეზინფორმაციული და, ხშირ შემთხვევაში, შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის იმპულსების მქონე მასალებით წარმოაჩენს რელიგიურ უმცირესობებს საქართველოში.“ (სტილი დაცულია)

ცხადია,ამგვარ დაკვეთას საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებიდან იღებენ. ჩემ მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვიდანაც ირკვევა, რომ შეუწყნარებლობასა და ქსენოფობიას ჯერ კიდევ ფართო ასპარეზი აქვს საქართველოში:

[მამაკაცის ხმა] „საქართველოში მართლმადიდებლობა და ქართველობა არის გაიგივებული. ამ დროს კი ტელევიზია გადატვირთულია უამრავი რეკლამით, არ ხდება ეროვნულობის განვითარება. რაც კეთდება და რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა და ქართველი ეთნოსი გადაგვარდეს და სხვა გზით წავიდეს.“

[მამაკაცის ხმა] „არა, არა! მოძღვრებსაც ყრიან ტელევიზიიდან და ამაზე უარესი რა უნდა იყოს. არ აძლევენ საშუალებას, რომ უქადაგონ და სხვადასხვა კონფესიებს კი ხელგაშლილები ხვდებიან.“

გასაკვირი არ არის, რომ ამგვარი განწყობის ფონზე მედია თავს არ იწუხებს ბალანსის დაცვით, სხვადასხვა ჯგუფების ტრადიციული და რელიგიური დღესასწაულების სრულ იგნორირებას ახდენს. საინტერესოა, როგორ აშუქებენ რელიგიურ საკითხებს რედაქციები სხვა მრავალკონფესიურ ქვეყნებში. ჟურნალისტი ნუგრზარ რუხაძე წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

[ნუგზარ რუხაძის ხმა] „მიდგომა არის, რა თქმა უნდა, ძალიან ფაქიზი და ფრთხილი. ამერიკა არის საყოველთაო ტოლერანტობის ქვეყანა და ხალხიც შეჩვეულია ამ ტოლერანტულ განწყობას. ითვლება ცუდ საქმედ, ცუდ ტონად, თუ შენ ვინმეს ერჩი.“

მაგრამ, ამერიკისაგან განსხვავებით, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ რელიგიურ ნიადაგზე ძალადობა ყოველდღიური, ჩვეულებრივი საქმე იყო. თუმცა დღეს უკვე საქართველოში აღარ წვავენ რელიგიურ ლიტერატურას და ფიზიკურადაც აღარ უსწორდებიან განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებს. ბატონი თემური, რომელსაც მე ქუჩაში გამოველაპარაკე, იმ დროს გულგრილად ვერ იხსნებს:

[ბატონ თემურის ხმა] „ვის რა უფლება აქვს, კონსტიტუციის დარღვევით, ლოცვა აუკრძალო ადამიანს, რა რელიგიის მიმდევარიც უნდა იყოს - თუ გინდა იყოს მუსლიმანი, მარლმადიდებელი ან კათოლიკე. რა უფლება აქვს?“

თუმცა ბატონი თემური მარტო წარსულის გამო როდი წუხს:

[ბატონ თემურის ხმა] „თუ არ ისწავლე, ძალიან ძნელია გაითავისო. მე მართლმადიდებელი ვარ და ვამაყობ, ასევე ამაყობს მუსლიმანი თავისი რელიგიური კუთვნილებით. ჩვენი თაობის ხალხს აკლია ცოდნა და განათლება. აი, ეს გვინდა, რომ პრესაში იყოს, ამ ტიპის შემეცნებითი ინფორმაცია.“

შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მისაღებად ბატონ თემურს, ალბათ, სხვა წყაროების მოძებნა მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქართული პრესა ან საერთოდ არ ასახავს სხვა კონფესიებში მიმდინარე მოვლენებს, ან, თუ ასახავს, როგორც წესი, უარყოფითი კუთხით. მარტო ის რად ღირს, რომ თბილისში გამომავალი ერთი მაღალტირაჟიანი გაზეთი სისტემატურად ქილიკობს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმთავრეს ტაძარზე, ხოლო მეორე განგაშს ტეხს საქართველოში მუსლიმანური ლიტერატურის შემოტანის გამო.
XS
SM
MD
LG