Accessibility links

logo-print

ეროვნული კინოცენტრის კონკურსი


გასული კვირის მიწურულს სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დირექტორის რეზო ჩხეიძის გადადგომა დაემთხვა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსს,

რომელიც სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის დაფინანსებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის პირობები ეროვნული კინოცენტრის ინტერნეტგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ზოგიერთმა კინემატოგრაფისტმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ საქართველოში კვლავაც იქმნება სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების პირობები.

“გამარჯვებული პროექტი ეროვნული კინოცენტრის მიერ 75 პროცენტით დაფინანსდება. ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს,” – აცხადებენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მესვეურები. ერთ-ერთ მათგანს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს ნინო ანჯაფარიძეს, რადიო “თავისუფლებაც” ესაუბრა. ჩვენი მიზანი იყო “კინოცენტრს” დაედასტურებინა, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს (და არა მარტო კინემატოგრაფისტებს, რომელთაც უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ეროვნულ კინოცენტრთან და სისტემატიურად ეცნობიან ამ ორგანიზაციის სიახლეებს). ნინო ანჯაფარიძემ დაადასტურა ეს, ოღონდ დაუმატა, რომ კინოცენტრი არ განიხილავს იმ სცენარს, რომელიც უკვე განიხილა კომისიამ 2005 წლის კონკურსში და რომლის ავტორებმა ვერ მოაგროვეს 45 ქულაზე მეტი...

დიახ, ქულები... ნინო ანჯაფარიძე შეგვახსენებს, რომ კონკურსის შედეგებს აჯამებენ არა კინოსტუდიის ჩინოვნიკები და სამხატვრო საბჭო, რომელიც კინოცენტრის გახსნამდე, როგორც წესი, კინოსტუდიის დირექციის მითითებით, წყვეტდა, ვის შეეძლო ფილმის გადაღება საქართველოში, არამედ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჟიური, რომლის წევრთა უმრავლესობას კინოკრიტიკოსები შეადგენენ:

[ნინო ანჯაფარიძის ხმა] “არის კომისია, რომელიც 9 წევრისგან შედგება... თითოეული ამ კომისიის წევრებიდან წერს ქულებს და ვინც მეტ ქულას მოაგროვებს, ისაა გამარჯვებული სცენარი.” (სტილი დაცულია)

თუმცა კონკურსის პირობების გაცნობის შემდეგ ყველაფერი ადვილად არ მოგეჩვენებათ – კონკურსის მთავარი პირობა თანადამფინანსებლის მითითების აუცილებლობაა. კერძო კომპანიები კი, მოგეხსენებათ, კვლავაც თავს იკავებენ ქართული ფილმების დაფინანსებაზე:

[ნინო ანჯაფარიძის ხმა] “სინოფსისთან ერთად უნდა წარმოადგინოს ის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელშიც ჩანს, რომ არსებობს ალტერნატიული პროდიუსერი ან კომპანია, რომელიც დებს ფულს ამ ფილმში.” (სტილი დაცულია)

საქმეში ჩაუხედავ კაცს შეიძლება მოეჩვენოს, რომ 500 000 ლარი სრულიად საკმარისია ერთი მცირებიუჯეტიანი ფილმის გადასაღებად. მაგრამ გადახედეთ კონკურსის პირობებს და მაშინვე მიხვდებით, რომ თანამედროვე საქართველოში ეს სრულიად შეუძლებელია. პრობლემა ისიცაა, რომ კინოცენტრი კონკურსში მონაწილეებისგან დასაბუთებულ და ზუსტად გაწერილ ბიუჯეტს მოითხოვს – კინემატოგრაფისტთა შორის კი ჯერ კიდევ ცოტაა ხალხი, ვისაც პროექტების წერა ეხერხება, პროფესიონალი პროდიუსერიც ბევრი არ გვყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი უამრავმა ქართველმა რეჟისორმა გამოთქვა... ის დრო ყველას ტკბილად ახსოვს, როცა კინოსტუდია “ქართულ ფილმს” სახელმწიფო წელიწადში 8, 10 ფილმის გადაღების საშუალებას აძლევდა... უფრო სწორად, “ფულს იძლეოდა” ამ ფილმების გადასაღებად, მაგრამ კინემატოგრაფისტებს ახსოვთ 90-იანი წლებიც, როცა სახელმწიფომ საერთოდ თქვა უარი კინოს დაფინანსებაზე... ნინო ანჯაფარიძე შეგვახსენებს, რომ ეროვნული კინოცენტრის კონკურსი წელს მესამედ ტარდება: 2004 წელს გაიმარჯვა რეჟისორ ზაზა ურუშაძის პროექტმა, 2005 წელს – გიორგი ოვაშვილის სცენარმა... ეს არ არის “მსხვილბიუჯეტიანი ფილმები”, მაგრამ კინოცენტრის წარმატებით ჩატარებული კონკურსი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უკვე გამოხატავს დაინტერესებას ეროვნული კინოს განვითარების მიმართ.

[ნინო ანჯაფარიძის ხმა] “ძნელია განსაზღვრა, არსებობს მცირებიუჯეტიანი და ძალიან დიდბიუჯეტიანი ფილმი, მაგრამ ყველა კმაყოფილია, რადგან რაღაც დაფინანსება მაინც გაჩნდა.” (სტილი დაცულია)

კინოცენტრი არ ზღუდავს ფილმების თემატიკას და არ უკარნახებს რეჟისორს მომავალი ფილმის ჟანრს თუ სტილისტიკას... ასე რომ, იჩქარეთ - პროექტის ჩაბარების ბოლო ვადა 22 მაისია... იშოვეთ ფული, დაახლოებით ასი ათასი ლარი, და მერე სცადეთ – შესაძლებელია 2006 წლის ერთადერთი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორი გახდეთ.
XS
SM
MD
LG