Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამსფელდზე ზეწოლა იზრდება


უკანასკნელ ხანებში გაიზარდა ზეწოლა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდზე.

მთელი რიგი მაღალი რანგის სამხედრო პირები მას ერაყის ომში დაშვებულ შეცდომებში სდებენ ბრალს. ამავე დროს ახლახან მის დასაცავად გამოვიდა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გადამდგარი გენერალი, რიჩარდ მაიერსი.

რიჩარდ მაიერსის თქმით, არ არის სწორი, როცა სამხედროები თავიანთ სამოქალაქო ხელმძღვანელებს აკრიტიკებენ ომის სტრატეგიის საკითხებში.

[მაიერსის ხმა] "ეს არა მხოლოდ არაპროფესიონალური საქციელია, ეს არ არის კარგი არმიისთვის. ეს არ არის კარგი არმიასა და არასამხედროთა ურთიერთობებისთვის და, ჩემის აზრით, პოტენციურად საზიანოა ქვეყნისთვის ამგვარი კამათი, როცა ომში ვმონაწილეობთ."

ექვსი გადამდგარი გენერალი გამოვიდა მოწოდებით, რომ რამსფელდი გადადგეს ცუდი საომარი გეგმის გამო. ერთ-ერთი მათგანია ყოფილი გენერალ-მაიორი ჯონ ბატისტი, რომელიც ერაყში ქვეითთა დივიზიას მეთაურობდა:

[ბატისტის ხმა] "მინისტრისთვის საუკეთესო გამოსავალია გადადგომა, რათა პენტაგონში ახალი ძალა მოვიდეს - ახალი სამოქალაქო ხელმძღვანელობა, რომელსაც ესმის ჯგუფური მუშაობა და მართვაში დამცირება და ქედმაღლობა არ ახასიათებს."

გადამდგარი გენერლები რამსფელდს ძირითადად სამხედროთა რჩევების უგულებელყოფისთვის აკრიტიკებენ. მათი თქმით, მან ძალზე მცირერიცხოვანი ჯარი გააგზავნა ერაყის ომში.

კვირას ნატოს ყოფილმა უზენაესმა სარდალმა, ამერიკის გენერალმა უესლი კლარკმაც მიუერთა თავისი ხმა კრიტიკოსებს.

კლარკის თქმით, რამსფელდმა არასწორი პოლიტიკა აწარმოა და დროა, პენტაგონში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდეს.

ამასობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავის მინისტრს. ტელეკომპანია "ალ-არაბიასთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად რამსფელდმა საერთოდ არაფრად მიიჩნია მის მიმართ კრიტიკა:

[რამსფელდის ხმა] "მე აქ იმისთვის ვარ, რომ ვემსახურო პრეზიდენტს, ისე, როგორც მას სურს. და თუკი ორი ან სამი ან ოთხი გადამდგარი ადამიანი სხვა აზრისაა, მე პატივს ვცემ მათ მოსაზრებას. მაგრამ ცხადია, თუკი ყოველთვის თავდაცვის მინისტრს შევცვლით, როცა ათასობით ადმირალსა და გენერალს შორის ორი-სამი ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ეს კარუსელს დაემსგავსება."

როგორც "ნიუ იორკ ტაიმსი" იტყობინება, თავდაცვის სამინისტრომ ყოფილ სამხედრო მეთაურებს და ანალიტიკოსებს დაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც მოცემულია პასუხები გადამდგარი გენერლების ჯგუფის მიერ მინისტრის კრიტიკაზე. მემორანდუმში ნათქვამია, რომ სამხედრო პირები აქტიურად მონაწილეობენ ნებისმიერი დონის გადაწყვეტილებების მიღებაში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რამსფელდმა 2005 წლის დამდეგიდან 139 შეხვედრა ჩაატარა შტატების უფროსებთან და 208 შეხვედრა საველე მეთაურებთან.

პენტაგონისთვის ერთობ უჩვეულოა ასეთი მითითებების გაცემა გადამდგარი გენერლებისთვის, რათა გაუმკლავდნენ სხვა გადამდგარი გენერლების არგუმენტებს.
XS
SM
MD
LG