Accessibility links

ქართული ღვინის მწარმოებლები მთავრობისგან კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვენ


საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს ახალი ბაზრების ათვისებას რუსეთიდან გამოძევებული ქართული ღვინის სარეალიზაციოდ. ჩინეთის შემდეგ ახლა ოფიციალური

თბილისი უკრაინის ბაზრით დაინტერესდა და იქ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიავლინა. ქართული ღვინის მწარმოებლები კი აცხადებენ, რომ მათთვის კვლავაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და ღვინის საკითხების გადაწყვეტისას მთავრობისგან კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობს უკრაინაში გააფართოოს ქართული ღვინის გასაღების ბაზარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი კი უცხოური ლაბორატორიებიდან მიღებული დასკვნებით იწონებს თავს. 24 აპრილს საფრანგეთიდან, ღვინის ერთ-ერთი ლაბორატრიიდან, სოფლის მეურნეობის მინისტრს აცნობეს, რომ ქართული ღვინის ცნობილი ბრენდები პესტიციდებს და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”მოვიდა საფრანგეთიდან პირველი პასუხი, სადაც არანაირი დდტ-ს პესტიციდების ნიშნები არ აღინიშნება ჩვენს ღვინოში. შემიძლია წარმოგიდგინოთ ეს სერტიფიკატი.”(სტილი დაცულია)

მიხეილ სვიმონიშვილი ანალოგიურ სერტიფიკატებს ელოდება გერმანიისა და შვეიცარიის ლაბორატორიებიდანაც. ქართული ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ლევან კობერიძის განცხადებით კი, რუსეთის ბაზრის დასაბრუნებლად ლაბორატორიულ დასკვნებზე მეტად სხვაგვარი მუშაობაა საჭირო:

[ლევან კობერიძის ხმა] ”სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, არ უნდა შეჩერდეს და უნდა იყოს კონკრეტული მექანიზმები, რაც უნდა იყოს ნაჩვენები რუსეთის მხარისათვის.” (სტილი დაცულია)

როგორც ირკვევა, რუსეთის მხარე სწორედ ამას მოელის საქართველოს ხელისუფლებისგან. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ღვინის მწარმოებლებმა რუსეთის ჩინოვნიკების საჯარო განცხადებებიდან. და ეს იმის მიუხედავად, რომ თავად კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა. სამაგალითოდ სკანდალურად ცნობილი ონიშჩენკოს ბოლო პრესკონფერენციაც გამოდგება, რომელმაც ბორჯომის მწარმოებლებთან ერთად ფალსიფიკატორების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა დადებითად შეაფასა.

[ონიშჩენკოს ხმა] ”ბორჯომის მისამართით მე შემიძლია ვთქვა კომპლიმენტი, რომ ეს ფირმა 2 წელია ცუდად არ მუშაობს ფალსიფიკაციის გამოსავლენად. ისინი ჩვენთან იყვნენ წინადადებებით და ერთობლივი აქციებიც ჩავატარეთ. ასე რომ, აქ არც ისე უიმედო სიტუაციაა, როგორც ღვინის ჯგუფში.”

მან ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი სამუშაოს ჩატარება მოუწევს ღვინოზე დაწესებული აკრძალვის მოსახსნელად.

ლევან კობერიძეს მიაჩნია, რომ მათი მთავარი ამოცანა რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაა და ამ მიზნის მისაღწევად ხელისუფლებისგან კოორდინირებულ ქმედებებს მოითხოვს:

[ლევან კობერიძის ხმა] ”მე არა მგონია, რომ თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა ბაზრის ასათვისებლად, იმიტომ რომ ქართველმა მეღვინეებმა რუსეთის ბაზარი დიდი ხანია აითვისეს. ჩვენ მივესალმებით მთავრობის მხრიდან ნებისმიერი რანგის ადამიანების ჩართვას ამ საქმეში, ხოლო ჩვენი ინიციატივაა, ან შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, ან ვინმემ აიღოს პროცესის მართვა თავის ხელში.”

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა ამ ინიციატივის მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულება არ დაფარა. ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც უკრაინული ბაზრის გაფართოებით არიან დაკავებულნი და მისი სამჯერ გაზრდის იმედებს გამოთქვამენ. ასეთ შემთხვევაში იქ მხოლოდ რუსეთში რეალიზებული ქართული ღვინის 10 პროცენტის გაყიდვა თუ მოხერხდება. ეს კი არაფალსიფიცირებული ღვინის მწარმოებლებს წელს ფერმერებისგან ყურძნის შეძენის საშუალებას არ მისცემს.
XS
SM
MD
LG