Accessibility links

logo-print

ოქრუაშვილი დამატებითი “საზოგადოებრივი მოვალეობის” შესრულებას უკრაინით იწყებს


უკრაინა ქართული ღვინისათვის არასოდეს ყოფილა “ტერა-ინკოგნიტა”, მაგრამ რუსეთის მთავარი სანიტარისაგან შერისხული ქართული ღვინისათვის საგარეო ბაზრების

ათვისებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სწორედ უკრაინიდან იწყებს. საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც, უკრაინაში წარმოებულ ძვირად ღირებულ საბრძოლო იარაღს წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფართოდ გაუხსნა კარი საქართველოში, ამ მისიის შესრულება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა არის ერთი “მაგრამ”... დღეს მინდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ახალი ჰიპოსტასის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩინეთში მიღებულმა უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ბევრი თავსატეხი გააჩინა. ერთნი ფიქრობენ, რომ სააკაშვილი ეკონომიკურ ბლოკს და ზურაბ ნოღაიდელს აღარ ენდობოდა და თავდაცვის მინისტრს პრემიერ-მინისტრობისათვის ამზადებს; მეორენი კი საპირისპირო აზრს ემხრობიან: შესაძლოა, არატიპიური ამოცანის დაკისრებით, პრეზიდენტი ცდილობს შეასუსტოს ოქრუაშვილი, რომლის რეიტინგმა, კონტროლირებადი ტელეარხების გავლენით, ერთ ხანს თვით სააკაშვილისასაც გაუსწრო.

სხვათა შორის, ოქრუაშვილისათვის ერთგვარ პილოტურ პროექტად სწორედ უკრაინის შეთავაზებით, საქართველოს პრეზიდენტმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ამგვარ ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობას ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა.

ვერსია პირველი: წესით, უკრაინიდან, სადაც ბაზარი ქართული ღვინოებით საკმაოდ არის გაჯერებული, ოქრუაშვილი ხელცარიელი არ უნდა დაბრუნდეს. საქართველო ხომ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს იქცა გასაღების ბაზრად უკრაინაში წარმოებული საბრძოლო ნაკეთობებისათვის. ზუსტად დაანგარიშებული არ არის, მაგრამ უკრაინაში შესყიდული ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და, ბოლოს, რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები, სახელწოდებით “კალჩუგი”, საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ სიკეთის სანაცვლოდ კი ოქრუაშვილს, სავარაუდოდ, არავინ დაამადლის დამატებით კიდევ რამდენიმე მილიონი ბოთლი ქართული ღვინის შეტანას უკრაინის ბაზარზე.
მაგრამ, მეორე მხრივ, საქმე არც ისე მარტივადაა. თუ საპირისპირო ვერსიას განვიხილავთ, შესაძლოა, სწორედ უკრაინა იქცეს ერთგვარ ვატერლოოდ ირაკლი ოქრუაშვილის მზარდი იმიჯისათვის. ჯერ ერთი, უკრაინაში შეუძლებელია არ ახსოვდეთ, რომ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს მიადგა ზიანი უკრაინის, როგორც იარაღის ექსპორტიორი ქვეყნის, იმიჯს. საქართველოში ხომ ჯერაც არ დასრულებულა გამოძიება “უკრაინაში შესყიდული უვარგისი ჯავშანმანქანების საქმეზე”, რომლის გამოც სამი ქართველი მაღალჩინოსანი ოფიცერი უკვე ერთი წელია, რაც პატიმრობაში იმყოფება. წინასწარი გამოძიების მიხედვით, რომლის მიუკერძოებლობაში დღემდე ბევრ ექსპერტს შეაქვს ეჭვი, უკრაინის უმსხვილესი ექსპორტიორის - “უკრსპეცექსპორტის” - მიერ საქართველოსათვის მიყიდული 40 ჯავშანმანქანიდან თურმე 38 გამოუსადეგარი ყოფილა. თავის დროზე უკრაინა ისე შეძრა ამ სკანდალმა, რომ უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში ღიად ალაპარაკდნენ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრორუსულ ლობზე. ესეც რომ არ იყოს, ირაკლი ოქრუაშვილს დღესდღეობით ვერავინ დაჰპირდება ახალი დახლების გახსნას ქართული ღვინისათვის, სანამ უკრაინაში კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობის შესახებ დაძაბული მოლაპარაკება გრძელდება. მით უფრო, რომ პრემიერ-მინისტრობის მაღალ შანსებს კვლავაც ინარჩუნებს “რეგიონების” ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ არ აკავშირებს ისეთი თბილი მეგობრული გრძნობები, როგორიც “ნარინჯისფერთა” ლიდერებს - ვიქტორ იუშჩენკოს ან იულია ტიმოშენკოს.

ასე რომ, უკრაინა იოლად დასაძლევი თამასაცაა და გადაულახავი დაბრკოლებაც ირაკლი ოქრუაშვილისათვის, რომელიც თავისი კარიერის გზაზე ჯერჯერობით მხოლოდ სიმაღლეების აღებას არის ჩვეული.
XS
SM
MD
LG