Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ ქართული პროდუქციისთვის გამოცხადებული ემბარგო კვლავ რჩება რუსეთის მედიის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის მიერ ქართული პროდუქციისთვის გამოცხადებული ემბარგო კვლავ რჩება რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში. გამოცემების პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად,

პუბლიკაციათა უმეტესობა აღიარებს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალვის გადაწყვეტილება, სინამდვილეში, პოლიტიკური მოტივებითაა მიღებული. რუსეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვისას ყურადღებას სხვა საკითხებზეც გავამახვილებთ.

20 აპრილის გაზეთ ”როსიისკიე ვესტის” თქმით, ღვინის სკანდალმა ახალი უარყოფითი მუხტი შეიტანა რუსეთ-საქართველოს ისედაც რთულ ურთიერთობაში. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რამდენიმე დღის წინ, თუ რუსეთი ქართული ღვინის წინააღმდეგ შემოღებულ ემბარგოს არ გააუქმებს, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას დატოვებს. ”მართლაც, რა უშლის ხელს საქართველოს, გამოვიდეს დსთ-დან?” - კითხულობს გაზეთი და მკითხველს შეახსენებს, რომ რამდენიმე წელია, რაც რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, რუსეთში აიკრძალა ქართული ჩაისა და ციტრუსების იმპორტი. ასეთი ვითარების მიუხედავად, ”როსიისკიე ვესტის” აზრით, არსებობს გარკვეული მომენტები, რის გამოც საქართველო საკუთარი ნებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რიგებს არ დატოვებს. კერძოდ:


უპირველესად, არ ღირს იმის დავიწყება, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთში გამომუშავებული თანხა საქართველოს ბიუჯეტის 20 პროცენტს აღწევს. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის შემთხვევაში, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ახალ პრობლემებს წააწყდებიან, რაც მათ საქმიანობას გაართულებს.
გასათვალისწინებელია საქართველოს აჯანყებული რეგიონების პრობლემა - საქართველოს დსთ-დან გასვლის შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ წააქეზებს ეს გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებს. და მესამე მომენტი - დსთ-ს დატოვების შემთხვევაში, საქართველო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებისას უკანასკნელ შეღავათებსაც დაკარგავს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ისეთივე დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, როგორც, დავუშვათ, ბალტიის ქვეყნებთან. და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: საქართველომ, კარგა ხანია, საკუთარი თავი დსთ-ს ფარგლებს გარეთ დააყენა, თუნდაც საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვით ბელორუსიის არჩევნების მიმართ. არადა, ურიგო არ იქნებოდა, თუნდაც ქართული ღვინის საკითხი დსთ-ს სამიტის დღის წესრიგში შესულიყო. ასეთ შემთხვევაში, რუსეთს საშუალება ექნებოდა, საქართველოსთვის იმ კითხვებით მიემართა, ბოლო დროს რომ დაუგროვდა - იქნება ეს საქართველოში უცხო ქვეყნების სამხედრო ყოფნის გაძლიერება, ხისტი პოლიტიკის ჩამოყალიბება ცხინვალისა და სოხუმის მიმართ თუ რუსი სამხედროების მიმართ დაუსრულებელი პროვოკაციები. მაგრამ, როგორც ჩანს, საუბრისთვის დრო აღარ რჩება. ისე კი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მის განცხადებებს სერიოზულად აღიქვამენ.



დსთ-ს სამიტის დღის წესრიგში ქართული ღვინის პრობლემის შეტანის საკითხისგან განსხვავებით, დანამდვილებით ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით, ივნისის ბოლოს მოსკოვში დაგეგმილი “დიდი რვიანის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში შევა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხი. 21 აპრილის გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” ცნობით, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნიკოლას ბერნსმა. ვაშინგტონელი მაღალჩინოსნის განმარტებით, მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პრობლემათა განხილვის ირგვლივ შეთანხება უკვე მიღწეულია. ამ მოსაზრებას არ ადასტურებს წყარო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მან “ვრემია ნოვოსტეის” განუცხადა:


საეჭვოა, “დიდი რვიანის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხი შევიდეს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამოკლებით, რადგან ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ასე თუ ისე, უკვე მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობა, ეუთოს მინსკის ჯგუფის სახით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “დიდი რვიანის” სამიტის დღის წესრიგი საბოლოოდ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
XS
SM
MD
LG