Accessibility links

logo-print

დააფინანსებს თუ არა მთავრობა ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს


ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის მოცულობას უახლოეს დღეებში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯაროდ გამოაცხადებს.

ამ დროისათვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დენის საფასური აუცილებლად გაიზრდება. ამ გარდაუვალი აუცილებლობით მოსალოდნელი სოციალური უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას აპირებს. როგორ განხორციელდება სუბსიდირება და, საერთოდ, რამ გამოიწვია დენის საფასურის ზრდა?

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში 12-დან 15 თეთრამდე, ხოლო რეგიონებში 14 თეთრამდე გაიზრდება. ოპოზიცია, ძირითადად კი, ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს გამართავს.

[გიორგი გუგავას ხმა] ”ყველაზე აპრობირებული, რაც ჭრის ამ ხელისუფლებასთან, არის მასობრივი საპროტესტო აქციები. ანუ ყველა საშუალებას და ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი გადასახადი, ახალი ტარიფი, ახალი ხარკი და ახალი ბეგარა.”

ეს განცხადება ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ 26 აპრილს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინ გააკეთა და ამ უწყების თანამშრომლები გააფრთხილა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ლეიბორისტულმა პარტიამ 3 წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შეძლო დენის საფასურის ზრდის შეჩერება. ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გიორგი თავაძე კი აცხადებს, რომ ტარიფის ზრდა წინააღმდეგობაში არ მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან:

[გიორგი თავაძის ხმა] ”ტარიფის დადგენის უფლება ამ ქვეყანაშია ქვს მინიჭებული სემეკს. ამიტომ ტარიფის ოდენობაზე საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ, არ იმსჯელებს. საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს ტარიფის დადგენის სამართლებრივ საფუძველზე, პროცედურებზე, რაიმე ხომ არ დავარღვიეთ...”

გიორგი თავაძის ინფორმაციით, ტარიფის ზრდის მიზეზია ის, რომ საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობაში გაიზარდა ძვირად ღირებული თბოელექტროენერგიის ხვედრითი წილი. თავის მხრივ, ისიც გაძვირდა რუსეთიდან მოწოდებული გაზის გაძვირების გამო.

ეს ჯაჭვური რეაქცია სოციალურ ვითარებასაც რომ არ გადაედოს და,სალარო აპარატების მსგავსად, საპროტესტო აქციების ტალღა არ აგორდეს, საქართველოს მთავრობაში დენის გაზრდილი საფასურის სუბსიდირებაზე ალაპარაკდნენ. სუბსიდირება, ძირითადად, შეეხებათ სოციალურად დაუცველ ფენებს, იმათ, ვინც რეგისტრაცია გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების პროგრამაში და იმათ, ვინც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”შესაბამისად, ბევრად უფრო ნაკლები იქნება იმათი გადასახადები, ვინც 100 კილოვატსაათამდე ან კომუნალური მრიცხველით სარგებლობს. და, შესაბამისად, მკვეთრად მეტი იქნებიან ისინი, ვინც მეტ ენერგიას მოიხმარენ და ვისაც უფრო მეტი შემოსავალი აქვს.”(სტილი დაცულია)

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის კომპენსაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით დაახლოებით 30 მილიონ ლარს გამოყოფს.

სუბსიდიების გარდა, ახალი ტარიფი, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება, იმითაც გამოირჩევა, რომ ის დიფერენცირებული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიისთვის. ვინც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ის 1 კილოვატსაათ დენს იაფად იყიდის, ვიდრე დიდი მოცულობის ელექტროენერგიის მომხმარებელი. ასეთი დიფერენცირებული ტარიფი მარეგულირებელმა კომისიამ ჯერ კიდევ 2003 წელს დაამტკიცა, თუმცა, ელექტროგამანაწილებელი კომპანიების თხოვნით, კვლავ ძველი ტარიფი აღადგინა, რადგან დიფერენცირებული საფასურის ადმინისტრირება ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG