Accessibility links

logo-print

ქართველი ”ჩერნობილელები” - უყურადღებოდ დარჩენილი გმირები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო 15 წელია, ყოველ 26 აპრილს, ჩერნობილის ტრაგედიის დღეს, ქართველი “ჩერნობილელები” სიონის ეკლესიაში იკრიბებიან და წასულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს

იხდიან. ამ შეხვედრის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება - 2 ათასი ე.წ. ლიკვიდატორიდან დღეისათვის 800-ზე მეტი გარდაცვლილია. დღეს სიონის ეკლესიის ეზოში ქართველი “ჩერნობილელების” შეხვედრას მეც დავესწარი.

მათი ამოცნობა რთული არ იყო - სიონის ეკლესიის ეზოში ასაკოვანი მამაკაცების ჯგუფი ნელ-ნელა იკრიბებოდა. თუმცა ასაკი მათ ჩერნობილის ტრაგედიამ მოუმატა - რეალურად, ე.წ. ლიკვიდატორთა უმრავლესობის ასაკი 40 წელს ოდნავ აღემატება.

[ რაჟდენ ამირანაშვილის ხმა] ” 11 თვის მანძილზე ჩვენ იქ წვნიანი არ გვინახავს. მოდიოდა დაკონსერვებული საჭმელი და დავსხივდით, დავინვალიდდით, თორემ, ახლა ჭაღარა რომ მაქვს, ასე კი არ ვიყავი. დავსუსტდით, აღარაფერი შეგვიძლია, მაგრამ მაინც რაღაცას ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან მივიდეთ, წასულები გავიხსენოთ. ბავშვები გვყავს მისახედი, მაგრამ მთავრობა არაფერს ფიქრობს. ჩვენ დაუკითხავად ყველანაირი შეღავათი გაგვიუქმეს. თორემ ჩვენ ვიყავით გათანაბრებულები სამამულო ომის ვეტერანებთან. ხიროსიმაზე ათჯერ მეტი გამოსხივება იყო ჩერნობილში.”

რაჟდენ ამირანაშვილი, ე.წ. ლიკვიდატორი, ჩერნობილში 18 წლის ასაკში აღმოჩნდა. ჯარისკაცი იყო და მისთვის არავის უკითხავს, სურდა თუ არა ჩერნობილში ტრაგედიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა. ისევე, როგორც არ უკითხავთ 18-19 წლის გოგონებისთვის - პროფტექნიკუმების კურსდამთავრებულთათვის. მათ უმრავლესობას ჩერნობილის შემდეგ ოჯახი არ შეუქმნია. საფუძველიც ჰქონდათ - ჩერნობილელთა უმრავლესობის შვილები სხვადასხვა დაავადებით დაიბადნენ. ჯემალ ჩიგოგიძის თქმით, ამ ოცი წლის წინ მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ადამიანები გაწირა:

[ ჯემალ ჩიგოგიძის ხმა] ” ჯერ წარმოიდგინეთ - 30 კილომეტრიანი ზონა რას წარმოადგენს რადიაციისთვის? არაფერს. ეს ხალხი ყველა დასხივებულია. მას შემდეგ 350 ბავშვი გვყავს ავადმყოფი. ძალიან მიჭირს თქმა, არ მინდა ამ მთავრობას დავაბრალო, მაგრამ არაფერს არ გვიკეთებს. გული მწყდება.”

ლიკვიდატორთა შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა მთავრობის მიერ ჩერნობილში მუშაობისას დაავადებული ადამიანებისთვის შეღავათების მოხსნაა. “ჩერნობილელებმა” თავიანთი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს. ისინი ძველი შეღავათების აღდგენას ითხოვენ.
დასხივებას ერთი თვისება აქვს - შედეგმა, შესაძლოა, თავი წლების შემდეგ იჩინოს. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა ჟურნალისტმა არმაზ სანებლიძემ - ის ერთადერთი იყო, ვინც ჩერნობილში ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა და ვრცელი გადაცემა გააკეთა:

[რმაზ სანებლიძის ხმა] ” იმწუთას ბევრნი დაიღუპნენ, - სწორედ ლიკვიდატორები, - მაგრამ მერე გამოჩნდა დაავადებები. მე, მაგალითად, ოპერაცია გავიკეთე 7 წლის წინ - პირველი, რაზეც მოქმედებს, ჩიყვია. ანუ იმწუთას კი არა, რაღაც დროის შემდეგ. ალბათ, ჩერნობილი კიდევ დიდხანს დაატრიალებს ტრაგედიებს.”

ჩერნობილის ტრაგედია გრძელდება - ქართველი “ჩერნობილელების” შთამომავლობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს. ზაზა ბარაჩაშვილი რეზერვისტი იყო, როცა ჩერნობილში მიავლინეს:

[ ზაზა ბარაჩაშვილის ხმა] “სამი შვილის მამა ვარ. ერთი მანამდე მყავდა. მეორე - რომ ჩამოვედი, ორი დღით ადრე დაიბადა და მესამე მყავს ”ჩერნობილელი”, რომელიც ინვალიდია. კი, პენსიასავით ეძლევა დახმარება. 45 ლარიც - ჩემი პენსია. ომის ვეტერანობა მოხსნეს, შუქის შეღავათი მოხსნეს. აი, ახლა სიამოვნებით წავიდოდი იმ რეაქტორზე, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. ცხოვრება რომ აღარ მინდა, აი, ეგ არის.”
XS
SM
MD
LG