Accessibility links

logo-print

სასაზღვრო მოლაპარაკებები საქართველო-რუსეთის პოლიტიკური უამინდობის ფონზე


საქართველო-რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიების

ერთობლივი სხდომა. რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრ იაკოვენკო ხელმძღვანელობს. მსგავსი მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის 15 წელია მიმდინარეობს, მაგრამ საზღვრის გავლებას რამდენიმე შეუთანხმებელი მონაკვეთის არსებობა აფერხებს.


საზღვრის დამდგენ სახელმწიფო კომისიას საქართველოს მხრიდან მეორე თვეა ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, რომელიც მანამდე სამხედრო უწყებაში საგარეო საკითხებს კურირებდა და სამხედრო ბაზების გაყვანის მოლაპარაკებებშიც აქტიურად მონაწილეობდა. დახურულ კარს მიღმა გიორგი მანჯგალაძე 25 აპრილს პირველად შეხვდა თავის რუს კოლეგას ალექსანდრ იაკოვენკოს, რათა, როგორც მანჯგალაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, მომხდარიყო პოზიციების დაახლოება შეუთანხმებელი სასაზღვრო მონაკვეთების თაობაზე:

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] “იქ არის რაღაც-რაღაც მონაკვეთები, დეტალებში ახლა აღარ შევიჭრები, ზოგადად გეტყვი, რომ საკმაოდ ბევრი შეთანხმებულია და რაც არ არის შეთანხმებული, იმაზე მიმდინარეობს პოზიციების დაახლოების მცდელობა.”(სტილი დაცულია)

თუ ახლო წარსულს გავიხსენებთ, ქართველი და რუსი დიპლომატების მიერ სახელმწიფო საზღვრის პარამეტრებზე მსჯელობას ზოგჯერ თან ახლდა კანონადა და სერიოზული პროვოკაციები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი შტაბის უფროსის კორნელი სალიას თქმით, 2000 წელს ჩეჩნეთში მიმდინარე მეორე ანტიტერორისტული კამპანიის დროს რუსმა მესაზღვრეებმა პირიქეთა ხევსურეთში მდებარე სადავო სოფელი ფიჭვები იარაღით დაიკავეს. დავა ამ მონაკვეთის გამო კი დღემდე გრძელდება:

[კორნელი სალიას ხმა] “ქართველები საძოვრებად იყენებდნენ ზამთრობით მაგ მონაკვეთს და საბჭოთა პერიოდში ჩეჩნეთის მოსახლეობა მათ ამაში ხელს არ უშლიდა, რადგან იცოდნენ, რომ იქ ქართული სოფელი იყო. იმავე პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეს მონაკვეთი გადმოეცა საქართველოს, მაგრამ ამას არ ცნობს რუსეთი.”

თუ ფიჭვების შემთხვევაში რუსეთს მეტი არგუმენტი აქვს, ზემო ლარსში, საქართველოს სიღრმეში, საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთზე, სასაზღვრო საგუშაგო რუსეთმა თვითნებურად გადმოიტანა. კორნელი სალიას თქმით, რუსეთის მხარე თავადაც ხვდება, რომ ლარსზე დავას საქართველოსთან წააგებს და ამიტომ სტაციონარული კომუნიკაციების მშენებლობას შეგნებულად გაურბის:

[კორნელი სალიას ხმა] “ და თუ დავაკვირდებით, რუსებმა გზა როცა გააკეთეს, გააკეთეს მეორე გვირაბამდე, აი, იქამდე, რასაც რუსულად “ჩერტოვი მოსტს” ეძახიან. ალბათ, თვითონაც ესმით, რომ ეს მონაკვეთი არის სადავო და გარკვეული დათმობის გაკეთება მოუწევთ.”(სტილი დაცულია)

სახელმწიფო კომისიების თბილისში გამართულ შეხვედრას მკაფიო პასუხი არ გაუცია შეკითხვაზე, თუ რა დათმობაზე წასვლა მოუწევთ მხარეებს იმისათვის, რომ სახელმწიფო საზღვარი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ და მისმა კოლეგამ ალექსანდრ იაკოვენკომ მხოლოდ იმაზე მოილაპარაკეს, რომ შემდგომშიც განაგრძონ მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG