Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპირებს თუ არა ხელისუფლება შემოდგომამდე საარჩევნო კოდექსის შეცვლას


საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი არ მოსწონთ. მოქმედი კოდექსის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ნიშნავს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, კონკურსის წესით, საოლქო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს. ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციიდან პოლიტიკური პარტიების გამოდევნით, ხელისუფლება უარს ამბობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო კომისიების ძირითადი ნაწილის დაკომპლექტება თვე-ნახევრის წინ დაასრულა. ცესკოს თამჯდომარის თქმით, კომისიის წევრთა არჩევანი 400-მდე კანდიდატზე შეჩერდა. როგორც გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, ყველა მათგანი აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ პარტიული საქმიანობა. ცესკოს თავმჯდომარე მოქმედი საარჩევნო კოდექსის დადებით ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „პრობლემა იყო ის, რომ პარტია, რომელიც აგებდა არჩევნებს, არასოდეს აწერდა ხელს არჩევნების ოქმს. დღეს საარჩევნო კომისია დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. ჩვენ არ წარმოვადგენთ არც ერთ პარტიას. თუკი ოპოზიცია ნახავს ერთ არასწორ, უკანონო გადაწყვეტილებას, რომელზეც ცესკოს ერთ წევრს მაინც ექნება ხელი მოწერილი, შეუძლია გამოვიდეს და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვატეხოს თავზე.“

ცესკოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ, პარტიულისაგან განსხვავებით, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია მეტი წარმატებით გაართმევს თავს დასმულ ამოცანას, ანუ არჩევნების სამართლიანობის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება. გურამ ჩალაგაშვილის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება „დემოკრატიული ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, რომლის თქმითაც, ცესკოს საოლქო კომისიები პროფესიული ნიშნით არ დაუკომპლექტებია. დეპუტატი ამტკიცებს, რომ 75-ივე საოლქო კომისია ერთი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, წევრებითაა წარმოდგენილი:

[კახა კუკავას ხმა] „ნუ, ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი. ასეთი ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაცია არასოდეს ყოფილა. ეს რას ნიშნავს? საოლქო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს, ანუ უბნებზე რა უპირატესობითაც უნდა მოიგოს ოპოზიციამ არჩევნები, რა პროცედურებიც უნდა გავაკონტროლოთ, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს უბნებზე არჩევნები, საბოლოოდ ყველაფერი მიდის საოლქო კომისიაში, რომელიც წერს ოქმს და სადაც ოპოზიციას ერთი კაციც კი არ ჰყავს, რათა დაიცვას საკუთარი ინტერესები.“

ნათქვამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ „დემოკრატიული ფრონტი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება საოლქო საარჩევნო კომისიებისა და ცესკოს დაკომპლექტება პარიტეტის საფუძველზე. ჩვენ არ ვითხოვთ ულტიმატუმის ფორმით, რომ მაინცდამაინც „ამდენი“ იყოს ოპოზიციის კვოტა და „იმდენი“ - ხელისუფლების. უბრალოდ, რაღაც ტიპის წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს იმ პარტიას, ვისაც არჩევნების მიმართ რეალური ინტერესი აქვს. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი.“

თუმცა „დემოკრატიული ფრონტის“ ამ ინიციატივას, როგორც ჩანს, კანონად ქცევა არ უწერია. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას, კომენტარი ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა:

[ნიკა გვარამიას ხმა] „არჩევნების პასუხისმგებლობას ხელისუფლება აცნობიერებს და მე ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდა, რომელიც მან წარმატებით უნდა ჩააბაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაზი გადაესმება ყველაფერს, რაც კი აქამდე გაუკეთებია. ვიმეორებ, პარტიულ პრინციპს არ უნდა დაუბრუნდეს არც ხელისუფლება და არც ქვეყანა. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.“

ერთი სიტყვით, საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს საარჩევნო კოდექსში მასშტაბური ცვლილებების შეტანას, ისევე როგორც არ იგეგმება ამომრჩეველთა მარკირების წესის შეცვლა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის თქმით, შეიცვლება სითხე, რომლითაც მარკირება კეთდება და არა თავად ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც ამომრჩეველთა მარკირებასაც ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG