Accessibility links

logo-print

საქართველოს რეგიონული მედიარუკა - ქართული მედიასაშუალებების აღწერის პირველი მცდელობა


საქართველოს რეგიონული მედიარუკა სქელტანიანი წიგნია და ქვეყანაში მედიის მდგომარეობას ასახავს. იგი მოიცავს მაქსიმალური ოდენობის ინფორმაციას როგორც

მედიასაშუალებათა რაოდენობის, ისე მათი მახასიათებლების, კერძოდ, ტირაჟის, პერიოდულობისა თუ დაფარვის ზონის მოცულობის შესახებ. აღნიშნული ცნობარი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია. გამოცემის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. დღეიდან კი მისი პრაქტიკული გამოყენება იწყება –საქართველოს რეგიონებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მდგომარეობის შესწავლის მთავარი მიზანი ხომ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად დონორთა დაინტერესებაა.

საქართველოს რეგიონული მედიარუკა ქართული მედიასაშუალებების აღწერის პირველი მცდელობაა. უფრო ზუსტად, პირველია 1947 წელს გამოცემული წიგნი “ქართული პერიოდიკის მიმოხილვა“, რომელშიც მაშინ გამომავალი გაზეთების ზოგადი მახასიათებლები განთავსდა. ამ ორ მედიარუკას ერთმანეთისგან განასხვავებს როგორც ეპოქა, ისე გამოცემის მიზანი: სტალინისტურ საქართველოში დაბეჭდილი წიგნი მშრალად ინფორმაციულია, 2006 წელს გამოცემული კი - ანალიტიკური. ანალიზი რეგიონულ მედიაში არსებული პრობლემების გამოსწორების საშუალებად მიიჩნევა. შესაბამისად, დაინტერესებული პირების გარდა, ამ გამოცემის მომხმარებელთა რიგებში იგულისხმებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო დონორები. მედიარუკის პირველი არასრული ვარიანტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თხუთმეტი ქალაქის მედიასაშუალებების შესწავლის საფუძველზე შეიქმნა. კვლევის მეორე ეტაპმა კი სრულიად საქართველო მოიცვა.

[გია ნოდიას ხმა]“ჩვენ ვეცადეთ, რომ, ყოველ შემთხვევაში, სრული სურათი შეგვექმნა - თბილისის გარდა, საქართველოში რა მედიაც არსებობს კონკრეტული მომენტისთვის, იქ არის ასახული. ახლა შეიძლება რაღაც შეცდომა დაგვეშვა, რაღაც გამოგვრჩენოდა, მაგრამ ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად სრული ყოფილიყო.“(სტილი დაცულია)

ამბობს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია, რომელმაც ანგარიშის შედგენაზე ზოგადი ზედამხედველობა გასწია. იმის დასტურად კი, თუ რა დინამიკურია რეგიონული მედია, ერთი ფაქტის აღნიშვნაც კმარა: სწორედ მაშინ, როდესაც კავკასიური ინსტიტუტი და, მასთან ერთად, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი რეგიონული მედიარუკის პრეზენტაციისათვის ემზადებოდნენ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია კიდევ ერთი ახალი რეგიონული გაზეთის გამოცემის შესახებ. გორელმა ჟურნალისტებმა საბა წიწიკაშვილმა და თამარ ოქრუაშვილმა თორმეტგვერდიანი ფერადი გაზეთი დააფუძნეს. „ქართლის ხმა“ აპირებს ღირსეული კონკურენტობა გაუწიოს შიდა ქართლში გამომავალ ისეთ პოპულარულ გაზეთებს, როგორიც „ხალხის გაზეთი“ და „თრიალეთია.“

„ქართლის ხმა“, გასაგები მიზეზების გამო, მედიარუკაში ვერ აღმოჩნდებოდა. როგორც მედიარუკის მკვლევარმა და შემდგენელმა მალხაზ სალდაძემ გვითხრა, გამოცემის ხარვეზი სწორედ ისაა, რომ იგი ზუსტ სტატისტიკურ სურათს არ იძლევა, თუმცა ძირითად პრობლემებს ზედმიწევნით ასახავს. კვლევისას მედიის განვითარების განმსაზღვრელ კრიტერიუმებად რაოდენობა და ორგანიზაციული მდგრადობა შეირჩა.

[მალხაზ სალდაძის ხმა]“იმერეთი, კახეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი - ესენი არიან ლიდერი რეგიონები, ასე ვთქვათ, მედიის განვითარების თვალსაზრისით. უფრო რთული იქნება გასაზომად, ვთქვათ, თუკი კრიტერიუმად ავიღებთ მედიის თავისუფლებას. ამ შემთხვევაში უფრო გამონაკლისებზე შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტული მედია ორგანიზაციების სახით, ვიდრე რაღაც კანონზომიერებებზე რეგიონების მიხედვით. შეიძლება დამოუკიდებელი გაზეთი იყოს, ვთქვათ, კახეთში, აჭარაში, იმერეთში და შიდა ქართლში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამონაკლისი. უფრო დამოუკიდებლობის გარანტია არის დონორების დახმარება.“(სტილი დაცულია)

მედიასივრცე საქართველოს რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვან სურათს ქმნის. რეგიონული გაზეთების საშუალო ტირაჟი 500–დან 1000 ეგზემპლარია, თუმცა არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც სულ 200 ცალი გამოდის.მედიის სრულფასოვან ფუნქციობას კი ისეთი ფაქტორები აბრკოლებს, როგორიცაა: ტექნიკური აღჭურვილობისა თუ ინფრასტრუქტურის არარსებობა, სუსტი ეკონომიკური საფუძველი, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლი და ასე შემდეგ. თუმცა, პრობლემების მიუხედავად, ქართული რეგიონული მედია არსებობს და, ასე თუ ისე, მრავალფეროვანია. რეგიონული მედიარუკის გაცნობისას ამაში თავადაც დარწმუნდებით.
XS
SM
MD
LG