Accessibility links

logo-print

მოლაპარაკება სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასთან დაკავშირებით გრძელდება. - როგორ უყურებენ საქართველოში სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას


მაისის პირველ რიცხვებში მოსკოვში განახლდება მოლაპარაკება სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ცნობებით, მოლაპარაკება ოთხმხრივი კონსორციუმის ფარგლებში შედგება ( როგორც ცნობილია, კონსორციუმში მხარეებს საქართველო, მასთან ერთად, აფხაზეთი, რუსეთი და სომხეთი წარმოადგენენ). მოლაპარაკებაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია მიიღებს მონაწილეობას. მხარეები სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებზე, ინვესტიციების მოზიდვასა და მხარეთა უფლებებზე იმსჯელებენ.
როგორ უყურებენ საქართველოში ტრანსკავკასიური რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებას?

საქართველოს - იგულისხმეა, აგრეთვე, აფხაზეთის - გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას, წინასაწრი გათვლებით, 150-200 მილიონი ამერიკული დოლარი დასჭირდება. აღდგენითი სამუშაოებისთვის ინვესტიციების მოზიდვაზე ზრუნვა კონსორციუმის წევრებს მართებთ. რკინიგზის აღდგენაზე მუშაობა ორმხრივი შეთახმების საფუძველზე უნდა დაიწყოს. ლაპარაკია რუსეთისა და საქართველოს შეთანხმებაზე, თუმცა კონსორციუმი ოთხმხრივია და მასში თავისი წილი აფხაზთა მხარესაც აქვს და სომხეთსაც. აქვე შეგახსენებთ, რომ რკინიგზის აღდგენისთვის საერთაშორისო კონსორციუმი 2005 წლის ბოლოს შეიქმნა. მასში რუსეთის წილი 50 პროცენტით განისაზღვრა, საქართველოსი - 30 პროცენტით, აფხაზთა მხარისა და სომხეთის კი - 10 -10 პროცენტით. კონსორციუმის დაფუძნებაში სოხუმის ჩართვა თბილისის ინიცირებით მოხდა. რაც შეეხება სომხეთს, ინიციატივას ის თავად იჩენდა, როგორც დაინტერესებული მხარე, და საქართველოსაც უარი არ უთქვამს, რადგან პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც არის ლაპარაკი, რეგიონალურ პროექტად განიხილება.

ოთმხრივი კონსორციუმის ფარგლებში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს მხარეები მაისის დასაწყისში მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე წარმოადგენენ. მოლაპარაკება ჯერჯერობით ტექნიკურ საკითხებზე მიდის, შემდგომში კი წინ პოლიტიკური საკითხები წამოიწევს. საქართველო სარკინიგზო პროექტისგან გარკვეულ ეკონომიკურ დივიდენდებს ელის, თუმცა მისთვის მთავარი მაინც პოლიტიკური დივიდენდებია და, როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რკინიგზასთან დაკავშირებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები საქართველომ განუხრელად უნდა დაიცვას:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”საქართველომ ყველა საკითხი უნდა გადაწყვიტოს რუსეთთან. თუ რაღაც არ მოსწონს, კეთილი ინებოს და დააყენოს რუსეთის წინაშე საკითხი, რადგან რუსეთს ჩვენზე მეტად სჭირდება რკინიგზა, სომხეთსაც. თუ თავს მოხვევა ხდება, მაშინ არ უნდა ავამუშაოთ. თუ, საბოლოოდ, შეთანხმება ჩვენი ინტერესების გვერდის ავლით მოხდება, ესე იგი საქართველომ თავისი ინტერესები ვერ დაიცვა ბოლომდე.”(სტილიდაცულია)

რა იგულისხმება საქართველოს ინტერესებში? - რკინიგზის მომსახურება გასწიოს აფხაზეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ - მათ შორის, დევნილებმა - და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს აფხაზეთში რკინიგზის მომსახურე პერსონალის რუსეთიდან შემოყვანა. რკინიგზის დაცვა აფხაზეთის მონაკვეთზე არ განახორციელონ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, როგორც ამას აფხაზები მოითხოვენ. ქართული საბაჟო-გამშვები პუნქტი ამოქმედდეს ფსოუზე და არა ენგურზე - ასეთ პირობასაც აფხაზები აყენებენ. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პირობებზე შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის უნდა მოხდეს და, რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთისა და სომხეთის სერიოზული დაინტერესების გათვალისწინებით, საქართველიმ უნდა შეძლოს საკუთარი პირობების გატანა. სხვაგვარად რკინიგზის აღდგენა საქართველოს ინტერესებს ვერ წაადგება, - ასე ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი. მით უფრო, რომ, საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით რუსეთთან დადებული ტექნიკური შეთანხმებით, საქართველომ ივალდებულა გაატაროს რუსეთის იარაღი, სხვათა შორის -რკინიგზითაც. ეს მანამდე მოხდა, სანამ რკინიგზის აღდგენის თაობაზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმება შედგებოდა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მოსაფიქრებელია, მოსკოვი - სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შემთხვევაში, როგორ უნდა იქნეს დაძლეული საშიშროება, რომელიც შეიძლება სდევდეს ხსენებულ ტექნიკურ შეთანხმებას, რეგიონში დაძაბულობის გაღრმავების თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG