Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება დეპორტირებული მესხების რეპატრიაციისათვის ემზადება


სამხრეთ საქართველოდან 62 წლის წინ გასახლებული მაჰმადიანი ქართველები საკუთარ სამშობლოში დაბრუნებისათვის ემზადებიან. 26 მაისს გორის რაიონში

მაჰმადიანი მესხების ექვსი ოჯახის ჩამოსახლება იგეგმება. პარალელურად სამზადისი აქვს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომლის მიერ შემუშავებული კანონპროექტი რეპატრიაციის შესახებ ევროსაბჭოში ექსპერტიზას გადის. რა კეთდება საქართველოში მაჰმადიანი ქართველების მისაღებად და რას ფიქრობენ რეპატრიაციის შესახებ თავად დეპორტირებული მესხები?

სულეიმან ბარბაქაძე საქართველოდან შორს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, დაიბადა, თუმცა, მშობლებისა და უფროსი ძმების წყალობით, სამშობლოს შესახებ ბევრი სმენია. საერთაშორისო საზოგადოება „ვათანის“ თავმჯდომარის რანგში, საქართველოს ორჯერ სტუმრობდა. ამბობს, რომ სამშობლო მისთვის ყველაფერია:

[სულიემან ბარბაქაძის ხმა] „ერთი რამ ვიცი: ადამიანს შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ადგილას, იმუშაოს და გამდიდრდეს კიდეც, მაგრამ სამშობლოს გარეშე მაინც არარაობად დარჩება. სამაგალითოდ თუნდაც ჩვენი ბედი გამოდგება: ჩემი თანამემამულეები სამართლიანი შრომით შოულობენ ლუკმაპურს და ირჩენენ თავს, მაგრამ, ამის მიუხედავად, უამრავი დამცირებისა და ტანჯვის ატანა უწევთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მუდმივად სტუმრის როლში ვერ ვიქნებით, რომ დროულად უნდა დავბრუნდეთ შინ. ამიტომ ჩემთვის სამშობლო ყველაფერია. სამშობლოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“

სულიემან ბარბაქაძის ბედი უნიკალური სულაც არაა. 400 ათასამდე ჩვენი თანამემამულე მსოფლიოს ცხრა ქვეყანაშია გაბნეული. არადა, საქართველოს ხელისუფლებამ მათ დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, ევროსაბჭოში შესვლისას, აიღო. სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ამბობს, რომ, უამრავი სირთულის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] „ამ პირობებში, როცა რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველო როგორც კონფლიქტების, ასევე იმ ზეწოლის თვალსაზრისით, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან, ხაზგასასმელია ის, რომ ამ პროცესის დაწყება ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა. ეს არის საწინდარი ყველა ლტოლვილის სახლში დაბრუნების.“

სახელმწიფო მინისტრი აქვე შენიშნავს, რომ გარე დახმარების გარეშე საქართველოს ხელისუფლებას რეპატრიაციის პროცესის წარმატებით დასრულება და დათქმულ ვადაში ჩატევა გაუჭირდება. თუმცა, როგორც თემურ ლომსაძე, რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ამბობს, ამ ეტაპზე უფრო საშური მკვდარი წერტილიდან დაძვრა, ანუ საკუთრივ რეპატრიაციის პროცესის დაწყებაა:

[თემურ ლომსაძის ხმა] „კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზისათვის არის სტრასბურგში, ერთ კვირაში დაგვიბრუნებენ და იმ დღიდან, როგორც კი მიიღებს მას პარლამენტი, ჩათვალეთ, რომ რეპატრიაცია ოფიციალურად დაიწყება. არაოფიციალურად კი უკვე დაწყებულია. იცით, რომ ექვსი ოჯახი შემოდის და გორში იწყებს ცხოვრებას.“

რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც, თუმცა, ელენე თევდორაძის თქმით, კანონპროექტის განხილვამდე პარლამენტს საკმაოდ ტევადი სამუშაოს ჩატარება მართებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მუშაობა. პარლამენტი კი არის საზოგადოების ნაწილი. ამიტომ ის, თუ როგორი განწყობა ექნებათ დეპუტატებს, ძალზე მნიშვნელოვანია. სხვანაირად ამ კანონპროექტს ისეთივე ბედი ეწევა, როგორიც სხვა კანონპროექტებს წინა მოწვევის პარლამენტში, რომლის წევრთა უმრავლესობისთვის რეპატრიაციის შესახებ კანონის ძირითადი მუხლები აბსოლუტურად მიუღებელი იყო.“

ელენე თევდორაძე ამბობს, რომ შესაცვლელია მაჰმადიანი მესხებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ამ ეტაპზე ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მართლაცდა, საინტერესოა, რას ფიქრობენ რიგითი თბილისელები დეპორტირებული მესხების დაბრუნებაზე?

[მამაკაცის ხმა] „ისე, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენგან წასული ხალხია და არ იქნებოდა ურიგო მათი დაბრუნება, მაგრამ უნდა მოწესრიგდეს ჯერ ქვეყანა და მერე დავიწყოთ მათი ჩამოყვანა.“

[ქალბატონის ხმა] „შეიძლება ჩვენი ხალხია, მაგრამ უკვე გადაჯიშდნენ... სხვანაირად როგორ გითხრათ.“

ამ ქალბატონის ნათქვამის საწინააღმდეგოდ, სულეიმან ბარბაქაძე ამბობს, რომ საქართველოდან იძულებით გასახლებული ადამიანების დიდი ნაწილი არ გადაჯიშებულა, რომ თითქმის ყველა მათგანს ახსოვს სამშობლო და მშობლიურ კუთხეში დაბრუნებაზე ოცნებობს:

[სულიემან ბარბაქაძის ხმა] „მთლიანობაში, არ მეგულება ადამიანი, სამშობლო რომ არ უყვარდეს. დიახ, გვიყვარდა ჩვენი სამშობლო, ჩვენი მეზობლები, ჩვენი ძმები და მომავალშიც ასე იქნება: კიდევაც გვეყვარება ერთმანეთი და ერთადაც ვიცხოვრებთ.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG