Accessibility links

logo-print

დღევანდელი პრესის მიმოხილვაში თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ იმ პუბლიკაციებზე, რომლებიც საქართველოს


დღევანდელი პრესის მიმოხილვაში თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ იმ პუბლიკაციებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის წევრებისა და ჟურნალისტების გუშინდელ

შეხვედრას შეეხება. როგორც ჩანს, მთავრობისა და მედიას შორის ურთიერთობის ახალმა ფორმატმა არაერთ მიმომხილველზე მოახდინა შთაბეჭდილება.

გუშინდელი პრესკონფერენციის შინაარსზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ, ვინაიდან ეს ღონისძიება ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. დღევანდელი პრესა აღწერს ვითარებას, რომელიც მთავრობისა და მედიის შეხვედრაზე სუფევდა. “ოთხშაბათის შოუ – სცენარის ავტორი მიხეილ სააკაშვილი, რეჟისორი დავით გერსამია, მთავარ როლში ზურაბ ნოღაიდელი”, - “რეზონანსი” წერს, რომ “თუკი პრეზიდენტის ბრიფინგზე პრივილეგია ე.წ. “წამყვანი ტელევიზიების” ჟურნალისტებს ენიჭებათ და თანაც ამას თავად პრეზიდენტი წყვეტს, მთავრობის პირველ პრესკონფერენციაზე პრივილეგიას ეს გოგონები ანიჭებდნენ, თანაც უფრო მეტად მინისტრების აპარატის თანამშრომლების თხოვნას ითვალისწინებდნენ. ამიტომაც მთავრობის პრესკონფერენციაზე პრივილეგიის მინიჭების ახალი წესი დამკვიდრდა. ასე რომ, დემოკრატიის თვალსაზრისითაც ერთი საფეხურით წავიწიეთ,” - წერს “რეზონანსი”.

ჟურნალისტებისთვის მიკროფონის შერჩევით მიცემაზე წერს “ალიაც”: “კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც წყვეტდა რომელი ჟურნალისტისთვის უნდა მიეწოდებინა მიკროფონი, “წარმატებით” ართმევდა თავს თავის მოვალეობას, ანუ თანმიმდევრობა მკაცრად იყო დაცული: ჯერ “რუსთავი 2”, მერე – “იმედი”, “მზე”, “საზოგადოებრივი ტელევიზია”, “როიტერი”, რადიო “ფორტუნა”, “აჭარის ტელევიზია”, გაზეთები “24 საათი”, “კვირის პალიტრა” და... ნოღაიდელს ახსენდება, რომ საათი ტყუილად არ უკეთია მარცხენა ხელზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაკი ჯერი სხვა მედიასაშუალებებისთვისაც დგება, დროა საათზე დაიხედოს... ამასობაში კი ჟურნალისტთა “ლოჟაში” დიდი გამიშვი-გამატარე და ხვეწნა მუდარაა: გეხვეწები, მიკროფონი უკან აღარ დააბრუნო და რომ დასვამ კითხვას, მე გადმომაწოდე,” – ეს იყო გუშინდელი შეხვედრის მთავარი “კულუარული” ფრაზა”, - წერს “ალია”.

“ხელისუფლების კიდევ ერთი გამარჯვება მედიაზე”, - “24 საათი”-ს მიმომხილველი იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებითაც გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დაინტერესდნენ ჟურნალისტები: “ჟურნალისტებს არც ის აინტერესებთ, რა სტადიაშია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. არც ერთი ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, თუ რა პროცესშია სასამართლო სისტემა, რატომ ხელმძღვანელობენ დღევანდელი მოსამართლეები ზემოდან ნაკარნახევი სატელეფონო ზარებით, რატომ ზის ციხეში ბევრი უკანონო პატიმარი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეთი სამარცხვინო სურათის მნახველი, მგონი, ქართული საზოგადოება არასდროს ყოფილა. რასაკვირველია, მართალნი არიან ისინი, როდესაც აცხადებენ, რომ მედია თვითცენზურის მსხვერპლია და არა ცენზურის”, - წერს”24 საათის” მიმომხილველი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართული მედია, რომლის ვალდებულებაა ხალხის სამსახურში ყოფნა, “უსუსური, ცარიელი, გამოფიტული და უუნაროა”.

“მინისტრები ჩადგმით და ჩამოტარებით” – “ახალი თაობა” გუშინდელის მსგავსი ფორმატით მედიისა და მთავრობის შეხვედრების მომავლის განჭვრეტას ცდილობს და წერს: “ახლა სააკაშვილის გადასაწყვეტია – დაამკვიდრებს თუ არა მთავრობის ჟურნალისტებთან შეხვედრას ტრადიციად თუ ამ პრესკონფერენციას ერთჯერადის სტატუსს მისცემს. თუ პრეზიდენტს სურს კარგად გაიცნოს თავისი მინისტრების ინტელექტუალური ხარისხი და გაზარდოს დემოკრატიის დონე, მაშინ მთავრობაც უნდა აიძულოს და საკუთარი თავიც, ესაუბროს პრესას. ხალხმა უნდა იცოდეს, ვის ჩააბარა ქვეყანა,” - წერს “ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG