Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ეფუძნება ხელისუფლების ოპტიმიზმი საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა რიცხვით ზრდასთან დაკავშირებით


26 აპრილს საქართველოს მთავრობის წევრებმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დიდი დრო დაუთმეს საქართველოს ეკონომიკის მიღწევებსა

და მის პერსპექტივებზე საუბარს. პრესკონფერენციის მსვლელობისას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით ზრდას მოელიან. რას ემყარება ეს ოპტიმიზმი და რამდენად რეალურია საქართველოში ეკონომიკის ზრდის ოფიციალურად გაცხადებული ტემპები?

თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს საქართველოს ეკონომიკა ზრდას ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთლიანად ჩაიკეტა ქართული პროდუქციის გასაღების ერთ-ერთი მთავარი ბაზარი - რუსეთი:

[ნოღაიდელის ხმა] ”გაზის ფასის გაორმაგება და შემდეგ, ეტაპობრივად, ქართული მცენარეული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გადაკეტვა ჯამში იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპების 1 პროცენტით შენელებას, სამწუხაროდ. მაგრამ ჩვენ მაინც წლევანდელ წელს დავამთავრებთ ორციფრა ნიშნულით. 10-ზე მეტი იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდა.”

ნოღაიდელს აღარ დაუკონკრეტებია, თუ რა ეკონომიკური პროცესების წყალობით გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით და უფრო მეტით.

იმის გასაგებად, გრძნობენ თუ არა მოქალაქეები, რომ საქართველოში ეკონომიკა ასეთი მაღალი ტემპებით იზრდება, ქუჩაში გამვლელებს გავესაუბრე.

[ისმის მოქალაქეთა ხმა] ”საერთოდ არ იგრძნობა არაფერი. მე მგონი, უარესობისკენ მივდივართ კიდევ. - იგივე ერთი აზრის ვართ ყველა. - ვეთანხმები, აქ არაფერი არ იგრძნობა მაგდაგვარი. პირიქით, იმატა უმუშევრობამ... ”(სტილი დაცულია)

ეკონომიკის ზრდის რეალურ მიზეზებს ვერც ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტები ხედავენ - მათ შორის, ვერც ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”პრეზიდენტმა ხმამაღლა განაცხადა, დავალება მისცა მთავრობას, რომ ჩვენ წელს უნდა გვქონდეს 1 პროცენტით მაინც იმაზე მეტი ზრდა, ვიდრე აქვს რუსეთს. და ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთს აქვს უზარმაზარი ბაზარი, რუსეთს აქვს უზარმაზარი შემოსავლები ნავთობიდან და სხვა ენერგომატარებლებიდან. საქართველოს ამ ყველაფრიდან შემოსავალი კი არა, უზარმაზარი ხარჯი აქვს. და ერთადერთი რესურსი, რაც ქვეყნის შიგნით უნდა ყოფილიყო, შიდა ინვესტიციები, ქვეყნიდან გაიქცა და არც გარეინვესტიციების შემოდინებას უჩანს პირი.”(სტილი დაცულია)

სამაგიეროდ, მთავრობის მიერ შეგროვებული სტატისტიკური ინფორმაცია სულ სხვა რეალობას ამტკიცებს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. მათ შორის ყველაზე მთავარი საფინანსო შუამავლობაა. დეპარტამენტის უფროსის ზაზა ბროლაძის კომენტარი:

[ზაზა ბროლაძის ხმა] ”ფინანსურ შუამავლობას დიდი წილი არ უკავია მთლიან შიდა პროდუქტში, მაგრამ მას აქვს მასტიმულირებელი დატვირთვა. ის აფინანსებს ბიზნესის ყველა მიმართულებას. მაგალითისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შარშან გაცემული სესხების მოცულობა 80 პროცენტით გაიზარდა. ეს ძალიან დიდი ციფრია.”

სტატისტიკის დეპარტამენტი 2006 წელს უცხოური ინვესტიციების მკვეთრად ზრდის პროგნოზსაც აკეთებს. არადა, გასული წელი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლებით გამოირჩეოდა.
XS
SM
MD
LG