Accessibility links

logo-print

ახალქალაქელ სომხებს რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა არ ეთმობათ


ახალქალაქში განლაგებული სამხედრო ბაზიდან 26 აპრილს დაგეგმილი მძიმე ტექნიკის გაყვანის პროცესი დროებით შეფერხდა. ამის მიზეზი გახდნენ მცირერიცხოვანი

ადგილობრივი სომეხი აქტივისტები, რომლებმაც სამხედრო ბაზის წინ პიკეტი მოაწყვეს, ბაზის გაუყვანლობის მოთხოვნით. საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო აქციას სპონტანურს უწოდებს და ირწმუნება, რომ ახალქალაქის სამხედრო ბაზის გაყვანის გრაფიკი, რომელზეც მხარეებმა სოჭში მოილაპარაკეს, განუხრელად შესრულდება.

ახალქალაქში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზიდან ტექნიკის გაყვანის პროცესი 26 აპრილს უნდა დაწყებულიყო. ოთხშაბათს ბაზის ტერიტორია კავშირგაბმულობის ორმა ერთეულმა ტექნიკამ დატოვა, მაგრამ ცოტა ხანში იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო. რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა, ეროვნებით სომეხმა, მცხოვრებმა, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებრივ მოძრაობაში არიან გაერთიანებულნი, ტექნიკას გზა გადაუღობა. ამ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ადგილობრივი სომხების პროტესტს მათი არაინფორმირებულობა იწვეს. მათ არ იციან, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები არ უხსნიან, თუ რა მოხდება სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ.

[ინკოგნიტო სომხის ხმა] “ მოსახლეობას მკაფიოდ არ განუმარტავენ, თუ რომელი ქვეყნის არმია იქნება აქ. არ არის პირდაპირი კონტაქტი მოსახლეობასთან, რომ მოსახლეობამ ეს ყველაფერი იცოდეს. ამიტომაც ასეთი პროცესები, შესაძლოა, კვლავაც მოხდეს. და მე მეჩვენება, რომ თავად ამგვარი აქციის მონაწილეებმაც ეს არ იციან და მათაც შიში აქვთ.”

საქართველოს ხელისუფლებამ ადრე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გასვლის შედეგ იქ საქართველოს შეიარაღებული ძალების ელიტური ბრიგადა განთავსდება. 10-ოდე დღის წინ, როდესაც ახალქალაქი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ხსნიდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ ქართული არმია სწორედ ამ რეგიონში მოსული პროდუქციით მარაგდება. სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა გოგა ხაჩიძემ კი რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში გაიმეორა ის პირობები, რასაც ბაზის დახურვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ჰპირდება იქ მომუშავე ადგილობრივ სომხებს.

[გოგა ხაჩიძის ხმა] “ვინც იქ მუშაობს, ისინი ქართულ ბაზაში განაგრძობენ მუშაობას და ექნებათ არანაკლები ხელფასი. ის, ვისაც ე.წ. “გარადოკში” ბინა აქვს, დარჩება და სამუდამო მფლობელობაში გადაეცემა. “


26 აპრილს, როდესაც ცნობილი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მკაცრი ტონი აირჩია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პროტესტს დადგმული სპექტაკლი უწოდა და პირობა დადო, რომ მასობრივი აქციები ახალქალქში აღარ განმეორდება:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ეს ცირკი მოაწყვეს ამ ბაზაზე მყოფმა თანამშრომლებმა და მათმა ოჯახის წევრებმა. და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს არ იყო დაგეგმილი მოსკოვში. ჯერჯერობით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და პასუხისმგებლობა ყველა იმ საკითხზე, რაც ბაზასთან დაკავშირებით მოხდება, ეკისრება მოსკოვს. რაიმე სერიოზული, მასობრივი გამოსვლები ახალქალაქში არ იქნება. ამის გარანტიას ვიძლევი მე.”(სტილი დაცულია)

ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან ტექნიკა 15 აგვისტომდე უნდა გავიდეს. საქართველოს ხელისუფლება პირობას აძლევს რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას, რომ სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესს საპროტესტო პიკეტები ხელს ვერ შეუშლის. სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმაც ისაუბრა. გოგა ხაჩიძის თქმით, შემოწმებულია ყველა მარშრუტი და კომუნიკაცია, რაც ტექნიკის ტრანსპორტირებას სჭირდება.
XS
SM
MD
LG