Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია თბილიში


გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება თბილისში უკვე მეოთხედ

მართავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსამართლეთა კონფერენციას. კონფერენცია დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. მის მუშაობაში საქართველოს, გერმანიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 120 მოსამართლე ღებულობს მონაწილეობას. საქართველოს დედაქალაქში შეკრებილ მოსამართლეთა წარმომადგენლობითი კორპუსი საკუთარ ქვეყნებში მართლმსაჯულების მოდერნიზების ახალ მიდგომებზე მსჯელობს. შესაბამისია კონფერენციის სახელწოდებაც –„ ცვლილებები იუსტიციის სფეროში.“ რა ახალი გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსამართლეები და რა გამოცდილებას უზიარებენ ისინი ერთმანეთს?

მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის თემატიკის შესაბამისად, მსჯელობის საგანია: დისციპლინარული სამართლის არსი და საზღვრები, ზემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილების სავალდებულობა, მართლმსაჯულების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებასთან სასამართლო ხელისუფლების ურთიერთობის დახვეწა და იუსტიციის სფეროს ცვლილებებთან დაკავშირებული არაერთი სხვა სპეციფიკური საკითხი, მათ შორის, მოსამართლის ფუნქციების მოდერნიზება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ აქტიური მოსამართლის ინსტიტუტის გერმანული მოდელის ძირითადი პრინციპები უდავოდ გასაზიარებელია:

[კოტე კუბლაშვილის ხმა]“ გერმანიაში თვითონ მოსამართლეები ეუბნებიან მხარეებს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ასეთ პერსპექტივას ხედავს მოსამართლე. ამიტომ ზემოქმედებს მხარეებზე იმ კუთხით, რომ ან უკან წაიღონ სარჩელი, ან შეთანხმდნენ და მორიგდნენ, ან რაღაცაზე უარი თქვან. აი, ამ კუთხით უნდა გააქტიურდნენ ჩვენი მოსამართლეებიც და ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს სწრაფ მართლმსაჯულებას. დროში გაწელილი და სამი და ხუთი წლის მერე სამართლიანი გადაწყვეტილება უკვე თავისი შინაარსით უსამართლოა, იმიტომ რომ შედეგი ვერ მოაქვს. აი, ამას ვსწავლობთ ჩვენ გერმანიისაგან, კერძოდ.“

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სამართლისა და იუსტიციის რეფორმებში 1993 წლიდან უწევს დახმარებას. რეკომენდაციები, რომლებსაც მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ ჩამოაყალიბებს საზოგადოება, ორი ძირითადი მიმართულებით გაიშლება: დისციპლინარული სამართალწარმოება და იუსტიციის საბჭოს ურთიერთობა მასმედიასა და საზოგადოებასთან. როგორც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების სამართლებრივი და იურიდიული რეფორმების პროექტის წარმომადგენელმა ცენო რაიხენბერგერმა განგვიმარტა, მიმდინარე კონფერენციის მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სასამართლო სისტემების ღირსება-ნაკლოვანებების შედარება არ არის, თუმცა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრობლემები სამივე ქვეყანაში არსებობს.

[ცენო რაიხენბერგერის ხმა]“ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმ პრეტენზიების შესახებ, რომელთაც საქართველოში მოსამართლეებს უყენებენ, კერძოდ, დამოუკიდებლობის თაობაზე. აღნიშნული საკითხის განსახილველად პერმანენტულად ვხვდებით სამივე ინსტანციის მოსამართლეებს. ეს კონფერენციაც სწორედ იმის დასტურია, რომ საჭირბოროტო თემები დახურული არ არის. კონფერენციაზე მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრობლემაზე უსათუოდ გამახვილდება ყურადღება.“

თუმცა ცენო რაიხენბერგერი ხაზგასმით შენიშნავს, რომ კონფერენციის მიზანი პრობლემებზე საუბარი კი არა, პოლიტიკური გამოცდილების ურთიერთგაზიარება და არსებული ნაკლოვანებების გამომზეურებაა. სომხეთის საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო და ეკონომიკურ საქმეთა პალატის თავმჯდომარე არმან მკრტუმიანი კი ამბობს, რომ საკანონმდებლო დონეზე სომხეთში სასამართლოს დამოუკიდებელი ფუნქციონირების საკითხი თითქოსდა მოგვარებულია, მაგრამ კანონის აღსრულებაში ჯერაც ბევრი სირთულე არსებობს:

[არმან მკრტუმიანის ხმა]“ ერთადერთი პრობლემა სასამართლო სისტემის მატერიალური უზრუნველყოფაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო ხელისუფლების დაფინანსების საკითხი საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების ნებაზე კი არ უნდა იყოს მიბმული, დამოუკიდებლად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოტენციურ პროფესიულ კადრებს დავკარგავთ.“

ქართველ მოსამართლეთა შედარებით მაღალი ხელფასი სწორედ ის კონკრეტული გამოცდილებაა, რომლის განხორციელებასაც სომეხი მოსამართლეები საკუთარ ქვეყანაში ისურვებდნენ. პროფესიული კადრების სიმწირეზე მიუთითებენ აზერბაიჯანელები. სასამართლო რეფორმას თანაბრად საჭიროებს სამივე ქვეყანა, აღნიშნა ჩვენთან საუბარში კონფერენციის მონაწილემ, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელსაც, მოგეხსენებათ, დისციპლინარული სასჯელით მოსამართლეობა შეუჩერეს. მისი თქმით, კონფერენციის ორგანიზატორი გერმანელი ექსპერტები დიპლომატიურად გაწონასწორებულ შენიშვნებსა და დასკვნებს აკეთებენ და ამით უდიდეს დახმარებას უწევენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სასამართლო სისტემებს, რომელთა პერსპექტიული მიზანი ევროპულ სისტემებთან ჰარმონიზაცია უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG