Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს არასაპარლამენტო ოპოზიცია


რუსეთიდან თბილისში დაბრუნებულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

მოძრაობა „ანტისოროსის“ აქტივისტები აეროპორტში გვირგვინებითა და სამგლოვიარო მუსიკით დახვდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ასე გამოხატა თავისი პროტესტი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 100 წლის იუბილეზე ნინო ბურჯანაძის გამოსვლამ გამოიწვია. პარლამენტის სპიკერის საქმიანობას ასევე უარყოფითად აფასებენ ლეიბორისტული პარტიის წევრები, თუმცა ისინი საკუთარ გულისწყრომას სულ სხვა ფორმით გამოხატავენ.

პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა, უმრავლესობისაგან განსხვავებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა არ მოიწონეს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი კრიტიკა საკმაოდ მოზომილი იყო.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]„მე მგონი, დღემდე რაც ხდება, ყველაფერი პრობლემის გამწვავებას ემსახურება. საერთოდ, ჩვენს ხელისუფლებაში, ჩვენს პოლიტიკაში ყოველთვის ჭარბობს გულის ფხანის პოლიტიკა.“

“ახალი მემარჯვენეების” მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქართული დიპლომატიის მარცხად მიიჩნევს ლეიბორისტული პარტიაც, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც ერთ მიზანს ემსახურებიან:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „ეს არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაღუპვა, მისი დისკრედიტაცია. თავად განსაჯეთ, სოფლის მეურნეობის პროდუქტი საქართველოში ლპება, ფუჭდება, საქართველოდან ვერ გადის და ამის ფონზე ქალბატონი ბურჯანაძე ჩადის და ამ ბლოკადის გაღრმავებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. მისი ვიზიტი იყო უაღრესად წარუმატებელი და საქართველოსთვის თავისმომჭრელი.“

ლეიბორისტების ამ მოსაზრებას სავსებით იზიარებენ მოძრაობა “ანტისოროსის” წევრები, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი, მაია ნიკოლეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს ქართველი ხალხის ბედით თამაშის გამო უსაყვედურებს, თუმცა “ანტისოროსი” მხოლოდ სიტყვიერ საყვედურს როდი სჯერდება. მაია ნიკოლეიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს აეროპორტში გვირგვინებითა და სამგლოვიარო მუსიკით რამდენიმე ასეული აქტივისტი დახვდა:

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] „ჩვენ ამ ფორმით გამოვხატავთ პროტესტს პარლამენტის თავმჯდომარისა და დღევანდელი ხელისუფლების არასერიოზული, ბავშვური და უზრდელური პოლიტიკის გამო. რომელ ქვეყანასთან ურთიერთობაშიც არ უნდა მჟღავნდებოდეს ეს და განსაკუთრებით რუსეთის მიმართ.“

უნდა ითქვას, რომ, პოლიტიკოსების მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარის რესეთში სტუმრობამ და რუსეთის სათათბიროს საიუბილეო სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გულგრილი ვერც რიგითი თბილისელები დატოვა. მე რამდენიმე მათგანს რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე.

[მამაკაცის ხმა] „ძალიან მომეწონა, ძალიან! აი, ასე უნდა მოვუაროთ რუსეთს. საერთოდ, რუსეთთან არანაირი კავშირი არ გვინდა, რუსეთის გაგონებაც კი არ მინდა!“

[მამაკაცის ხმა] „არ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება. ძალიან სავალალო შედეგებით დასრულდება ყოველივე ეს. ჩვენ დაბალანსებული პოლიტიკა გვჭირდება ამ მტაცებელი მეზობლების მიმართ. მოვდივართ და მოვტირით.“

ამჯერად, როგორც ჩანს, საქმე სატირლად ყველაზე მეტად ქართველ მეღვინეებს აქვთ. მათმა მცდელობამ დაებრუნებინათ რუსეთის ბაზარი, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო, ახალი სამომხმარებლო ბაზრების ათვისებას კი მეტი დრო და სახსრები სჭირდება. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კი, იოსებ შატბერაშვილი, ამტკიცებს, მთავრობა ქართული ღვინის ფსევდოპოპულარიზაციას ეწევა და ამ მიზნით თბილისში მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავების ჩამოყვანას აპირებსო. ლეიბორისტებისათვის უკვე ცნობილია პირველი სტუმრის ვინაობა:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „26 მაისს საქართველოს ეყოლება ძალიან ცნობილი სტუმარი, ქალბატონი ჯენიფერ ლოპესი, რომელიც მოიწვია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სთხოვა ჩამოსულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გაეწია ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ყველაფერ ამაში ქალბატონ ჯენიფერ ლოპესს სთავაზობენ არც მეტსა და არც ნაკლებს, ნახევარ მილიონ დოლარს.“

ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ ფლობენ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელსაც ხელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე აწერს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG