Accessibility links

ბიზნესი ხელისუფლებისგან თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას ითხოვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცნობილია, რომ, ჩვეულებრივ, ბიზნესურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევას ნაკლებად მოაქვს სასიკეთო შედეგი

და კერძო სექტორისათვის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე კარგი დახმარება იქნება ის, თუ ნაკლებად იაქტიურებენ იმ სფეროში, სადაც მათ არაფერი ესაქმებათ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციულად მაინც, ეკონომიკაში ლიბერალური პრინციპები დაამკვიდროს. ზოგჯერ ეს წარმატებითაც გამოსდის, თუმცა, როგორც წესი, სახელმწიფოს ”მზრუნველი ხელი” აბსოლუტურად საპირისპირო ეფექტს იღებს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ხშირად თავად ბიზნესი ითხოვს სახელმწიფოს ჩარევას ამა თუ იმ სფეროში, თუმცა ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიციული სენია, რადგან ამ სახელმწიფოებში პოლიტიკა და ბიზნესი მეტისმეტად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და პოლიტიკოსებიც არცთუ იშვიათად მიმართავენ ეკონომიკური ბერკეტებით მანიპულირების აპრობირებულ მეთოდებს.

გასულ კვირას საქართველოს ღვინის მწარმოებლები მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე ალაპარაკდნენ.
მათ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაც მოითხოვეს, რათა გაერკვიათ, არის თუ არა მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტი ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო, ღვინის თემაზე რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, ვიდრე კონფლიქტის დასაწყისში იყო. მეღვინეებს, პირველ რიგში, მხედველობაში ჰქონდათ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები. "ღვინის მწარმოებელთა კავშირის" გამგეობის თავმჯდომარის ლევან კობერიძის განცხადებით, მათ მთავრობის პოზიცია აინტერესებთ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

[ლევან კობერიძის ხმა]: "ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, მეწარმეები შეწუხებული და შეფიქრიანებულები ვართ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. გვაინტერესებს, სახელმწიფომ პროირიტეტები შეიცვალა თუ არა, რათა ბიზნესმა თავის გადაწყვეტილება მიიღოს. მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესისთვის პრიორიტეტები არ შეცვლილა, ჩვენთვის კვლავ მთავარ ამოცანად რუსეთის ბაზრის დაბრუნება რჩება."

მეღვინეების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, უცნობი დარჩა, მთავრობა და ბიზნესი შეთანხმდნენ თუ არა პრიორიტეტზე. თუმცა ნოღაიდელის კაბინეტიდან გამოსული მეღვინეები გაცილებით თავშეკავებულნი იყვნენ ხელისუფლების პოზიციის შეფასებებში, ვიდრე შეხვედრამდე.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით, უკეთ კი ამგვარი პოლიტიკის უქონლობით, უკმაყოფილონი არიან ”მრეწველებიც”. გოგი თოფაძის თქმით, მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და არ შეუძლია განსაზღვროს, როგორ უნდა გადაწყდეს მოსახლეობის დასაქმების პრობლემები. თოფაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მართავენ:

[გოგი თოფაძის ხმა] ”არავითარი ეკონომიკური სტრატეგია ხელისუფლებას არა აქვს, როგორ დაამაგროს ხალხი ადგილებზე, როგორ შექმნას მასიურად სამუშაო ადგილები და შეწყდეს ეს მიგრაციული პროცესები. თუ არ გაკეთდება, არ შემუშავდება ეკონომიკური სტრატეგია, არ გამოიკვეთება ის დარგები, რომლებიც უნდა ავამოქმედოთ ან დავასაქმოთ ხალხი. სამწუხაროდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც მართავენ ჩვენს ქვეყანას, ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან და მათი კონცეფცია - ”საქართველო მრეწველობის გარეშე” - ძალიან ლოგიკურად ვითარდება.” (სტილი დაცულია)

რამდენიმე კვირით ადრე თავის ცნობილ გამოსვლაში ბიზნესფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმაც ისაუბრა ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე. მოკლედ, ბიზნესი თავის უკმაყოფილებას, მართალია, მორიდებულად, მაგრამ მაინც გამოხატავს. მეწარმეები სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებასა და დეკლარირებული პრინციპებისადმი ერთგულებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG