Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მწვანეები” კახა ბენდუქიძეს საქართველოს მდინარეების პრივატიზების მცდელობაში ადანაშაულებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობაში მომზადებულ „წყლის რესურსების მართვის კონცეფციას“ „მწვანეთა მოძრაობა“ უპირისპირდება. „მწვანეები“ მიიჩნევენ, რომ კონცეფციის ავტორს,

სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს, საქართველოს მდინარეების პრივატიზება აქვს განზრახული. აღმასრულებელი ხელისუფლება კონცეფციის აუცილებლობას ჰიდრორესურსების ეფექტური მართვით და ბუნებრივი კატასტროფების შემცირებით ხსნის. რეალურად რას გულისხმობს მთავრობის ახალი ინიციატივა და იქნება თუ არა საქართველოში კერძო მდინარეები და ტბები?

საქართველოს მთავრობაში მომზადებული კონცეფციის თანახმად, წყლის რესურსების მართვა ქვეყანაში ერთიანი სააუზო სისტემით განხორციელდება და ცალკეული მდინარეების აუზი ერთ სუბიექტს გადაეცემა მართვაში. სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, ჰიდრორესურსებით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება და აუცილებელია, ამ სფეროს მართვის ეფექტური სისტემა ჩამოყალიბდეს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „მდინარე, მისი კალაპოტით, წყალსატევებით, ჭაობებით, ფერდობით, დელტით, განიხილება როგორც ერთი ჰიდროგეოლოგიური ობიექტი და ამის მართვა უნდა იყოს განხორციელებული ერთიანად, ინტეგრირებულად.“ (სტილი დაცულია)

წყლის რესურსების მართვის ერთიან კონცეფციას ეწინააღმდეგებიან საქართველოს „მწვანეები“. მათი ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ კახა ბენდუქიძემ ეს კონცეფცია რუსული კანონის ანალოგიით შექმნა და მას მდინარეების პრივატიზება აქვს განზრახული:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „რუსეთის დუმამ მიიღო ახალი წყლის კოდექსი დაახლოებით იმავე პრინციპებით, თუმცა კერძო საკუთრებაზე იქ ნაკლებად არის ლაპარაკი, მაგრამ ამას მოჰყვა რუსეთში საშინელი აჟიოტაჟი და წინააღმდეგობა და ამ კანონის მიღება არის შეჩერებული, რადგან რუსეთის ფედერაციის ზედა პალატა აჩერებს ამ კანონს და აღარ ღებულობს და, ეტყობა, ამის ანალოგიურად ბენდუქიძემ იფიქრა (რადგან რუსეთიდან არის ჩამოსული და იქ გაზრდილი), რომ რუსეთის ანალოგიას გაატარებდა საქართველოში.“ (სტილი დაცულია)

„მწვანეების“ ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს სახელმწიფო მინისტრი. კახა ბენდუქიძე ამშვიდებს ოპონენტებს, რომ საქართველოს მდინარეებისა და ტბების გაყიდვას არ აპირებს. მისი თქმით, დღეისთვის ნაპირების გამაგრებაზე და წყლის რესურსების გამოყენებაზე სხვადასხვა სუბიექტები ზრუნავენ.
ბენდუქიძე ირწმუნება, რომ კონცეფცია ევროპის ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით არის შექმნილი, ევროპაში კი მდინარე, თავისი ნაპირებით, დელტითა და რესურსებით, ერთიან ობიექტად განიხილება და, შესაბამისად, მას ერთი სუბიექტი მართავს. საქართელოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო უწყება, ან კერძო კომპანია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ მენეჯმენტში გადაცემისას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პირობები იქნება წაყენებული:

[გიორგი პაპუაშვილი] „გადაეცეს მენეჯმენტში, ანუ მართვაში, იჯარით, მკაცრად დაცული პირობების საფუძველზე მართვა რაღაც ცალკეული ბასეინის წყლების რესურსების. ეს იქნება მხოლოდ მართვა და წყლის რესურსების გასხვისება და წყლის კერძო საკუთრებაში მიცემა ისე, რომ არავინ არ შეუშვას, ბუნებრივია, ასეთი რაღაცეები, მარტივად რომ ვთქვათ, არ ხდება.“ (სტილი დაცულია)

მთავრობის ახალი ინიციატივის სასარგებლოდ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს დამატებით არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ბოლო დროს გახშირებულმა წყალდიდობებმა მდინარეების აუზთა მართვის ეფექტური მოდელის შექმნის საჭიროება უფრო თვალსაჩინო გახადა.
XS
SM
MD
LG