Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთის, ირანის და ალიანსის გაფართოების საკითხები განიხილეს


ავღანეთში ნატოს მისიის გაძლიერება, ირანის ატომური პროგრამა და საკუთრივ ალიანსის გაფართოება - ეს გახლავთ საკითხები, რომელთა შესახებაც სოფიაში მიმდინარე

არაოფიციალურ შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ. ვრცელდება ცნობა, რომ შეერთებული შტატები, შესაძლოა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას ცდილობდეს.

ხუთშაბათს, ბულგარეთის დედაქალაქში სიტყვით გამოსვლისას, ნატოს პრესმდივანმა ჯეიმს აპათურაიმ განაცხადა, რომ ავღანეთში ნატოს მისიის გაფართოებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ეს ნიშნავს, რომ ავღანეთში ნატოს სამხედროთა რაოდენობა 9 ათასიდან დაახლოებით 17 ათასამდე გაიზრდება.

აპათურაის ამ განცხადებით ორდღიანი არაოფიციალური შეხვედრის პირველი დღე დასრულდა. პარასკევს კი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-უკრაინისა და ნატო-რუსეთის კომიტეტებს ხვდებიან.

სოფიაში მიმდინარე შეხვედრაზე ოფიციალური განცხადებები ან გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. თუმცა ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ეს შეხვედრა შემოდგომაზე რიგაში დანიშნული მნიშვნელოვანი სამიტისთვის მოამზადებს ნიადაგს.

მოსალოდნელია, რომ რიგის სამიტის მთავარი თემა ალიანსის გაფართოება იქნება. საქართველოს გარდა, ნატოში გაწევრიანების სურვილს კიდევ ოთხი ქვეყანა გამოთქვამს - უკრაინა, ხორვატია, მაკედონია და ალბანეთი.

რიგის სამიტზე ეს ქვეყნები გაწევრიანების ოფიციალურ წინადადებას ვერ მიიღებენ - თუმცა, იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ნოემბრის სამიტზე ნატო მკაფიოდ გამოხატავს გაფართოების შესახებ საკუთარ პოზიციას:

[სხეფერის ხმა] ”ცხადია, რომ მთავარი სიგნალი, რომელსაც მოკავშირეები რიგის სამიტიდან გავგზავნით, ის იქნება, რომ ყველაფერი მათ მიღწევებზეა დამოკიდებული. ეს პროცესი მხოლოდ მიღწევებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. ვფიქრობ, რიგის შეხვედრაზე ეს სიგნალი გამოიკვეთება - თუმცა უშუალოდ გაწევრიანების წინადადებას რიგის სამიტიდან არ უნდა ელოდონ.”

სოფიაში გამგზავრებამდე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოს თაობაზეც ისაუბრა. მან ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობას ”ნაყოფიერი” უწოდა და განაცხადა, რომ, გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთან ერთად, რიგის სამიტიდან სიგნალს საქართველოც მიიღებს.

ზოგადი განწყობა, რომელიც სოფიაში მიმდინარე შეხვედრას თან ახლავს, ის არის რომ ნატო გაწევრიანების მსურველებს თანდათან უღებს კარს. ამ პროცესში ყველაზე წინ ბალკანეთის ქვეყნები არიან.

თუმცა ბრიტანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა გამოცემამ, ”Financial Times"-მა, ამ კვირაში, ნატოს წარმომადგენელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაწერა, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ალიანსში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ცდილობენ, რათა ამით ქვეყანაში განვითარებული დემოკრატიული პროცესები კიდევ უფრო გამყარდეს.

როგორც ამბობს ნატოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სთხოვა გაზეთს, არ გაემხილა მისი ვინაობა, ვაშინგტონს სურს, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა სექტემბრისთვის მიიღოს, რაც კიევს შესაძლებლობას მისცემს, ალიანსში გაწევრიანდეს შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2009 წლის იანვრამდე. სტატიის თანახმად, უკრაინის ნატოში გაწევრიანება თავად ჯორჯ ბუშის დიდი სურვილია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ტარასიუკმა კი საკუთარ გამოსვლაში უკრაინის სურვილები ცალსახად გამოხატა:

[ტარასიუკის ხმა] ”ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული უკრაინის სტრატეგიული კურსი შეუქცევადია.”

ტარასიუკის განცხადებით, უკრაინას ნატოში 2008 წლისთვის გაწევრიანების იმედი აქვს.

სოფიაში მიმდინარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავი შეიკავა:

[რაისის ხმა] ”უკრაინის მთავრობა და უკრაინის ხალხი გადაწყვეტენ, სურთ თუ არა ამის მიღწევა. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად მათ ბევრი მუშაობა მოუწევთ.”

სოფიაში ირანის ატომურ პროგრამაზეც მსჯელობენ, თუმცა იაპ დე ჰოოპ სხეფერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირანთან მოლაპარაკების პროცესში ნატო ოფიციალურად არ არის ჩართული. ამავე დროს, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ირანის ატომური პროგრამის საკითხი ის პოლიტიკური საკითხია, რომელიც აქტუალურია ნატოსა თუ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზეც.


  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG