Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინის ომიდან პოლიტიკოსთა ომამდე - ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სანკტ-პეტერბურგში და ქართველი მეღვინეების გასაჭირი


"ღვინის ომი” თავის პოლიტიკურ შეფერილობას უფრო და უფრო აშკარად ავლენს. ამ ომში პირველ პლანზე პოლიტიკოსები ჩანან და ერთმანეთთან სალაპარაკო

ენას თითქმის ვეღარ პოულობენ. რუსეთში ქართულ ღვინოზე ცივ უარს ამბობენ, ქართველი მეღვინეებისთვის რუსეთის ბაზარი უალტერნატივოა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი, სხვა ბაზრების დაპყრობის იმედით, ქართველებზე გაბრაზებულ რუსებს, ღვინის ნაცვლად, ცივი წყლის დალევას ურჩევენ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რუსმა დეპუტატებმა მუშტები უბრახუნეს. ამ გამოსვლის შემდეგ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა ჩაშალა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ. რა ხდება რუსეთ- საქართველოს ურთიერთობაში, საით მიდის ”ღვინის ომი” და რას ფიქრობენ პოლიტიკაზე ქართველი მეღვინეები?

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ” ნება მომეცით შემოგთავაზოთ დემოკრატიისა და პროგრესის, ჩვენს ქვეყანაში პარლამენტარიზმის განვითარების და, რაც მთავარია, რუსეთის სადღეგრძელო.”

ვლადიმირ პუტინის მიერ შეთავაზებული სადღეგრძელო დუმის საიუბილეო სხდომის შემდეგ გამართულ საზეიმო ვახშამზე ფრანგული ღვინით დაილია, თუმცა ადრე რუსები რუსეთს ქართული ღვინითაც ადღეგრძელებდნენ. ვითარება შეიცვალა. რუსეთში ქართული არც ღვინო უნდათ, არც ციტრუსი და არც მინერალური წყლები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი გამიჯვნის მტკივნეული პროცესის შედეგია. ”ჩვენ ვემიჯნებით ფასეულობებს, ჩვენ ვემიჯნებით ჩვენი განვითარების ფილოსოფიას,” - ორიოდე დღის წინ ასე აღწერა გელა ბეჟუაშვილმა რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა და მაინც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჭიროდ მიიჩნია დასწრებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საიუბილეო ღონისძიებას და საიუბილეო სხდომის ტრიბუნა საქართველოს ინტერესების დასაცავად გამოეყენებინა.

”რუსეთში ყველამ უნდა გაიგოს, რომ შეუძლებელია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების ხელშეწყობის გარეშე. ჩვენ და თქვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა. სათათბიროს 100 წლის იუბილზე ჩვენმა დასწრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორმალურ რუსეთთან დიალოგისათვის ჩვენი მზადყოფნა. მაგრამ იმისათვის, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა გახდეს, ჩვენი სურვილი საკმარისი არაა. ” - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასეთ გამოსვლას რუსმა დეპუტატებმა მუშტის ბრახუნით უპასუხეს. მაგრამ, რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემების მიუხედავად, საქართველოში რუსის მუშტი აღარ აშინებთ:

[ელენე თევდორაძის ხმა] ” ბრავო, ნინო! ბრავო, ქალი! გმადლობთ.” (სტილი დაცულია)

ნინო ბურჯანაძეს დუმის საიუბილეო სხდომაზე გამოსვლის გამო ”ბრავო!” ქართველმა კოლეგებმა უთხრეს - საპარლამენტო უმრავლესობიდან. ოპოზიციამ კი სანკტ-პეტერბურგში მისი გამგზავრება მაინცდამაინც მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის ინსპირირებაში სდებენ ბრალს, მაგალითად, ასეთი განცხადების გამო:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ” რუსები თუ ასე გაბრაზდნენ ჩემი განცხადების გამო, ქართული ღვინის ნაცვლად დალიონ ცივი წყალი, რაც ასევე უხარისხოა მოსკოვში, ქართულ წყალთან შედარებით. ” (სტილი დაცულია)

ეს იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პასუხი მისივე განცხადების გამო რუსი დეპუტატების გამოსვლებზე. ოქრუაშვილმა თქვა, რომ რუსეთის დაბალ სამომხმარებლო ბაზარზე ფეკალური მასაც კი გაიყიდება, რომ საქართველო ”ღვინის ომიდან” გამარჯვებული გამოვა და ძნელად, მაგრამ მაინც დაუმკვიდრებს საკუთარ პროდუქციას ადგილს ევროპის ბაზარზე. მეღვინეებს ასეთი ოპტიმისტური გამოსვლები ვერ ახარებთ. ისინი 28 აპრილს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, ”ღვინის მწარმოებელთა კავშირის” გამგეობის თავმჯდომარის ლევან კობერიძის თქმით, იმის გასარკვევად, ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება თუ არა რუსეთის ბაზრის დაბრუნება:

[ლევან კობერიძის ხმა] ” ჩვენ ვაპირებთ შევთაზავოთ მთავრობას შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი რუსეთის ბაზრის დაბრუნებისთვის და თუ ხელისუფლება აღარ განიხილავს რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით, ასეთი ჯგუფის შექმნას რა აზრი აქვს. ”(სტილი დაცულია)

რუსეთის ბაზარი ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის უალტერნატივოა. ლევან კობერიძის თქმით, ამ ბაზრის გარეშე სერიოზულ ქართულ კომპანიებს ფინანსური კრიზისი 2-3 თვეში დაუდგებათ.



XS
SM
MD
LG