Accessibility links

logo-print

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები და


“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები და

მოქმედების ხერხები ხშირად არ თანხვდება პროფესორ გურამ შარაძის პოზიციებს... პროტესტს გამოვთქვამთ მისი დაპატიმრების გამო,”- ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის” საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელიც ამ კვირაში გავრცელდა თბილისში.

ქართველი მეცნიერების ეს წერილი იმასაც დააფიქრებს, ვისი “შეხედულებები და მოქმედების პრინციპები” არათუ გურამ შარაძის, არამედ თავად ამ საზოგადოებრივი მოძრაობის პოზიციებს არ თანხვდება. ძნელია ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც წარმოიდგინო, ვინც არ დაეთანხმება მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისთვის მოღვაწეთა თუნდაც აი, ამ მოსაზრებას:

“საზოგადოებამ მრავალჯერ იხილა, თუ როგორ აყენებენ ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორი იარლიყებით ამკობენ ინტელიგენციას ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, როგორ შერაცხეს გმირად დეპუტატი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამხრეებიან პოლიციის თანამშრომელს და როგორ დააწინაურეს პრეზიდენტის რწმუნებული დეპუტატი, რომელმაც პარლამენტის შენობაში მთელი ქვეყნის დასანახად სცემა თავის კოლეგას... აშკარაა, რომ ხელისუფლება ხელმძღვანელობს ბოლშევიკური პრინციპით: “ის ნაძირალაა, მაგრამ ის ჩვენი ნაძირალაა.”

“საზოგადოებამ მრავალჯერ იხილა”, “მთელი ქვეყნის დასანახად”... ეს არ არის შემთხვევითი ფრაზები იმ ქართველი მეცნიერების მიმართვაში, რომლებიც გურამ შარაძეს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ... პროფესორმა შარაძემ “მთელი ქვეყნის დასანახად” მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უნივერსიტეტის ახალ რექტორს, მაგრამ “მთელი ქვეყნის დასანახად” აგინეს ერთმანეთი პარლამენტარებმა, მთელი ქვეყნის დასანახად გაიმართა ცემა-ტყეპა საკრებულოში... ის, რასაც ვხედავთ – ფაქტია... ფაქტია ისიც, რასაც ვისმენთ – რაც “მთელი ქვეყნის გასაგონად” ჟღერს.

[ჩხუბი პარლამენტში]

საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის” არც ინტელიგენციას ახსენებს შემთხვევით... “ინტელიგენცია”, როგორიც არ უნდა იყოს მისი ცალკეული წარმომადგენლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი, “კულტურის გუშაგია”... ამ შემთხვევაში იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ კულტურას მფარველობს ესა თუ ის “ინტელიგენტი”... “უკულტურო ადამიანიო” იტყვის ეს ხალხი, აი, ამ სიტყვების გაგონებაზე:

[ჩხუბი პარლამენტში]

ნიშანდობლივია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც პროფესორმა შარაძემ მიაყენა უნივერსიტეტის რექტორს, გამოიხატა სიტყვაში “ქურდი”, რომელიც, მოგეხსენებათ, ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის ტელეეკრანებიდან ხელისუფლებისა და ოპოზიციის დებატებში... უბრალოდ, “ქურდს” კიდევ ერთ სიტყვას, “კანონიერს”, უმატებენ ხოლმე... დღევანდელ კანონმდებლებს არ უყვართ, როცა კანონებს არა ხალხის რჩეულები, არამედ ქურდები ადგენენ. ქართული კულტურის ის წარმომადგენლები, რომელთაც ჩვენ ამ კვირაში გამოქვეყნებულ წერილზე ვესაუბრეთ, მიმართვის პათოსს იზიარებენ, თუმცა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი ლელა ოჩიაური იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკოსის (და არამარტო პოლიტიკოსის) საქციელი ზრდასრულ ადამიანზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს:

[ლელა ოჩიაურის ხმა] “იმედია, მათი ცუდი მაგალითი ჩვენზე ზემოქმედებას აღარ მოახდენს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს უსმენენ ახალგაზრდები, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ახალგაზრდებიც – ეს მათი ქვეყანაა და მათი ხელისუფლებაა, რომელიც, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ხელისუფლების სახეა... და თუკი ხელისუფლების წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი, მოწინააღმდეგეს აყენებს შეურაცხყოფას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, როცა ბილწსიტყვაობს, როცა აგრესიულია, ამან არ შეიძლება ვინმეს კარგი მაგალითი მისცეს. თუ ხელისუფლებას ჭკუა აქვს, იგი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ საზოგადოების სიმპათია გამოიწვიოს.”

მაგრამ ჩვენი კულტურის მუშაკები აქ, როგორც ჩანს, ერთ ნიუანსს არ ითვალისწინებენ: ერთია, რომ აგრესია და ბილწსიტყვაობა აღიზიანებს იმას, ვინც კულტურისა და განათლების “გუშაგად” მიიჩნევს თავის თავს და მეორეა საზოგადოება... არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც ცხადს გახდის, როგორია ხალხის დამოკიდებულება დღევანდელი და ყოფილი პარლამენტარების “ქუჩური გამოხტომების” მიმართ... თანაც, არც იმის გარანტია არსებობს, რომ ხალხი იტყვის – დავგმოთ მათი ასეთი საქციელიო, გულის სიღმეში კი შეიძლება გაამართლოს პარლამენტარების ძველბიჭური ენა... პუბლიცისტ ნოდარ ლადარიას აზრით, ხალხის უმრავლესობა, უბრალოდ, ჯერ მზად არ არის, მოისმინოს “სხვა ენა”:

[ნოდარ ლადარიას ხმა] “ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ გიგა ბოკერიას, რომელიც ლაპარაკობს ჩვენი სინამდვილისგან აბსტრაგირებულ ენაზე და გასაგებია, რასაც იწვევს ეს – გაუგებრობას და ანტიპათიას.”

“ორმაგი სტანდარტების გამოყენება - განსაკუთრებით ადამიანის ქცევის შეფასებისას - დაუშვებელია,” – აღნიშნულია მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისთვის მებრძოლთა მიმართვაში. და, აი, აქ შეიძლება, მართლაც, არსებობდეს დისონანსი იმას შორის, რაც გვესმის და რასაც ვხედავთ. კულტურის მოღვაწეები ამ დისონანსს ყველაზე უკეთ უნდა გრძნობდნენ.

[ნოდარ ლადარიას ხმა] “არა მგონია, რომ პოლიტიკოსები საზოგადოებაში უნდა იყვნენ განმახორციელებლები ჩეხოვის ცნობილი ფორმულისა, რომ ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ღირებულებები, რომელსაც დეკლარირებულად ჩვენი სახელმწიფო აცხადებს, ეს არა აქვთ შესისხლხორცებული იმ ადამიანებს (საკუთარი ზნეობრივი პრინციპების დონეზე), რომლებიც საზოგადოებაში ამას ახორციელებენ. ამიტომაა სწორედ, რომ ჩვენ ვაწყდებით დისონანსს, როდესაც ქადაგებენ ლიბერალურ დემოკრატიას, მაგრამ ერთმანეთთან დამოკიდებულება აქვთ, როგორც სახარებაშია ნათქვამი...როგორც “ქუაბ ავაზაკთა”, როგორც ავაზაკებს... ეს არ ნიშნავს, რომ ავაზაკები არიან, უბრალოდ, დამოკიდებულება აქვთ ასეთი ერთმანეთთან. ეს იმის ბრალია, რომ პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი სახელმწიფო, არ არის ადამიანის შინაგანი პრინციპების დონეზე აყვანილი.”(სტილი დაცულია)

ეროვნული მეცნიერებისა და განათლების დამცველთა მიმართვა კონკრეტულად პროფესორ შარაძის დაპატიმრებას ეძღვნება. ამ ორგანიზაციის ოპონენტები ვერ უარყოფენ ფაქტებს, რომელთაც მიმართვის ავტორები იხსენებენ. თუმცა ოპონენტებსაც შეუძლიათ დასვან კითხვა: პროფესორ შარაძის დაცვის მიზნით, წერილის ავტორები საქართველოში “სხვაგვარად მოაზროვნეთა” დაშინებაზე მსჯელობენ, მაგრამ რატომ არ გამოხატეს მათ პროტესტი, როცა “სხვაგვარად მოაზროვნეებს” თავად პროფესორი შარაძე და მისი მხარდამჭერები ებრძოდნენ? რა არის ეს, - ვეკითხებით ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურს, – ისევ “ორმაგი სტანდარტები” თუ ქართული ტემპერამენტი... იქნებ ეთიკისა და კულტურის საზღვრების დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენაა ხალხისთვის, ვისაც, როგორც იტყვიან ხოლმე, “სისხლი თავში აუვარდა” ?

[ლელა ოჩიაურის ხმა] “თუ ასეა, ჩვენცა გვაქვს ეს ტემპერამენტი... ეს, ალბათ, უფრო არის აღზრდის ბრალი და არა მხოლოდ აღზრდის, არამედ უფრო საკუთარი თავის “გაზრდის”... თქვენ ბრაზობთ, ე.ი. თქვენ ტყუით ხომ?”
XS
SM
MD
LG