Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 641-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 641-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რის მაუწყებელია მთავრობისა და მედიის ურთიერთობის ახალი ფორმა; დავინტერესდებით, როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი და რას ფიქრობენ ერთმანეთზე ქართველები და რუსები; ვეცდებით გავარკვიოთ, როგორი მომავალი აქვს საქართველოში თვითმმართველობას; შემოგთავაზებთ მასალას ცნობილ ინდოელ დირიჟორზე ზუბინ მეტაზე, რომელსაც ამ დღეებში 70 წელი უსრულდება; დღეს ჩვენი სტუმარია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი; "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

რის მაუწყებელია მთავრობისა და მედიის ურთიერთობის ახალი ფორმა?

დავით კაკაბაძე:
ოთხშაბათს საღამოს საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში რამდენიმე ათეულ ჟურნალისტს უმასპინძლა. მარმარილოს დარბაზში ერთ რიგად გამწკრივებულ მინისტრთა თითქმის სრულ შემადგენლობას მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აკლდა. მთავრობის ახალ "მედიაინიციატივას" ჟურნალისტები და ექსპერტები არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგიერთ მათგანმა აზრი გაუზიარა რადიო "თავისუფლების” თბილისელ კორესპონდენტს ალექსანდრე ელისაშვილს.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "იმედი მაქვს, რომ ამასობაში მოიფიქრებთ კითხვებს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი თქვენი... რაც არ უნდა მწვავე იყოს კითხვა. ამისთვის არსებობს საზოგადოებაში მთავრობა. ბუნებრივია ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. იქნება თუ არა ეს ტრადიციული, ვნახოთ..."

[ჟურნალისიტის კითხვა] "რატომ გადაწყდა ასეთი შეხვედრა?"

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "ცუდია? ცუდი იდეაა?"

ალექსანდრე ელისაშვილი:
საერთო შეფასებით, ხელისუფლების გახსნილობა, მეტი საჯაროობა და ხშირი შეხვედრები ჟურნალისტებთან ცუდი იდეა ნამდვილად არაა, მაგრამ ბევრს ოთხშაბათს საღამოს, მედიისა და მთავრობის ერთსაათიანი დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ, არაერთგვაროვანი გრძნობა და მრავალი შეკითხვა გაუჩნდა. მაგალითად, რატომ არ იყო ამ შეხვედრის სამზადისის შესახებ წინასწარ არაფერი ცნობილი? მთავრობის ახალ ინიციატივას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე. გაზეთ "24 საათში" მან ამ შეხვედრის შესახებ საგანგებო სვეტი დაბეჭდა. გაზეთში გამოქვეყნებული შთაბეჭდილება ნინია კაკაბაძემ ჩვენთან საუბარშიც გაიმეორა:

[ნინია კაკაბაძის ხმა] "ჩემს მიერ დაწერილ სტატიაში აღვნიშნე კიდეც, რომ ალბათ ბრეჟნევის ეპოქაში რომ იყო, მაშინაც იყო ასეთი შეხვედრები ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის, მაგრამ აი, ასეთი ერთსულოვნება, ასეთი კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ, ალბათ მაშინ თუ იყო ასე მკვეთრად შესამჩნევი, როგორც ეს იყო, მაგალითად, ამ შეხვედრაზე."

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრებით ხელისუფლებას საჯაროობისა და გახსნილობის იმიჯის განმტკიცება სურს. ამ მცდელობებს ქორიძე ედუარდ შევარდნაძის ტრადიციულ, ორშაბათის ბრიფინგებს ადარებს, რომელიც ახალი ხელისუფლების ახალ ინიციატვებს დემოკრატიულობით ნამდვილად აღემატებოდა, რადგან, ჯერ ერთი, ამ ბრიფინგებს გაცილებით მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა და, რაც მთავარია, ეს შეხვედრები ტრადიციული და უფრო ხანგრძლივი იყო. საერთო ჯამში, მედიისადმი ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას ზვიად ქორიძე "ფსევდოდემოკრატიულს" უწოდებს:

[ზვიად ქორიძის ხმა] "დემოკრატიულობის ხარისხი განისაზღვრება ამ ინტერაქტიულობით. მედია რამდენად აქტიურია და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება მის რეაქციებზე. დღეს სააკაშვილი, რომელმაც კარგად იცის მედიის ფასი, ბოლომდე ცდილობს, გამოიყენოს მედია თავის სასარგებლოდ, როგორც ამას აკეთებდა ოპოზიციონერობის დროს, მაგრამ, როგორც კი სცადა ხელისუფლებისთვის მიუღებელი ქმედებები მედიამ, იგი დაისაჯა, დაისაჯა სხვადასხვა ფორმით ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში."

მედიისადმი შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების დამოკიდებულებას ერთმანეთთან ადარებს ნინია კაკაბაძეც:

[ნინია კაკაბაძის ხმა] "ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ შევარდნაძის დროს, შევარდნაძის ეპოქაში, მედია იყო მეტად დაუმორჩილებელი, ვიდრე ეს არის დღეს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მედიის უმეტესი ნაწილი სწორედ შევარდნაძის დროს გაიხრწნა და გაიყიდა."

ამ საკმაოდ მძიმე შეფასებას იზიარებს ზვიად ქორიძეც. მისი აზრით, ჟურნალისტთა დიდ ნაწილს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კარგი ურთიერთობის ცდუნება აქვთ, რაც შემდგომში მათ საქმიანობაზე აისახება. ყველაფერ ამის შეფუთვა კი, ზვიად ქორიძის თქმით, ეფექტიანად დამკვიდრებული ტერმინით - "თვითცენზურით" ხდება:

[ზვიად ქორიძის ხმა] "თვითცენზურა ამ შემთხვევაში, როგორც იყენებს დღეს საქართველოში, ეს არის ალიბი ხელისუფლებისთვის. ის ამბობს, რომ ჟურნალისტს აქვს თვითცენზურა, თორემ ცენზურა ქვეყანაში არ არის. დღეს შემოვიდა სხვა ტიპის ცენზურაც, კულუარული, რომელიც უმთავრესად გამოიხატება სარედაქციო პოლიტიკის წარმართვაში, ცალკეულ ჟურნალისტებთან მუშაობით და, რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის გამოიხატება მედია-მფლობელებთან გარიგებით."

ზვიად ქორიძეცა და ნინია კაკაბაძეც მიიჩნევენ, რომ მედიაში ჯანსაღი კრიტიკისა და ამ კრიტიკაზე ხელისუფლების შესაბამისი რეაგირების გარეშე დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამ მიმართულებით სვლის ტენდენციებზე კი ისინი საკმაოდ პესიმისტურ შეფასებებს აკეთებენ. დემოკრატიული სახელმწიფოს სრულ ჩამოყალიბებამდე კი ბევრს აღელვებს კითხვა: როდის იქნება მთავრობის მორიგი გაფართოებული შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და დამკვიდრდება თუ არა ეს შეხვედრები ტრადიციად?

როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი?

დავით კაკაბაძე:
დიდი აღმოჩენა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მედია დიდ როლს ასრულებს. საზოგადოებრივი აზრი კი განსაკუთრებით ძვირად ფასობს დემოკრატიულ ქვეყნებში. სწორედ საზოგადოების მოსაზრების გათვალისწინებას ცდილობს დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებამდე. ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლება თვითონ ესწრაფის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას და ხშირად აღწევს კიდეც სასურველ შედეგს. მაგალითად რუსეთის მოსახლეობა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მტრულად განწყობილ ქვეყნად მიიჩნევს, რაც დიდწილად მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დამსახურებაა. რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე უფრო მეტს თამარ ჩიქოვანისგან შეიტყობთ.

თამარ ჩიქოვანი:
15-16 აპრილს რუსეთის სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა რუსეთის 46 რეგიონში მორიგი კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად, დადგინდა როგორც რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების ჩამონათვალი, ისე იმ ქვეყნების რიგითობა, ვინც რუსეთში მტრად აღიქმება. მეგობართა სიაში აღმოჩნდნენ ბელორუსია, გერმანია და ჩინეთი; მტრების - აშშ-ი, ჩინეთი და საქართველო.

სოციოლოგი გაგა ნიჟარაძე თავისი რუსი კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევათა შედეგის კომენტირებისას ამბობს, რომ, პირადად მისთვის შედეგი შოკის მომგვრელია:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "ყველაზე მეგობრულ ქვეყანას ეძახიან ბელორუსიას და ეს არის 19 პროცენტი, გერმანია - 14, ჩინეთი - 10 და ყაზახეთი - 7. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი, როცა ამხელა სახელმწიფოს არა ჰყავს მეგობრები, ბელორუსიის გარდა, და ისიც 19 პროცენტია. მართლაც, დრამატული შედეგია. ეს იდენტურობის სერიოზული კრიზისია." (სტილი დაცულია)

დღეს რუსეთს უჭირს საკუთარი ადგილის დანახვა ახალ სამყაროში, ბევრს ჯერ კიდევ აწუხებს საბჭოთა იმპერიის ნოსტალგია - გამოკითხვით, საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეას მხარს გამოკითხულთა 21 პროცენტი უჭერს. სხვები ეგუებიან ახალ რეალობას, მაგრამ განსაკუთრებული ადგილის დაკავების სურვილზე უარს ვერ ამბობენ. გაგა ნიჟარაძის აზრით, ამ მიზეზით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ დღევანდელ რუსეთში ნომერ პირველ მტრად კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ - ასეთი მოსაზრება აქვს გამოკითხულთა 45 პროცენტს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "ეგეც მძიმე რამეა, მძიმეა იმ ფონზე, რომ ამერიკას რუსეთის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. რუსეთი ამერიკისთვის აღარ არის კონკურენტი არც სამხედრო, არც ეკონომიკურ სფეროში - ყოველ შემთხვევაში, სხვა, უფრო სერიოზული, კონკურენტები ჰყავს, მაშინ როცა რუსეთისთვის მსოფლიო მასშტაბის ქვეყნად არსებობა ჯერ კიდევ აქტუალურია."

ის, რომ საქართველო რუსეთის მტრების სიაში მესამე ადგილას აღმოჩნდა, გაგა ნიჟარაძის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მედიის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "საქართველოსთან დამოკიდებულებაც ძალიან რთულია. საქართველო დასახელებულია ნომერ მესამე მტრად - ამერიკისა და ჩინეთის შემდეგ. ესეც ნამდვილად მედიის შექმნილი იმიჯია და ამ შემთხვევაში საქართველო არის ე.წ. განტევების ვაცი: მთელი უარყოფითი, ნეგატიური ენერგია მიიმართება საქართველოს წინააღმდეგ."

რაც შეეხება საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ აზრს რუსეთის მიმართ: მართალია, ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არაერთხელ აღშფოთებულან ქართველი პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით, საქართველოში ანტირუსული განწყობილება არ შექმნილა, - ამბობს გაგა ნიჟარაძე და ამ მოსაზრებას რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ამყარებს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "ჩვენ გვქონდა გამოკვლევა ამ 6-7 წლის წინ: ვისთან იურთიერთებდით, იმეგობრებდით, დაქორწინდებოდით და ა.შ. პირველ ადგილზე არიან დასავლელები - ამერიკელები და ევროპელები - და მეორეზე - რუსები და უკრაინელები. ამიტომ რაიმე ანტიპათიაზე საუბარი... პირიქით, ვიღაც სერიოგაზე ინგრევა დარბაზები. რუსული ესტრადა და რუსული კულტურა მუშაობს."

ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობის მიუხედავად, - ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის საზოგადოების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას, - ქართველი პოლიტიკოსები ხშირად ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ. გაგა ნიჟარაძის აზრით, თუ წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან ურთიერთობისას სიფრთხილე თვალშისაცემი იყო, დღეს ეპატაჟური ქცევა პოლიტიკაში კარგ ტონადაა მიჩნეული:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილია კონტრასტის ეფექტი. ასეთ მაგალითს მოვიყვან: როცა სიტყვის თავისუფლება გაჩნდა, ქართველებმა - და არამარტო ქართველებმა - რამდენიმე ფილმი გადაიღეს, რომელიც სავსე იყო უწმაწური ლექსიკით. ადრე არ შეიძლებოდა - ახლა აკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე შეიძლება. არ შეიძლება მეზობელს უთხრა, რომ ფეკალიებს ჭამ - ეს ერთი მაგალითია, გაგრძელება შეიძლება. მაგრამ კონტრასტის ეფექტი მუშაობს და ამას მოწესრიგება სჭირდება."

დავით კაკაბაძე:
ასეთი გახლავთ სოციოლოგის მოსაზრება. იმაზე, თუ როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი და რატომ მიიჩნევენ საქართველოს მტრად რუსეთში, გაგა ნიჟარაძე თამარ ჩიქოვანს ესაუბრებოდა.

თვითმმართველობის მომავალი საქართველოში

დავით კაკაბაძე:
ამ კვირაში საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი". ეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია თითქმის 60 წელია, მსოფლიოში თავის როლს ასრულებს ისეთი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში, სადაც მთავრობა პასუხს აგებს საკუთარი ხალხის წინაშე, დაცულია კანონის უზენაესობა, აზრის გამოთქმისა და ასოციაციების შექმნის, აგრეთვე, ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები. "ფრიდომ ჰაუსის" პარტნიორი საქართველოში არის მშვიდობის, დემოკრატისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. სტუმარი და მასპინძელი ორგანიზაციების ძალისხმევით თბილისში უკვე გაიმართა ერთი საჯარო დისკუსია, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეეხო, ხოლო მონაწილეებმა ყურადღება ადგილობრივი მმართველობის პრობლემებზე გაამახვილეს. წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად დისკუსიის მსვლელობისას სწორედ შემოდგომაზე გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები დაასახელეს. "თუ მთავრობა ამ არჩევნებს გამჭვირვალედ ჩაატარებს, იგი კარგად შეუთავსებს ერთმანეთს ამ პროცესსა და რეფორმების განხორციელების სურვილსო" - აღნიშნა "ფრიდომ ჰაუსის" დირექტორის მოადგილემ ტომას მელიამ. ჩვენი კოლეგა, დავით პაიჭაძე სწორედ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის პერსპექტივასა და პრობლემურ ასპექტებზე ესაუბრა "კავკასიური ინსტიტუტის" ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძეს.

დავით პაიჭაძე:
დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა ერთ-ერთია იმ სამი სვეტიდან, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება, ამბობს დავით ლოსაბერიძე. მისი აზრით, სასამართლო სისტემასა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელ ეკონომიკურ გარემოსთან შედარებით, საქართველოში თვითმმართველობის საკითხებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ამის შედეგია თუნდაც კანონების დეფიციტი და საჭიროება, შეიცვალოს მოქმედი ნორმები. დავით ლოსაბერიძე ამბობს, რომ, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კანონის გარდა, საქართველოში დეცენტრალიზაციის განხორციელებას, ეფექტიანი თვითმმართველობის ამოქმედებას 100-ზე მეტი კანონის ცვლილება და ბევრი ახალი კანონის მიღება სჭირდება:

[დავით ლოსაბერიძის ხმა] "მისაღებია პაკეტი ადგილობრივი ქონების ან ბიუჯეტების შესახებ, სახელმწიფო ზედამხედველობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ, მარეგულირებელი აქტები გამოთანაბრებითი ტრანსფერების შესახებ და ა.შ., რის გარეშეც არსებული ორგანული კანონი სრულიად არაქმედობაუნარიანი იქნება."

თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები საქართველოში გააზრებული და ჩამოყალიბებული არა აქვს არც ხელოსუფლებას, არც ოპოზიციას, არც აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ამბობს დავით ლოსაბერიძე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობა ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია. გაუმართავი თვითმმართველობა შეიცავს დესტაბილიზაციის საფრთხეს, რომელიც მაინცდამაინც სამოქალაქო დაპირისპირებას კი არ ნიშნავს, არამედ, თვითმმართველობით ერთეულებში გადარიცხვებისა თუ გადასახადების აკრეფის შედეგად, სახელმწიფო ფულის მითვისებას, რითაც ყოველთვის სარგებლობდნენ ადგილობრივი დაჯგუფებები. ამდენად, ნაციონალური მოძრაობის წევრთა თავდაჯერება თავიანთ გამარჯვებაში დავით ლოსაბერიძეს უსაფუძვლოდ მიაჩნია:

[დავით ლოსაბერიძის ხმა] "ამ სისტემაში ადგილობრივი დაჯგუფებებისაგნ დიდი საფრთხე შეიძლება წარმოიშვას. მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს დიდი შანსი, სისტემის გაუმართაობის პირობებში, ადგილობრივი მმართველი ელიტები გადავიდნენ ოპოზიციაში არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დაახლოებით პირველი საბიუჯეტო წლის ბოლოს."

დავით ლოსაბერიძის თქმით, თვითმმარველობის ორი მთავარი პრინციპია მოსახლეობასთან სიახლოვე და საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ერთი მხრივ, რაც უფრო მსხვილია თვითმმართველობითი ერთეული, მით მეტი რესურსი აქვს მას, მეორე მხრივ კი, რაც უფრო მცირეა ასეთი ერთეული, მით უფრო მეტია დემოკრატიის ხარისხი.

[დავით ლოსაბერიძის ხმა] "აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ეძებს ოქროს შუალედს - ერთი მხრივ, უნდა იყოს დიდი, რათა რესურსები ჰქონდეს, მეორე მხრივ - პატარა,რომ საზოგადოებასთან ახლოს იყოს. ანუ დემოკრატიის მაღალი ხარისხისათვის - ერთი, ან, ტოტალიტარულ რეჟიმებში, ძლიერი კონტროლისათვის - მეორე. პაექრობა მიდის ამ ორ ნიშნულს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა გამსხვილების მიმართულებით, ანუ უარი თქვა ამ შედარებით დემოკრატიულ, ხალხთან სიახლოვის, პრინციპზე."

დავით ლოსაბერიძის აზრით, ამ არჩევანს განაპირობებს ადგილებზე ფინანსური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირე. ამდენად, გამსხვილება გარდაუვალია, მაგრამ თვითმმართველობის ერთეულთა გამსხვილება სულაც არ მოასწავებს მათში რესურსების მობილიზებას, რადგან რესურსებს მათ ცენტრის სასარგებლოდ ართმევენ.

საქართველოს იურისდიქციას დღეს ექვემდებარება 3766 დასახლებული პუნქტი - ქალაქი, სოფელი, დაბა. ისინი ერთიანდებიან 1004 თვითმმართველობაში. შემდგომი დონეა 65 რაიონი და ქალაქი. მომავალი არჩევნების შემდეგ სწორედ ეს - ქალაქებისა და რაიონების - საკრებულოები აღმოჩნდება თვითმმართველობის პირველი და ერთადერთი დონის ორგანოები. ახალი კანონი უშვებს, რომ თვითმმართველობის ორგანოები შეიძლება დაიშალოს და ახალი მუნიციპალიტეტები წარმოიქმნას, მაგრამ, დავით ლოსაბერიძის შენიშვნით, გაუგებარია, ვისა აქვს ამის ინიცირების უფლება. გარდა ამისა, ერთ საკრებულოში ქალაქის, რაიონული ცენტრისა და ამავე რაიონის სოფლების წარმომადგენელთა მოხვედრას სხვა რიგის სირთულეც ახლავს:

[დავით ლოსაბერიძის ხმა] "ძალიან მწვავედ დგება ქალაქისა და სოფლის მიმართების საკითხი. ქალაქები, ე.წ. რაიცენტრები დაჩაგრულები არიან. სერიოზული პრობლემაა იმიტომ, რომ ან, ვთქვათ, ქალაქ გორის მკვიდრნი სჯობნიან გორის რაიონელებს, თავისი ხალხი ჰყავთ და მთლიანად ართმევენ ამ საწყალ სოფლელებს შემოსავალს (გორსაც ხომ უჭირს), ან სოფლელები, რადგან უმეტესობა არიან, ასევე ართმევენ ფულს ქალაქ გორს. ან ერთი უნდა დაიჩაგროს, ან მეორე: გორს სჭირდება გზა და კანალიზაცია, სოფელს სჭირდება ირიგაცია. ინტერესთა კონფლიქტი მოდის აშკარად და ბუნებრივად."

ადგილებზე სახსრებისა და უფლებების მოკლება წაახალისებს სოფლების დაცლას, რაც ისედაც ბუნებრივი პროცესია და, საბოლოო ჯამში, გააძლიერებს მოქალაქეთა მიგრაციას ქვეყნიდან, რადგან ქალაქს ჩამოსული ადამიანები სამუშაო ადგილებს ეგრე იოლად ვერ იპოვიან და დასაქმებისათვის სხვა ქვეყნებს მიაშურებენ, მიაჩნია დავით ლოსაბერიძეს. ის ვარაუდობს, რომ თვითმმართველობის ახალი მოდელი არ გაამართლებს და ორიოდ წელიწადში ხელისუფლება მას შეცვლის.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "ევროპა იმ დასკვნამდე მისვლაა, რომ ადამიანებმა უნდა განსხვავებული და უცხო აიტანონ"

დავით კაკაბაძე:
7 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოხდა ის, რამაც დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ტრაგიკული ბედის პოლიტიკურ მოღვაწეს წარმოათქმევინა სიტყვები: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი". ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, და ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გაგვიშუქებია ამ ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული საკითხები - თუნდაც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშები, რომლებშიც გაშუქებულია, როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანებით ნაკისრ ვალდებულებებს. ვალდებულებები, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის უფლებებს ეხება, ხშირად არის ხოლმე საუბარი მუსლიმანი მესხების რეპატრიაციის საკითხზე. მაგრამ ახლა, ევროსაბჭოს ანგარიშებზე, ან ცალკეულ პრობლემურ საკითხებზე არ შევჩერდებით: მოგასმენინებთ ინტერვიუს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან. ბატონ ზურაბს, რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგში შეხვდა მარიამ ჭიაურელი.

(იხ. აუდიოვრესია)

ზუბინ მეტა 70 წლის ხდება

დავით კაკაბაძე:
ზოგჯერ მხოლოდ ნიჭი და სიბეჯითე არ არის საკმარისი წარმატებისთვის. ინდოელი დირიჟორის, ზუბინ მეტას ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა ბედნიერი შემთხვევითობები, განსაკუთრებით მის ახალგაზრდობაში. პირველივე მყარი სამსახური მონრეალში 1961 წელს იმის წყალობით მოიპოვა, რომ უკანასკნელ წუთს უარის თქმა მოუწია იგორ მარკევიჩს. ასე დაიწყო დიდი მუსიკალური კარიერა. 29 აპრილს ზუბინ მეტას 70 წელი უსრულდება. მის შესახებ ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
საიუბილეო დღეებში მეტა კიდევ ერთხელ გამოდის ბავარიის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, რომელსაც იგი უკვე რვა წელია დირიჟორობს. ეს ერთგვარი გამოსათხოვარი კონცერტია, ვინაიდან ზაფხულში დირიჟორი საკუთარი სურვილით ტოვებს ბავარიის სახელმწიფო ოპერას, თუმცა ორკესტრთან კავშირის გაწყვეტას არ აპირებს და სინანულით ამბობს, რომ ამ ორკესტრის დონე მომავალში ძალიან დააკლდება.

ზუბინ მეტა 1936 წელს ბომბეიში დაიბადა მუსიკალურ ოჯახში. მამამისის, მეჰლი მეტას - ბომბეის სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის, მეშვეობით ადრევე ეზიარა დასავლურ კლასიკურ მუსიკას. "მუსიკოსი იმიტომ გავხდი, რომ ყოველთვის ვოცნებობდი, მედირიჟორა ბრამსის ოთხი სიმფონია ანდა რიხარდ შტრაუსის ნაწარმოებები" - წერს მეტა ახლახან გამოსულ მემუარებში "ჩემი ცხოვრების პარტიტურა".

მეტა ვენაში სწავლობდა ჰანს სვაროვსკისთან. მკაცრი დირიჟორის გვერდით გატარებულმა წლებმა დიდი დაღი დაასვა მის შემოქმედებით სახეს. სვაროვსკიმ გაუხსნა მას გზა მალერისა და ბრუკნერის, შიონბერგისა და ვებერნის მუსიკისკენ. მისი თქმით, იმ წლებში აითვისა თანამედროვე მუსიკის ანბანი.

ავსტრიის შემდეგ მეტას კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა. ჯერ იყო მონრეალი და ლოს ანჯელესი, სადაც 60-იანი წლების შემდეგ დასახლდა. ოცდახუთი წლის ასაკში უკვე მსოფლიო რანგის ორკესტრებს, ბერლინისა და ვენის ფილარმონიულ ორკესტრებს დირიჟორობდა. საგასტროლო გამოსვლებს მართავდა ზაცბურგის ფესტივალზე, ნიუ იორკის მეტროპოლიტან ოპერასა და მილანის ლა სკალაში.
დირიჟორებს შორის ზუბინ მეტა მომხიბვლელობით გამოირჩევა. თავისი მუსიკოსებისგან აბსოლუტურ სიზუსტეს მოითხოვს, მაგრამ ყოველთვის მეგობრული ტონით ელაპარაკება მათ.

"დირიჟორი ბევრს სწავლობს, როცა იგი არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს თავისი პოზიცია და მზად არის, ამის სანაცვლოდ გულისყურით მოისმინოს, რა აქვთ სათქმელი ორკესტრის მუსიკოსებს". ალბათ მისი ამ ლიბერალიზმის გამოცაა, რომ მეტა არა მხოლოდ ბავარიის სახელმწიფო ორკესტრმა აირჩია თავის საპატიო დირიჟორად.

როგორც თვითონ ამბობს, მეტას ერთგვარი "სასიყვარულო ურთიერთობა" აქვს ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან. იგი მუსიკოსებს გვერდში ედგა რგორც 1967 წლის ექვსდღიანი ომის, ისე სპარსეთის ყურის 1991 წლის ომის დროს.

მას მერე, რაც 1981 წელს თელ ავივში ვაგნერის ორი დადგმის შემდეგ პრესა და პოლიტიკოსები მწვავედ დაესხნენ თავს, ორკესტრმა იგი მუსიკალურ ხელმძღვანელად აირჩია სიცოცხლის ბოლომდე.

გარდა ამისა 20 წელზე მეტია, რაც მეტა თანამშრომლობს ფლორენციასთან, სადაც იგი ხელმძღვანელობს ფესტივალს "მაჯიო მუსიკალე ფიორენტინოს".

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მეტა სწორედ ისრაელსა და ფლორენციას გამოყოფს. მათთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს. შემოდგომაზე ვალენსიაში ახალი საოპერო თეატრს გახსნის. მაგრამ ასაკში შესული მაესტრო თავისუფალ დროზეც ბევრს ოცნებობს და იმედოვნებს რომ მოახერხებს მის გამონახვას.

დავით კაკაბაძე:
ცნობილ ინდოელ დირიჟორზე, ზუბინ მეტაზე ბიძინა რამიშვილი გვესაუბრებოდა. მასთან ერთად "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. ხმის ოპერატორები იყვნენ თბილისში - ლევან გვარამაძე, ხოლო პრაღაში - ანგელინა შკურენკო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG