Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი თავდაცვის საკითხებზე სამდღიანი კონფერენციისათვის ემზადება


ქართული ღვინის კვირეულის დასრულების შემდეგ უკრაინიდან დაბრუნებული საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2 მაისიდან სამდღიან

საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გარდა, კონფერენციის სტუმრებისათვის იგეგმება კულტურული ღონისძიება, რომლის დაგვირგვინება ქართული ღვინის დეგუსტაცია იქნება. გესაუბრებით თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციის დეტალებზე.

ღვინო და თავდაცვა საქართველოში მჭიდროდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ქართული ღვინისათვის გასაღების ახალი საერთაშორისო ბაზრების მოძებნა ქვეყნის პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილს დააკისრა. ჯერჯერობით ამ მხრივ მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა, თუმცა სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ღვინის კვირეული უკრაინაში ჩაატარა, ქართულ ღვინოს აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე დაწინაურებას უწინასწარმეტყველებს. სააგენტო “მედიანიუსის” ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველ მეღვინეებს ურჩია, დაივიწყონ რუსეთის ბაზარი და დააფასონ ხელისუფლების ძალისხმევა, რის შედეგადაც ქართული ღვინო სულ მალე ევროპისა და ამერიკის ბაზრებს დაიპყრობს. ქართველ მეღვინეებს კი რუსეთის ბაზარი მაინც არ ეთმობათ და სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ თავდაცვის მინისტრის ხისტი პოზიციის შესახებ. სამხედრო უწყების ხელმძღვანელისთვის ღვინის პოპულარიზების ამოცანის დაკისრება შეცდომად მიაჩნიათ ოპოზიციის ლიდერებს. “კონსერვატორთა” ლიდერის კობა დავითაშვილის შეფასება გასული კვირის ფრთიან ფრაზად იქცა:

[კობა დავითაშვილის ხმა] “ქართლის დედას დაემსგავსა ირაკლი ოქრუაშვილი. კი, ზუსტად ასეა. სააკაშვილმა ახალი ძეგლი დადგა, ოქრუაშვილის სახით. ქართლელია, თან ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში - ღვინის თასი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კრიტიკოსთა შეფასებებზე არ რეაგირებს და განაგრძობს ქართული ღვინის პოპულარიზებას ყველა დონეზე. ქართული ღვინის პრობლემებს სულ მალე ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზეც განიხილავენ, რომლის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. როგორც მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა მარიკა ვერულაშვილმა გვითხრა, საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში 3 მაისს გაემგზავრება და იგი ხელიდან არ გაუშვებს შანსს, რომ ქართულ ღვინოზეც ისაუბროს:


[მარიკა ვერულაშვილის ხმა] “კონფერენციაზე ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის. აქ იქნებიან პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და ბევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. დღის წესრიგი, უმთავრესად, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას შეეხება, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ ამ[ღვინის] პრობლემაზეც არ ისაუბროს.”(სტილი დაცულია)


შუალედში კი ქართული ღვინის პოპულარიზებისათვის კვლავ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იზრუნებს, რომელიც 2 მაისიდან თავდაცვის საკითხებზე სამდღიან კონფერენციას ატარებს. ღონისძიებაზე ბევრ სტუმარს ელიან ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში უკვე ჩამოვიდა ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწე თავდაცვის საკითხებში ჯონ კოლსტონი, ჩამოვიდნენ აგრეთვე ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები. კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუმრებისათვის ბორჯომის ხეობაში კულტურული პროგრამა და ქართული ღვინის დეგუსტაცია იგეგმება. თუმცა სტუმრებამდე ქართულ ღვინოს ჭაშნიკს აუღებს სამხედრო მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ზოგიერთი ქართველი მეწარმე ღვინის აზერბაიჯანული ყურძნისგან დამზადებაში დაადანაშაულა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG