Accessibility links

ყველაფერი 1886 წლის 1 მაისს დაიწყო, როცა ჩიკაგოში მუშები 8


ყველაფერი 1886 წლის 1 მაისს დაიწყო, როცა ჩიკაგოში მუშები 8 საათიანი სამუშაო

დღის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდნენ. 3 წლის შემდეგ მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონგრესზე 1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს. საბჭოთა კავშირში ეს თარიღი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1 მაისს ორი დღე ზეიმობდნენ – პირველში დემონსტრაციები ეწყობოდა, 2 მაისს კი - ეგრეთ წოდებული “სახალხო სერნობა”. 1997 წელს რუსეთში მშრომელთა საერთაშორისო დღეს სახელი შეუცვალეს და “გაზაფხულის და შრომის დღედ მონათლეს”. საქართველოში, მოგეხსენებათ, 1 მაისი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აღარაა დასვენების დღე. ჩვენში ბევრმა არც იცის, რომ 1 მაისს უამრავ ქვეყანაში აღნიშნავენ. რა ხდებოდა და რა ხდება მსოფლიოში ამ დღეს?

“მშრომელთა სოლიდარობის დღე” ან “კომუნისტური დღესასწაული” – ასე იხსენებენ 1 მაისს ქართველები. ზოგს კარგად ახსოვს, როგორ მიჰყავდათ ხალხი ძალით სკოლებიდან, წარმოება-დაწესებულებებიდან დემონსტრაციაზე, როგორ ურიგებდნენ ტრანსპარანტებს, პლაკატებს, მიხაკებს; ახსოვს 1 მაისის ყველაზე პოპულარული ლოზუნგი - “მშვიდობა, მაისი, შრომა”. 120 წლის წინ ჩიკაგოელი მუშები 1 მაისს კონკრეტული მოთხოვნებით გამოვიდნენ ქუჩაში... დღესაც ასეა იქ, სადაც 1 მაისი დასვენების დღედაა გამოცხადებული – ქუჩაში პროფკავშირების ლიდერები სოციალური მოთხოვნებით გამოდიან...

მაგრამ რა უნდა მოეთხოვათ პარტიისგან საბჭოთა მშრომელებს, თანაც ქუჩაში? ცხადია, დემონსტრაციაზე, სადაც ძალით მიჰყავდათ, ვერაფერს მოითხოვდნენ. ამიტომაცაა, რომ ეს ორდღიანი მაისობა კომუნისტებმა “წითელ კარნავალს” დაამსგავსეს... ცხადია, კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდის მიზნით.

ვინაიდან კარნავალში, მშრომელების გარდა, კომუნისტი ბელადებიც მონაწილეობდნენ... უფრო სწორად კი, არ მონაწილეობდნენ, უფრო უმოძრაოდ იდგნენ და ტრიბუნიდან უქნევდნენ ხელს მოძრავ მასას. 1 მაისს ხალხს, პირველ რიგში, ბელადის მიმართ ერთგულება უნდა გამოეხატა. კომუნისტურ ქვეყნებში ამ დღისთვის სპეციალურად იქმნებოდა სიმღერები. მაგალითად, რუმინელებმა ნიკოლაუ ჩეუშესკოს მიუძღვნეს საპირველმაისო სიმღერა:

[რუმინული სიმღერა]

ალბანელებმა ენვერ ჰოჯას:

[ალბანური სიმღერა ენვერ ხოჯაზე]

საპირველმაისო მუსიკა, როგორც წესი, ან მარშის, ან ვალსის რიტმზე იგებოდა. აუცილებელი იყო, მოძრაობის განცდის გამძაფრება, რათა მშრომელებში დაბადებულიყო შრომისა და დასვენების სახე ერთდროულად... იმ პრინციპით, რომ შრომა ამ ქვეყნებში იმდენად სასიამოვნო იყო, რომ შეიძლებოდა სიამოვნებისგან თავბრუ დაგხვეოდა.

[მუსიკა “მაისკიმ უტრომ”]

ეს უფრო რუსეთში. საქართველოში კი საპირველმაისო მარშები და ვალსები მაინცდამაინც ვერ დამკვიდრდა... არა, იწერებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ მუსიკას მხოლოდ დემონსტრაციებზე ასრულებდნენ... ბრეჟნევის, ჩეუშესკუსა და ენვერ ხოჯასგან განსხვავებით (სტალინზე აღარაფერს ვიტყვი), საბჭოთა საქართველოს კომუნისტური ბელადებისთვის სიმღერა არავის მიუძღვნია... “სიმღერები შრომაზე” უფრო ბაიათებს ჰგავდა.

[“უქმად რად ზიხარ, ძმობილო”]

იქ, მოსკოვში, ეტყობა, გრძნობდნენ 1 მაისის იდეისადმი კავკასიელი ხალხის გულგრილობას, ამიტომ ამ დღეს ცენტრალური ტელევიზიის სადღესასწაულო კონცერტებზე, “გოლუბოი ოგონიოკებზე” პატიჟებდნენ ქართველ, აზერბაიჯანელ, სომეხ მომღერლებს, რომელთაც უნდა დაედასტურებინათ, რომ “ძმობის, შრომისა და დასვენების” იდეებს კავკასიაშიც იზიარებენ, მაგალითად ემღერათ იმაზე, როგორ შესვეს მეგობრობის სადღეგრძელო სომეხმა, აზერბაიჯანელმა და ქართველმა 1 მაისს.

[სიმღერა კავკასიელი ხალხის მეგობრობაზე]

საბჭოთა კომუნისტებისთვის 1 მაისი, როგორც “გაზაფხულის დღესასწაული”, აღდგომის ერთგვარი ალტერნატივა იყო... აღდგომა რამდენჯერმე დაემთხვა პირველ მაისს და ეს დამთხვევა მოურჩენელ თავის ტკივილად იქცა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვის.

კომუნისტებმა თავიანთი წარმართული “წითელი კარნავალი” შემთხვევით არ დაამთხვიეს მშრომელთა საერთაშორისო დღეს. მათ უთუოდ იცოდნენ, რომ ჩიკაგოელი მუშების დემონსტრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1 მაისის აღნიშვნას დაემთხვა... ოღონდ სულ სხვა დღესასწაულებს.

3 000 წლის წინ იტალიელების წინაპრებმა სწორედ 1 მაისი გამოაცხადეს თავიანთი ქალღმერთის, მაიას, თაყვანისცემის დღედ. სიცილიელები ამ დღეს გვირილებს აგროვებენ, რათა გაზაფხული კარგად დაებედოთ.


საფრანგეთში პირველი მაისი ღამის თორმეტ საათზე “ვალპურგის ღამით” იწყებოდა – ბნელი ძალები გარეთ გამოდიოდნენ, ამიტომ მოსახლეობას თავი უნდა დაეცვა... თუკი მეზობელი უშლიდა ნერვებს, შეეძლოთ ცოტაოდენ ნეხვი შეეგდოთ მეზობლის ეზოში. ნიშანდობლივია, რომ “ვალპურგის ღამეს” საფრანგეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც 1 მაისს “კოდალას დღესაც” უწოდებენ, ყვავილების ზეიმი მოჰყვება ხოლმე.

ესპანეთში 1 მაისს მწვანე სანტიაგოს დღეს აღნიშნავენ – ესაა ყვევილების და შეყვარებულების დღე. ჰოლანდიის ზოგიერთ სოფელში ამ დღეს შეყვარებული წყვილების სიებს აქვეყნებენ ხოლმე.

ახალგაზრდები, ყვავილები, კოდალა, რომელსაც დიდი ნისკარტი და გრძელი ენა აქვს და, რაც მთავარია, დღე და ღამე “აკაკუნებს” – 1 მაისის ეს სახეები შრომის იდეას გამოხატავენ. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1 მაისი, ე.ი. “შრომის ზეიმი” – დასვენების დღედაა გამოცხადებული... იმისათვის, რომ იგრძნო, რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს – უნდა დაისვენო! შრომა უნდა მოგენატროს!

[მუსიკა.რეტ პელჰამი]

“აირჩიე სამუშაო და შეეცადე საუკეთესოდ იმუშაო”... მღერის ამერიკელი მუსიკოსი რეტ პელჰამი, რომელიც, სხვათა შორის, კომუნისტი არ არის... მხოლოდ და მხოლოდ პროფკავშირების აქტივისტია.

ჩვენი პროფკავშირის ახალ ლიდერებს არ მოსწონთ, რომ მათ აქციებს ქართული მედია კომუნისტური “ნამგალი და უროთი” გამოხატავს ხოლმე. გოჩა ალექსანდრია შეგვახსენებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1 მაისს აღნიშნავენ, კომუნისტები არ არიან:


[გოჩა ალექსანდრიას ხმა] “ორი პარადი იყო საბჭოთა კავშირში: შვიდი ნოემბრის პარადი რევოლუციასთან ასოცირდებოდა; პირველ მაისსაც პარადი იყო, ამიტომ ესეც მიათვალეს, რომ კომუნისტურია... თავიდანვე, ომის შემდგომ, საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა გაიყო: ერთი იყო საბჭთა კავშირის გავლენის ქვეშ, მეორე, თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია, ცალკე იყო და არის... იქიდან ჩამოყალიბდა ეს სტერეოტიპი – თუნდაც ტერმინი “მუშათა კლასი”, ისინი არ ხმარობენ ამ სიტყვას.”

მაგრამ რა უნდა მოსთხოვონ ქართველმა მშრომელებმა ხელისუფლებას 1 მაისს? და რატომ მაინცდამაინც 1 მაისს? და რომც მოსთხოვონ, როგორი ტრანსპარანტები უნდა დაიჭირონ ხელში და, რაც მთავარია, ვის უნდა მოსთხოვონ? ვინ იდგება ტრიბუნაზე და ვინ მიესალმება მშრომელებს? ქვეყანაში, სადაც პირველ მაისს 70 წელი ზეიმობდნენ, ეს კითხვები აუცილებლად დაიბადება.
XS
SM
MD
LG