Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მშრომელთა სოლიდარობის დღე აღინიშნა


ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს როგორ აღინიშნებოდა 1 მაისი საბჭოთა კავშირში. ამ თარიღის ისტორია შეერთებული შტატებიდან იღებს სათავეს: 1886 წლის 1 მაისს ჩიკაგოში,

რვა საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით, პროფესიულმა კავშირებმა გაფიცვა მოაწყვეს. თუმცა მას შემდეგ, რაც 1 მაისი ერთ-ერთ მთავარ საბჭოთა ზეიმად იქცა, შეერთებულ შტატებში მისი პოპულარობა შემცირდა. 1 მაისი დღეს თბილისში რამდენიმე ათასიანი აქციით აღინიშნა.

“როცა ირღვევა შრომის უფლება, სასოწარკვეთა დაგეუფლება”, “საქართველოს პრეზიდენტო, შრომის კოდექსს შენი ვეტო”, “შრომის ახალი კოდექსი, უკანონობის კომპლექტი”, - ასეთი გარითმული ლოზუნგებით ხელში, რამდენიმე ათასი ადამიანი ორშაბათს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის თვალი არ მომიკრავს, არც მოწოდებები იყო ხელისუფლების დამხობისა თუ გადადგომისკენ. ეს იყო პროფესიული კავშირების გაერთიანების აქცია, რომელიც საგანგებოდ 1 მაისს მოეწყო. აქციის მონაწილეთა შეკრებისა და მსვლელობის ძირითადი მიზეზი შრომის კანონთა კოდექსის პროექტით უკმაყოფილება იყო. აქციის ორგანიზატორი, პროფესიული კავშირების გაერთიანების ლიდერი ირაკლი პეტრიაშვილი, აქციის მასშტაბით კმაყოფილი ჩანდა:

[პეტრიაშვილის ხმა]
“ბევრი არ გვიმუშავია იმისთვის, რომ ხალხი გამოსულიყო. ეს გარკვეულმა განცხადებებმა გამოიწვია ხალხის სოლიდარობა. მე ვფიქრობ, უფრო მეტი თუ იქნება სოლიდარობა, უფრო მიღწევადი იქნება ის საკითხები და ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ, რომ ანგარიში გაუწიონ მათ სურვილს, ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციების გარეშე გამოსული ადამიანები. მე მგონი, ამათ ანგარიში უნდა გაეწიოთ.”

1 მაისი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მეხსიერებაში საბჭოურ აღლუმებს უკავშირდება. ხელისუფლება ცდილობდა აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდობა ამგვარ ღონისძიებებში. ყველა სასწავლებელი წინასწარ ემზადებოდა აღლუმზე გამოსასვლელად. დღევანდელ ახალგაზრდობას ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა - ყოველ შემთხვევაში, იძულებით - აღარ ემუქრება. ორშაბათს რუსთაველზე მომავალი საპროტესტო აქციის მონაწილეებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წინ გამოფენილი სტუდენტობა მხიარულად აჰყვა შეძახილებში, თუმცა დიდად არ დაგიდევდნენ რა ხდებოდა:

[სტუდენტის ხმა]
“- ამ წუთას გამოვედით და არ ვიცით რა ხდება საერთოდ.
-
ადრინდელი პირველი მაისები გახსოვთ?
-
არა, ჯერ პატარები ვართ ჩვენ...”

პროფკავშირების გაერთიანების ლიდერის არ იყოს, აქციის მასშტაბით კმაყოფილი ჩანდა პარლამენტის წინ მჯდარი მზესუმზირის გამყიდველი. მას მუშტარი ღმერთმა არა და პროფკავშირებმა კი ნამდვილად დაასია. სტუდენტებისგან განსხვავებით, საბჭოთა პერიოდის პირველი მაისის აღნიშვნა მას კარგად ახსოვს. როგორც აღმოჩნდა, კიდეც ენატრება:

[ქალის ხმა]
“- პირველი მაისი, შვილო, ადრე იყო კარგი, კომუნისტების დროს.
-
გამოსვლები იყო, მხიარულობა იყო. ეს რა პირველი მაისია?!
-
ეს არის აჯანყება, პირველი მაისი კი არ არის.”

1 მაისი ყრილობით აღნიშნა საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ. მისასალმებელ სიტყვაში პარტიის ლიდერს მშრომელთა სოლიდარობის დღე არ მიულოცავს დამსწრე საზოგადოებისთვის. მან ბევრი ისაუბრა ხელისუფლების უვარგისობასა და მისი წასვლის აუცილებლობაზე, ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივაზე და კიდევ... ჰოლივუდის კონოვარსკვლავის ჯენიფერ ლოპესის შესაძლო მონაწილეობაზე 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში:

[ნათელაშვილის ხმა]
“ამასთან, მეორე პრობლემაც იყო, ბატონებო: ამ ქალბატონის სხვადასხვა ორგანოები დაზღვეულია ას მილიონად. უკანა ნაწილი დაზღვეული ყოფილა ას მილიონად, კი. იქ რომ ვიღაცას ხელი გაპარვოდა, იმავე პრეზიდენტს, და ეჩქმიტა, უნდა გადაგვეხადა ასი მილიონი [ტაში].”

ეს გახლდათ ნაწყვეტი ლეიბორისტთა ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, პარტიის ყრილობაზე გამოსვლიდან.

პროფკავშირების გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა ალექსანდრია, საქართველოს შრომის პარტიაზე ასეთი აზრის გახლავთ:

[ალექსანდრიას ხმა]
“მე ვფიქრობ, რომ მათ ლეიბორიზმთან საერთო არაფერი აქვთ. ეს უფრო პოპულისტების პარტიაა, რომელიც დროდადრო რაღაც განცხადებებს აკეთებს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG