Accessibility links

logo-print

ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია თბილისში


სპეცოპერაციას, რომელიც სამართალდამცავებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დილით, 09:45 წუთზე, ჩაატარეს, 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა.

კრიმინალური პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მოკლულები - ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი და დაჭრილი - ბუბა ბუთურიძე კარგად ორგანიზებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრები იყვნენ და ისინი 2 მაისს თბილისის ცენტრში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას აპირებდნენ. როგორი რეზონანსი მოჰყვა თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მომხდარ ბევრისთვის საეჭვო ოპერაციას და რატომ მოხშირდა ეჭვმიტანილების ადგილზე ლიკვიდაციის ფაქტები საქართველოში?

(ისმის სროლის ხმა)

კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდაპირველად ეჭვმიტანილების მანქანას საბურავებში ესროლეს, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა. ოფიციალური წყაროს მტკიცებით, ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია გარდაუვალი იმის გამო გახდა, რომ პირველად სწორედ მათ გაუხსნეს ცეცხლი სამართალდამცავებს. შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი პოლიციელი და დაზიანდა პოლიციის ავტომანქანა. კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი ქადაგიძე ეჭვმიტანილების ავტომანქანიდან ამოღებულ რამდენიმე ცეცხლსასროლ იარაღსა და სხვა ნივთებზე საუბრობს:

(ირაკლი ქადაგიძის ხმა) ”4 ცეცხლსასროლი იარაღი, მათგან 2 - ”მაკაროვის” სისტემის, 1 – ”ჩეზეს” სისტემის, 1 – ”ვალტერის” სისტემის; ასევე ამოღებულია: 2 ცალი - ხელის რაცია, დასაძინებელი საინექციო საშუალება, ”სკოჩი” და ნიღბები.” (სტილი დაცულია)

კრიმინალურ პოლიციაში შესული ინფორმაციიის მიხედვით, ყაჩაღური ჯგუფის წევრები თბილისის ცენტრალურ უბანში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახზე აპირებდნენ თავდასხმას. ქადაგიძე ამბობს, რომ გზად მათ პრევენციის მიზნით ჩაუსაფრდნენ:

(ირაკლი ქადაგიძის ხმა) ”ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თავდასხმამდე მომხდარიყო მათი დაკავება.” (სტილი დაცულია)

თუმცა ბევრ თვითმხილველს გაუჩნდა ეჭვი, რომ სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის ჩასატარებლად ბევრად უფრო მეტი ხალხისთვის სახიფათო ადგილი შეარჩიეს. მოგეხსენებათ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კორტების მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს.

კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადად საუბრობს სახალხო დამცველი. თუმცა სოზარ სუბარს საქართველოში მავნე პრაქტიკის დანერგვა საკმაოდ აშფოთებს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”თავისთავად ძალიან ცუდია, რომ ასე გახშირდა ეს მკვლელობები ქუჩაში აყვანის დროს, სპეცოპერაციების დროს. არა მგონია, ეს სასიკეთო იყოს ქვეყნისთვის. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა ხდებოდეს, აი, გამონაკლის შემთხვევებში, როცა ადამიანების აყვანა სხვანაირად არის შეუძლებელი და როცა, ვთქვათ, იმ ძებნილების თუ დევნილების მხრიდან გამოყენებულია იარაღი და საფრთხე ემუქრება პოლიციელის ან ადამიანების სიცოცხლეს. რამდენად იყო ასეთი საფრთხე დღეს, მე ეს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, რომელიც ჩვენ მოგვცა, მსგავსი საფრთხე ნამდვილად არ არსებობდა. მაგრამ, იცით რა, მე არ შემიძლია დავეყრდნო მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებას, იმიტომ რომ, მეორე მხრივ, როგორც აცხადებენ სამართალდამცავები, დაჭრილია პოლიციელი, დაცხრილულია პოლიციის მანქანა... ყოველ შემთხვევაში, ნასროლი აქვს ერთი ტყვია.” (სტილი დაცულია)

ეჭვმიტანილების ადგილზე ლიკვიდაციის ბოლო დროს გახშირებული ფაქტების გამო აღშფოთებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოება. ბევრი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები ზედმეტი გულმოდგინებით ეკიდებიან პრეზიდენტ სააკაშვილის ნათქვამს: ”პოლიციას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გარისკოს არც მოქალაქეების, არც პოლიციელების სიცოცხლე და, თუ სხვა გამოსავალი არ არის, ყველა კრიმინალი გაანადგუროს ადგილზე.” დაახლოებით მსგავსი შინაარსის არის განცხადება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 28 თებერვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ტრიბუნიდან გააკეთა:

(ვანო მერაბიშვილის ხმა) ”ერთი ამბავია ატეხილი, რატომ ხდება დაკავების დროს ასეთი სერიოზული, ჩვენი აზრით, მსხვერპლი. დიახ, ჩვენ ზოგჯერ, ოპერაციების განხორციელების დროს, გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია. ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური ინსტრუქცია, რომ თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე, პოლიციელი, არათუ უფლება აქვს, ვალდებულია გამოიყენოს იარაღი და დაიცვას საკუთარი და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლე.” (სტილი დაცულია)

ჰქონდათ თუ არა სხვა გზა სამართალდამცავებს 2 მაისს და შეეძლოთ თუ არა სპეცოპერაციის უსისხლოდ ჩატარება? - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს უჩნდება ეჭვი, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”იმიტომ რომ, მანქანა დაეჯახა ბოძს, საკმაოდ სერიოზული დარტყმა იყო, აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ იქ მჯდომ ადამიანებს შეეძლოთ ან გამოსვლა, ან გაქცევა, ანდა, არ ვიცი უკვე, ამის შემდეგ სროლა. მანქანა როცა უკვე ავარიულ სიტუაციაშია, რატომ იყო ლიკვიდაცია გამოყენებული, ჩემთვის ჯერჯერობით აბსოლუტურად გამორიცხულია. ვერ გავამართლებ მე სამართალდამცავ ორგანოებს, ვერ გავამართლებ...”. (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG