Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილს რუსული ლუდის იმპორტის აკრძალვა სურს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის ცნობილმა გამოთქმებმა რუსულ სამომხმარებლო ბაზართან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია გამოიწვია, ქართულ ბაზარზე

რუსული ლუდის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. რას მოუტანს რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა ადგილობრივ მწარმოებლებს და აზარალებს თუ არა რუსეთს?

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მორიგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის, კერძოდ კი, ღვინოების რეალიზაციის აკრძალვის საპასუხოდ, საქართველოში რუსული ლუდის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

თავდაცვის მინისტრს, რომლის ბოლოდროინდელმა ხისტმა გამონათქვამებმა რუსეთ-საქართველოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკიდურესად კონფრონტაციული გახადა, არ ესმის, რატომ უნდა იყოს ქართული ბაზარი „ხელგაშლილი“ რუსეთში წარმოებული ლუდის მიმართ მაშინ, როდესაც რუსეთი ყველაზე ცნობილ ქართულ ღვინოს „გვიჩაგრავს“, მით უმეტეს, რომ, მისი ინფორმაციით, ზოგიერთი ლუდის კომპანია საქართველოში არსებული სეპარატისტული რეჟიმების დაფინანსებაშია „შემჩნეული":

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] „მე, მაგალითად, მივესალმებოდი რუსული ლუდის იმპორტის აკრძალვას, რომელიც არის ქართული სამომხმარებლო ბაზრის 15 პროცენტი, რათა ამის გამო იხეიროს არა ვიღაც, სიტყვაზე, „ბალტიკის“ მფლობელმა ბალოევმა, რომელიც დღემდე აფინანსებს კოკოითს, არამედ იხეიროს ცეზარ ჩოჩელმა, გოგი თოფაძემ, „არგომ“ და ა.შ.“ (სტილი დაცულია)

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, ირაკლი ოქრუაშვილს, პრეზიდენტმა ქართული ღვინისათვის ახალი გასაღების ბაზრების მოძიების „საზოგადოებრივი დატვირთვაც“ შეუთავსა. ეს მისია ადგილობრივი ლუდის რეალიზაციის გაფართოებას, ბუნებრივია, არ გულისხმობს და ოქრუაშვილის განცხადებაც რუსეთის რეაქციის კონტრზომაა.

სხვათა შორის, რუსეთისათვის ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადების ინიციატივა არახალია და რაღაც ამის მსგავსი გასული საუკუნის 90-იან წლებში უკვე განხორციელდა, როდესაც სარკინიგზო მაგისტრალი და, შესაბამისად, ტვირთბრუნვა გადაიკეტა. თუმცა ამ ბლოკადამ რუსეთს ვერაფერი დააკლო, საქართველოს ეკონომიკამ კი აუნაზღაურებელი ზარალი ნახა. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსული ლუდის იმპორტის აკრძალვის ინიციატივა სრულებითაც არ არის მაშინდელი აქციების ადეკვატური, თუმცა გულხელდაკრეფილ ჯდომას და სიტუაციასთან შეგუებას ის არ აპირებს:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] „მე არ შემიძლია დავეთანხმო იმ ადამინებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველომ არ უნდა განახორციელოს კონტრზომები და არ უნდა გადადგას კონტრნაბიჯები. რაც შეეხება რუსეთში ნაწარმოებ პროდუქციას, მე არ მინდა ეს ვინმემ ჩათვალოს იმ პოზიციად, როდესაც ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში ბლოკადა გამოვუცხადეთ რუსეთს და რაღაც გაუაზრებელი ნაბიჯებით დაზარალებულები აღმოვჩნდით, მაგრამ ის, რომ დღეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე რუსეთის ლუდს უკავია დაახლოებით 15% და ეს არის ციფრებში დაახლოებით 5-6 მლნ დოლარი, მიანიშნებს იმას, რომ ქართული ლუდის მწარმოებელი აქედან ზარალდება.“(სტილი დაცულია)

მთავრობის წევრებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ამდენად, ძნელია იმის თქმა, მართლაც აპირებს თუ არა ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას რუსულ ლუდზე, ან რატომ უნდა აიკრძალოს მაინცდამაინც ლუდი და შეეხება თუ არა იგივე რამდენიმე ასეული დასახელების საქონელსა თუ მანქანა-მოწყობილობას, რომლის იმპორტიც რუსეთიდან ხორციელდება. რაც შეეხება ამგვარი ქმედების ეკონომიკურ შედეგს, აღორძინდება თუ არა ამით ადგილობრივი წარმოება, რთული შესაფასებელია, თუმცა ის კი ცხადია, რომ საქართველოში რეალიზაციის აკრძალვით რუსული ლუდის კომპანიების ბიუჯეტს, ფაქტობრივად, არაფერი დააკლდება, ვინაიდან საქართველო გასაღების ბევრად უფრო უმნიშვნელო ბაზარია, ვიდრე რუსეთის ნებისმიერი პროვინცია.
XS
SM
MD
LG