Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი საქართველოში ლტოლვილის სტატუსს ითხოვს


აზერბაიჯანის მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაციის „რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცვის კავკასიური ცენტრის“ თავმჯდომარე აზერ სამედოვი

საქართველოს მთავრობას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს. მეზობელი ქვეყნის მოქალაქე ირწმუნება, რომ სამშობლოში მას, ისევე როგორც აზერბაიჯანის ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებს, ხელისუფლება სდევნის. საქართველოში მცხოვრები მეზობელი ქვეყნის მოქალაქის ბედით ქართველი უფლებადამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი კოლეგებისაგან აზერ სამედოვის დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო. უნდა ჰქონდეს თუ არა აზერ სამედოვს ლტოლვილის სტატუსის მიღების იმედი?
აზერბაიჯანის მოქალაქე აზერ სამედოვი ქართველმა პოლიციელებმა 31 მარტს აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე დააკავეს, ორიოდე დღეში კი მას თბილისის საოლქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 14 აპრილს აზერ სამედოვი, თბილისის სასამართლოს სააპელაციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, გირაოს გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს. სამედოვს ბრალად ედება 2003 წლის 15-16 ოქტომბერს ბაქოში მასობრივი არეულობის ორგანიზება, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო ქონებისათვის ზარალის მიყენება, რაც, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 315-ე მუხლების მიხედვით, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თუმცა თავად აზერ სამედოვი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და აზერბაიჯანის ხელისუფლება მას პოლიტიკური ნიშნით სდევნის. ჩემი რესპონდენტი სამი წლის წინანდელ ამბებს იხსენებს, როცა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვიდა:

[აზერ სამედოვის ხმა] „მე იქ დამკვირვებლის როლში ვიყავი: როგორც უფლებადამცველი, მონიტორინგს ვახორციელებდი. მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩათრეულნი აღმოვჩნდით, - მხარს ვუჭერდით ოპოზიციას და ერთი ბლოკის სახელით გამოვდიოდით, - ხელისუფლებამ ჩვენი დასჯა გადაწყვიტა და, ალბათ, ასეც იქნება: თუ საშუალება მიეცა, ხელისუფლება დამსჯის ჩემი პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის გამო.“

აზერბაიჯანის პროკურატურა, მართლაც, ითხოვს აზერ სამედოვის ექსტრადიციას. თავად სამედოვი კი საქართველოს მთავრობას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს. მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მიიღოს გადაწყვეტილება და აზერ სამედოვი ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად დაარეგისტრიროს:
[სოზარ სუბარის ხმა] „შეიძლება ადამიანი ციხეში მოხვდეს და გასამართლდეს აქციაში მონაწილეობის გამო. ეს უკვე ნიშნავს, რომ არის დევნა პოლიტიკური ნიშნით, ხოლო, როცა დამიანს სდევნიან პოლიტიკური ნიშნით, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ მოვითხოვოთ მისთვის დევნილის სტატუსის მიცემა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ, შესაძლოა, ეს ადამიანი სამშობლოში წამების მსხვერპლიც გახდეს.“
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ორიოდე დღის წინ მიიღეს აზერ სამედოვის განცხადება, რომელშიც აზერბაიჯანის მოქალაქე მინისტრს, გიორგი ხევიაშვილს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს. სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და რეპატრიაციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი კოკაიას თქმით, კანონი ოთხთვიან ვადას ითვალისწინებს:
[ირაკლი კოკაიას ხმა] „ოთხი თვის განმავლობაში ის ითვლება ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირად, ხოლო თუ ამ თხოვნას დავაკმაყოფილებთ, გახდება ლტოლვილის სტატუსის მქონე. ამ ოთხი თვის განმავლობაში, ვიდრე ეს ადამიანი არის ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი, მისი დაპატიმრება შეიძლება, თუ ჩაიდინა რაიმე დანაშაული, მაგრამ მისი გაძევება ქვეყნიდან, მით უმეტეს, აზერბაიჯანში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.“
ირაკლი კოკაიას განმარტებით, ოთხი თვის განმავლობაში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დეტალურად შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ორივე ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა ლტოლვილის სტატუსი აზერბაიჯანის მოქალაქეს, აზერ სამედოვს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG