Accessibility links

70-მდე ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან გაიქცა


საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართული ღვინის გასაღებაში უკვე მისივე ხელქვეითები ეხმარებიან. კვირას კოჯორში განლაგებული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებს შორის

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება დაფიქსირდა. თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, პასუხისგებაში მიეცა დისციპლინის დამრღვევი ხუთი ჯარისკაცი, პირადი შემადგენლობის მხრიდან უჩვეულო პროტესტი მოჰყვა. უდისციპლინო თანამებრძოლებისადმი სოლიდარობის ნიშნად 70-მდე ჯარისკაცმა ორშაბათს სამხედრო ნაწილის ტერიტორია მიატოვა. გაქცეული ჯარისკაცების დაბრუნება სამშაბათს დილისთვის მოხერხდა. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

თბილისიდან 15 კილომეტრით დაშორებული კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადიდან ჯარისკაცების გაქცევის ფაქტი ორშაბათს გვიან ღამით სწორედ იმ დროს გახდა ცნობილი, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა: სამხედრო ნაწილში გამოცხადდნენ სამხედრო პოლიციის გამომძიებლები, რომლებმაც დააკავეს ის 5 ჯარისკაცი, ვინც გასულ კვირას სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელები შეიტანა და ღრეობა მოაწყო. თანამებრძოლების დაკავება ჯარისკაცებმა გააპროტესტეს და სამხედრო ნაწილის ტერიტორია დატოვეს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჯარისკაცების საქციელის ხუმრობაში გადატანა სცადა მას შემდეგ, რაც გაქცეულები ნაწილში დააბრუნეს:

[ირაკლი ოქუაშვილის ხმა] “რამდენიმე ჯარისკაცმა პრეზიდენტის დავალება თავდაცვის მინისტრისადმი ღვინის მოგვარების თაობაზე, ჩათვალა პირად დავალებად და ცოტა მეტი ღვინო მოიხმარეს გუშინწინ და ჰაუპტვახტში აღმოჩნდნენ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სამხედრო პოლიცია, ვისაც ინციდენტის გამოძიება დაევალა, როგორც ჩანს, უდისციპლინო ჯარისკაცების მიმართ ბოლომდე პრინციპულ პოზიციას დაიკავებს. მით უფრო, რომ კოჯრის სპეცდანიშნულების ნაწილი ყველაზე უფრო სტაჟიან ელიტურ ქვედანაყოფად ითვლება და მძიმე პირობების გამო ჯარისკაცების გაქცევის ფაქტს იქ არასოდეს ჰქონია ადგილი. საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ვინც შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ სამხედრო ნაწილში ძალიან კარგი საყოფაცხოვრებო პირობებია:

[სოზარ სუბარის ხმა] “პირობებს რაც შეეხებ, რაც იქ დავათვალიერეთ, აბსოლუტურად ნორმალური პირობებია. ახლა, მე არ ვიცი, რას ვარჯიშობენ და რას აკეთებენ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არის ძალიან კარგი.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად სამხედრო ნაწილებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, კოჯრის ინციდენტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დისციპლინა საკმაოდ მოიკოჭლებს ქართული შეიარაღებული ძალების იმ სეგმენტში, რომელიც სავალდებულო ფორმით გაწვეული ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული. ღირს გავიხსენოთ, რომ მასობრივი პროტესტის ყველა შემთხვევა ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ამ ტიპის სამხედრო ნაწილებში ხდებოდა. ამიტომ, არმიის სრული პროფესიონალიზაციის კვალობაზე, მსგავსი დანაშაულობები აღმოიფხვრება და ე.წ. “ძველბიჭობის” პრინციპი აღარ იმოქმედებს, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ძალების გეენრალური შტაბის უფროსმა გენერალმა ლევან ნიკოლეიშვილმა:

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “მიმდინარეობს მუშაობა და ეს პრობლემა, საბოლოო ჯამში, გადაიჭრება დადებითად, რაც განპირობებულია იმით, რომ სულ უფრო მეტი ნაწილი გადადის კონტრაქტზე და იქ ასეთი პრინციპი აღარ იმოქმედებს.”

თუმცა პროფესიულ რელსებზე მთელი არმიის გადაყვანა უახლოეს ხანებში არ იგეგმება. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ზრდის გასაწვევ კონტინგენტს. ამ წლის დასწყისში კი შეიარაღებული ძალების დასაკომპლექტებლად რიგგარეშე სამხედრო გაწვევის ჩატარება გახდა საჭირო.
XS
SM
MD
LG