Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესისგან განსხვავებით, რუსეთის მედიას ყურადღება არ გაუმახვილებია გასულ კვირას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართული პრესისგან განსხვავებით, რუსეთის მედიას ყურადღება არ გაუმახვილებია გასულ კვირას რუსეთის სათათბიროს ასი წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე

მომხდარ სკანდალზე, როცა რუსმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დემარში მოუწყვეს. სამაგიეროდ, რუსეთის პრესა კვლავ წერს ქართული ღვინის ირგვლივ შექმნილ სკანდალზე. ” ხოდორკოვსკი და ხვანჭკარა - რუსეთის სამართლებრივი აზროვნების თავისებურებანი” - ასეთი სათაურით აქვეყნებს ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი” ალექსეი როშჩინის სტატიას, რომელიც მინდა დღეს გაგაცნოთ.

ჟურნალისტ ალექსეი როშჩინის დაკვირვებით, ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ვითარება ძალიან წააგავს მიხეილ ხოდორკოვსკის ისტორიას - ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტის აზრით, რუსეთის საზოგადოებრივი აზრი იმდენად მსგავსია, რომ ამაზე საუბარი უთუოდ ღირს. კერძოდ:

პირველი მსგავსება: ადამიანებს ესმით, რომ როგორც ხოდორკოვსკის, ისე ხვანჭკარის შემთხვევაში საუბარია რეპრესიებზე, ანუ ფიგურანტებს იმისთვის არ სჯიან, რაშიც ოფიციალურად სდებენ ბრალს. მაგალითად, ობივატელს ხოდორკოვსკისთვის წაყენებული ბრალდებები სასაცილოდ არ ჰყოფნის, ისევე როგორც ცოტამ თუ დაიჯერა მთავარი სანეპიდექიმის განცხადებები ქართულ ღვინოში აღმოჩენილი პესტიციდების შესახებ. აი, აქ არის საძებნი მთავარი განსხვავება დასავლურ და რუსულ საზოგადოებებს შორის: თუ იქ არსებობს ეჭვი, რომ ეჭვმიტანილს ის დანაშაული არ ჩაუდენია, რაშიც ბრალს სდებენ, უპირველესი დასკვნაა, რომ უკანონო დევნა უნდა შეწყდეს. ჩვენთან სხვაგვარადაა - ჩვენთან მთავარი კონსენსუსია: უნდა დაისაჯოს. როგორ იქნება ეს გაფორმებული, უკვე ხელისუფლების საქმეა. ხოდორკოვსკის მომხრეთა ყველა მცდელობა, დაამტკიცონ მისი უდანაშაულობა, რკინის არგუმენტს ეჯახება ხოლმე: ნუთუ გჯერათ, რომ მილიარდები რამდენიმე წლის განმავლობაში პატიოსნად იშოვა? იგივე არგუმენტი მოქმედებს დღეს ხვანჭკარასთან დაკავშირებით, როცა რიგითი ადამიანი დარწმუნებულია, რომ 70 მანეთი მხოლოდ ცუდი ღვინო შეიძლება ღირდეს.

ჟურნალისტის აზრით, დღეს რუსეთის მოქალაქეებზე არ მოქმედებს არგუმენტი, როგორი წარმატებული მენეჯერი იყო ხოდორკოვსკი ან როგორი არომატი აქვს ქართულ ღვინოს - მათ ეს, უბრალოდ, არ ესმით. რაც არ გესმის - ის გაღიზიანებს კიდეც. სამაგიეროდ, რუსეთის მოქალაქეების ცნობიერებაში ბატონობს აზრი ხელისუფლების ძალმომრეობისა და სასამართლო სისტემის უნიათობის შესახებ. რუსეთის მოქალაქეები დღემდე სიამოვნებას იმით იღებენ, რომ ვიღაც, მათზე წარმატებული და უკეთესი, ხელისუფლებამ მკაცრად დასაჯა. ეს გასაკვირი არც არის: თუ დასავლური ობივატელი, რომელიც, როგორც წესი, ღირსეულად ცხოვრობს, გრძნობს, რომ კანონი ირღვევა, მას პროტესტის გრძნობა უჩნდება, რადგან იცის, რომ ხვალ მისი კეთლდღეობაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. რაც შეეხება რუსეთს, ჟურნალისტის თქმით, იქ საზოგადოებრივ აზროვნებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. მაგალითად:

ჩვენი ობივატელისთვის მნიშვნელოვანია არა წესრიგის არსებობა და დაცვა, არამედ შურისძიების აქტი. ხოდორკოვსკის და ხვანჭკარის ისტორია - ეს შურისძიების შემთხვევებია, როცა არავის აინტერესებს, რისთვის ისჯება ვინმე. მთავარია - დაისაჯოს.
XS
SM
MD
LG