Accessibility links

logo-print

ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე უფრო ძლიერია პრესის ცენზურა


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 15 წლის განმავლობაში ზოგიერთი საბჭოთა რესპუბლიკა ლიბერალური დემოკრატიის გზაზე დადგა.

ზოგი კი - სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით - დიდად ჩამორჩება ამ პროცესს. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია პრესის თავისუფლება.

სამშაბათს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის წინ, "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა", რომელსაც ნიუ იორკში უდევს ბინა, გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით: "ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე უფრო ძლიერია პრესის ცენზურა." მათ შორის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა.

"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" თანახმად, ანგარიშში ჩამოთვლილი ქვეყნები სიმართლის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებით და სხვადასხვა ხარისხით ილაშქრებენ. მაგრამ ათივეს აერთიანებს საერთო ნიშნებიც.

უმეტეს შემთხვევებში ესაა ავტოკრატების მიერ მართული სახელმწიფოები, სადაც ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს მოქალაქეთა ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ. ამ ქვეყნებში მხოლოდ სასურველ ინფორმაციას ავრცელებენ, უარყოფითს კი მალავენ.

ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე ძლიერია ცენზურა, გახლავთ: ჩრდილო კორეა, ბირმა, თურქმენეთი, ეკვატორიული გვინეა, ლიბია, ერითრეა, კუბა, უზბეკეთი, სირია და ბელორუსია.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე მძიმე ვითარებაა თურქმენეთში, სადაც ინფორმაციის სრული კონტროლი სუფევს და გზას უკეტავენ უცხო საინფორმაციო საშუალებებს.

ჩვენი რადიო ტელეფონით დაუკავშირდა "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" აღმასრულებელ დირექტორს, ენ კუპერს.

[კუპერის ხმა] "სინამდვილეში რას ფიქრობს ამის შესახებ ხალხი თურქმენეთში? ძალზე ძნელია ამის გაგება, ვინაიდან მედიას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და აზრის ნებისმიერი გამოხატვა უკიდურეს ცენზურას განიცდის თურქმენეთში. ხალხი ვერ ბედავს აზრის გამოხატვას. ისინი ვერ ბედავენ იმის თქმას, თუ რას ფიქრობენ თავიანთ ავტოკრატ ლიდერზე, ვინაიდან შედეგების ეშინიათ."

მძიმე ვითარება უზბეკეთშიც. ისლამ ქარიმოვის საბჭოთა სტილის მმართველობა, სხვათა შორის, ადგილობრივი მედიის კონტროლს და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას ემყარება. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს 2005 წლის მაისში ანდიჟანში მომხდარი არეულობის გარშემო შექმნილი ვითარების მაგალითზე. ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს სიმართლის მიჩქმალვას.

უზბეკეთში შექმნილი ვითარება უშუალოდ აისახა ქვეყანაში უცხოური საინფორმაციო საშუალებების მუშაობაზე. ჩვენი რადიო, BBC, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი იძულებული გახდნენ, დაეხურათ ტაშკენტის ბიუროები.

რაც შეეხება ბელორუსიას, მას ხშირად მოიხსენიებენ ევროპის უკანასკნელ დიქტატურად. "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" თანახმად, პრესის შეზღუდვა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც ასეთი იმიჯის არსებობას უწყობს ხელს.

ენ კუპერის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა ე.წ. "იურიდიულ და ადმინისტრაციულ ტექნიკას" იყენებს პრესის დასამორჩილებლად.

[კუპერის ხმა] "ზოგიერთი ტექნიკა, რომელთაც ლუკაშენკო იყენებს, მდგომარეობს სტამბებისთვის ამ გაზეთების ბეჭდვის ანდა ფოსტისთვის მათი გავრცელების აკრძალვაში. გაზეთები ტექნიკულად შეიძლება კვლავაც არსებობდეს, მაგრამ ისინი ვერ აღწევს მკითხველამდე. ამიტომ ეს ცენზურის ნაკლებ დრამატული ფორმაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ძალზე ეფექტიანია, ვინაიდან ხალხი საბოლოოდ მოწყვეტილია დამოუკიდებელ ინფორმაციას."

ენ კუპერის თქმით, პრესის ცენზურა ყოფილ საბჭოთა კავშირში არ შემოიფარგლება თურქმენეთით, უზბეკეთითა და ბელორუსიით. იგი, პრაქტიკულად, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს.

[კუპერის ხმა] "საუბედუროდ, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სურათი ასეთია: თავდაპირველად პრესის თავისუფლებას ერთგვარად გაეხსნა გზა. მაგრამ უკანასკნელ წლებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში პრესის თავისუფლების შეზღუდვა ხდება."

ჩვენს რადიოსთან საუბარში ენ კუპერმა განმარტა, რომ ყველაზე ძლიერი ცენზურის მქონე ათი ქვეყნის დასადგენად "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" ხელმძღვანელობს 17 კრიტერიუმით. მათ შორისაა ცუნზურა, დამოუკიდებელი მედიის არარსებობა, უცხოური რადიოგადაცემების ჩახშობა და სასტამბო საქმეში ჩარევა. ანგარიშში ჩამოთვლილი ათი ქვეყანა სულ ცოტა ცხრა ასეთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ანგარიში არ გახლავთ წლიური ანგარიშების სერიის ნაწილი, როგორებსაც სხვა ორგანიზაციები აქვეყნებენ ხოლმე. "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" ანგარიშები ყოველ წელს სხვადასხვა თემას ეხება.
XS
SM
MD
LG