Accessibility links

logo-print

რამდენად შემაფერხებელია რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების ფაქტორი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლისთვის


რუსეთის სავაჭრო ომმა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ერთხმად აალაპარაკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესაძლებლობაზე.

განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრის, ბოლოს კი, პრეზიდენტის დონეზე გაკეთდა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას დაავალა შეისწავლოს, მოაქვს თუ არა საქარველოსთვის რაიმე სარგებლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. მთავრობას რისკფაქტორების გაანალიზებაც მართებს. რამდენად იქნება დსთ-დან საქართველოს გამოსვლისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია?

რით იყო და არის გამართლებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა? თუ წარსულში ვილაპარაკებთ, პლუსი, უპირატესად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში მოქცეულ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში კი, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას უნდა მივაწეროთ. თუმცა დღეისთვის ეს თითქმის ერთადერთი დადებითი მახასიათებელიც აღარ არსებობს. წლების მანძილზე იყო მცირე მოლოდინი იმის, რომ თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა ამ გაერთიანების ლიდერთა შეკრებებზე საქართველოს პრობლემათა წამოჭრის თვალსაზრისით მაინც გაამართლებდა, მაგრამ დსთ-ს საქართველოსთვის პოლიტიკური სარგებლობა არ მოუტანია. მაშინ რა საჭიროა ამ გაერთიანებაში ნატოსკენ მიმავალი საქართველოს ყოფნა? მით უფრო მაშინ, როცა დომინანტი იქ რუსეთია და როცა თანამეგობრობის წევრობა ხაზს უსვამს ამა თუ იმ ქვეყნის რუსეთის სივრცეში ყოფნას? ეს კითხვა საქართველოში არაერთხელ წამოჭრილა. იყო დრო, როცა მასზე პასუხის გაცემისას ხელისუფლების წევრები მოითხოვდნენ აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის გათვალისწინებას, იმაზე დაფიქრებას, თუ რას მოიტანდა თანამეგობრობის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა-არყოფნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას დღეს სამშვიდობოების საკითხს ძველებურად მკვეთრად აღარ უსვამენ ხაზს, ალბათ, პარლამენტის ცნობილი დადგენილებების არსებობის გათვალისწინებით, თუმცა საკითხი მაინც დგას.
როგორც ამ დღეებში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბაქრაძემ, განაცხადა, ერთადერთი, რისი გათვალისწინებაც გვმართებს, აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაა. პარლამენტის დადგენილების თანახმად, ივნისში უნდა მოხდეს აღნიშნული ოპერაციის შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლა ( თუკი ასეთი რამ უნდა მოხდეს) სამშვიდობოებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პერიოდს არ უნდა გადასცდეს.

მაგრამ რას მოიტანს აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეფასება? თუ რამდენად რთული საქმეა პარლამენტის დადგენილების სისრულეში მოყვანა, ამაზე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის უარყოფითად შეფასების შემდეგ არსებული ვითარებაც მეტყველებს. რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ამ ზონაში ძველებურად მოქმედებენ და იქიდან წასვლას თითქოს არც აპირებენ. რატომ ხდება ასე? ამ შეკითხვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ასე უპასუხებს:

]კოტე გაბაშვილის ხმა] ”ჩვენ არ წავედით რისკის მომატებაზე, რათა არ ჩაგვეგდო ქვეყანა მილიტარისტულ კონფრონტაციაში. ვამჯობინეთ დიპლომატიური ხერხები. მთავრობა ამაზე მუშაობს, გარკვეული წინსვლა არის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე სჯობია კონფლიქტზე წასვლას და რისკ-ფაქტორების გაუთვალისწინებლობას.”

აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მდგარ რუსეთის სამშვიდობო მისიას საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა ივნისში ეწურება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შეფასება რომ უარყოფითი იქნება, ეჭვს არ იწვევს. ამ დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირება მოახდინონ სამშვიდობო ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების შელახვის კიდევ ერთ გამოვლინებაზე, რაც აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მიმავალი მგზავრებისთვის ფულის გამოძალვით გამოიხატება.
XS
SM
MD
LG