Accessibility links

logo-print

დღევანდელი ქართული პრესა საგანგებო ყურადღებას უთმობს 2 მაისს მტკვრის მარჯვენა


დღევანდელი ქართული პრესა საგანგებო ყურადღებას უთმობს 2 მაისს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებულ სპეცოპერაციას,

რომლის შედეგადაც დაიღუპა 2, ხოლო დაიჭრა 1 ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ, კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, ისინი კარგად ორგანიზებულ ყაჩაღურ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ.

”აუცილებელი მოგერიება თუ სიკვდილით დასჯის დაბრუნება?” - შეკითხვას სვამს ”რეზონანსი”. გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს, ერთ-ერთ ოფისში, მუშაობს. თვითმხილველის ნაამბობიდან: ”მანქანა ბოძს ისე ძლიერად შეეჯახა, რომ საშინელი ხმა იყო. მანქანა უძრავად იდგა. არანაირი წინააღმდეგობა მე არ დამინახავს. წამებში სპეცრაზმელები მიცვივდნენ და ”ბეემვე”-ს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მსგავსი სისასტიკე არსად მინახავს.”

”ახალი ვერსია” მკითხველს სპეცოპერაციის გაუხმაურებელ დეტალებს აცნობს და ტყუილის გამოაშკარავებას ცდილობს. ციტატა: ”კონკრეტულად რა აკავშირებდა ერთმანეთთან ”კანონიერ ქურდ” ”წრიპასა” და ალექსანდრე ხუბულოვს, შსს-ში არაფერს ამბობენ. სამართალდამცავები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მოკლული ”წრიპას” დაჯგუფების წევრი იყო. ”წრიპა” უკვე რამდენიმე წელია ციხეში იხდის სასჯელს. ის მე-7 იზოლატორშია, სადაც საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ბუზიც კი ვერ შეფრინდება. შსს-ში მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ხუბულოვი რუსთავის მე-2 კოლონიიდან სამი თვის წინ გამოვიდა. ”ახალი ვერსიის” ინფორმაციით კი, რომელიც ოფიციალური წყაროდანაა მოპოვებული, ალექსანდრე ხუბულოვმა საპატიმრო არა სამი თვის წინ, არამედ სამი წლის წინ დატოვა”. უზუსტობას”ახალი ვერსია” იმ ვარაუდის საფუძვლად მიიჩნევს, რომ ადამიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ინფორმაციის სისწორეშიც შეიტანოს ეჭვი.

იგივე გაზეთი ბეჭდავს სხვა სტატიას, სათაურით ”სიკვდილის დიდოსტატები - ლიკვიდირებული ადამიანების შემაშფოთებელი სტატისტიკა”. ავტორს რამდენიმე ფაქტი მოჰყავს და სპეცოპერაციის დაგეგმვის პრაქტიკაზეც წერს: ”სპეცოპერაციების დიდი ნაწილი, როგორც წესი, რამდენიმე დღით ადრე საგანგებოდ იგეგმება. თუკი ოპერაცია მასშტაბურია, მას ან თავად მინისტრი, ან მისი მოადგილე ხელმძღვანელობს... ოპერაციის დეტალები თავად სპეცდანიშნულების რაზმისთვის წინასწარ უცნობია. მათ ინსტრუქტაჟი მხოლოდ ოპერაციაზე გასვლის წინ უტარდებათ. თუმცა ბოლო წუთამდე ოპერაციის დეტალები გასაიდუმლოებულია”. როგორც ”ახალ ვერსიას” ყოფილმა სამართალდამცავებმა განუცხადეს, ”ადრე ყოველთვის ერიდებოდნენ ხალხმრავალ ადგილებში ოპერაციების ჩატარებას, რათა თავიდან აეცილებინათ რიგითი მოქალაქეების დაშავება.”

”სისხლისღვრა შუაგულ ქალაქში” - ეს უკვე დღევანდელ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია. ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო სანატრელ დასავლურ სინამდვილეს ბრმად და დაუფიქრებლად ბაძავს:”და, აი,ბარათაშვილის ხიდის სიახლოვეს, ჩოგბურთის კორტებთან, პირდაპირ ამერიკული პოლიციური კინოს ტრადიციების შესაბამისი სცენა გათამაშდა”. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ ბოლო დროის პოლიციური სპეცოპერაციები რაღაც საეჭვოდ ჰგავს ერთმანეთს და რომ ისინი აუცილებლად მსხვერპლით მთავრდება. ”როგორც ჩანს, სპეცდანიშნულების რაზმმა მხოლოდ სროლა იცის, დამნაშავეთა ცოცხლად შეპყრობაზე კი (მით უფრო - დანაშაულის ადგილზე) წარმოდგენაც არა აქვს,” - წერს ავტორი.
XS
SM
MD
LG